როგორ დავიცვათ ფილტვები კორონავირუსისა და პოსტკოვიდის პერიოდში - გიორგი ღოღობერიძის პრაქტიკული რჩევები
ძალიან ბევრი ადამიანი კორონავირუსის მოხდის შემდეგ ქოშინს უჩივის. როგორ შეიძლება დავიცვათ ფილტვები კოვიდინფექციის დროსა და პოსტკოვიდურ მდგომარეობაში და როგორ უნდა შევამციროთ დაზიანების ალბათობა, ექიმი გიორგი ღოღობერიძე ფეისბუკლაივში საუბრობს და პრაქტიკულ რჩევებს გვაძლევს:

- ძალიან ბევრ ადამიანში კოვიდ-19 მსუბუქი ფორმით, ყოველგვარი პრობლემის გარეშე წარიმართება და სანერვიულო არაფერია. ფილტვების ფუნქცია მაქსიმუმ 2 კვირაში აღდგება. ზოგს საშუალო ან მძიმე ფორმით აქვს ეს დაავადება. ამ შემთხვევაში ფილტვების ფუნქცია 3-6 კვირაში აღდგება. მაგრამ, როგორ დავაჩქაროთ და გამოვიდეთ მდგომარეობიდან უფრო სწრაფად? თუ ადამიანს კოვიდინფექცია მსუბუქი ფორმით
აქვს მოხდილი, მაშინ ეს რაღაცები არ დასჭირდება. მაგრამ, თუ კოვიდი საშუალო, მძიმე ან კრიტიკული ფორმით დაგემართათ, გამოხვედით მდგომარეობიდან და გაინტერესებთ, როგორ მიხედოთ სიტუაციას, მაშინ მომისმინეთ.
კორონავირუსის დროს ერთ-ერთი გართულება მძიმე პაციენტებში ARDS ანუ მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი შეიძლება იყოს. ჩვენი ფილტვები ალვეოლებისგანაა აგებული, ალვეოლების ფუნქცია კი არის ის, რომ ჰაერს როცა ჩაისუნთქავ, ჟანგბადი სისხლძარღვებში გადაისროლოს. მაგრამ, როცა მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი ვითარდება, ამ შემთხვევაში ჩვენი იმუნური სისტემა ძალიან მწვავედ რეაგირებს ვირუსზე და იმუნური სისტემის მიერ დაწყებული ანთების შედეგად ალვეოლებში ძალიან ბევრი სითხე გროვდება. სწორედ ეს არის მწვავე რესპირატორული დისტრეს სინდრომი. წყალი რომ დაგუბდება, ჟანგბადი ხომ ისე მარტივად ვეღარ მიაღწევს სისხლძარღვებამდე, ადამიანს ექნება ქოშინი, სუნთქვის უკმარისობის
შეგრძნება. ზოგიერთ მათგანში ფილტვების ანთება ვითარდება და შეიძლება მაგის გამო ჰქონდეთ სუნთქვის უკმარისობა. თუ ფილტვების ანთებაა, ალვეოლებში სითხე კი არა, ძალიან ბევრი ანთებითი უჯრედი იქნება. ბევრ ადამიანში ის სითხე, რაც ალვეოლებში ჩალაგდა, უკან ალაგდება თავისით, რამდენიმე კვირაში, რომც არ ჩაერიოთ, მაინც. მაგრამ, ზოგჯერ არ ლაგდება. შეიძლება სხვა რაღაც ჩალაგდეს და ეს სხვა რაღაც შემაერთებელი ქსოვილი იყოს. სწორედ მას ჰქვია ფილტვის ფიბროზი. ეს ძალიან მცირე ნაწილს უვითარდება.

უნდა ვეცადოთ, რომ მდგომარეობა აქამდე არ მივიყვანოთ იმიტომ, რომ თუ ფილტვების ფიბროზი განვითარდება, მისი მკურნალობა თითქმის შეუძლებელია, რადგან ფილტვები უკვე პერმანენტულად ზიანდება. მისგან გამოყვანა თითქმის შეუძლებელი ხდება. აღმოჩნდა, რომ არსებობს მედიკამენტები, რომელთა ხარჯზეც ფილტვების ფიბროზის შემცირება შეიძლება. ასეთი შეიძება იყოს ზოგიერთო კორტიკოსტეროიდი, პირფენიდონი, რომელიც კოლაგენის სინთეზს აქვეითებს და ასევე ნინტედანიბი. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ფილტვების ფიბროზამდე არ მივიდეთ. გამოსავალი კი არის ის, რომ რაც შეიძლება ჯანსაღი სხეული გქონდეთ კოვიდის დაწყებამდე, დაწყების დროს და პოსტკოვიდურ მდგომარეობაშიც.


მცირე ჯგუფზე ჩატარებული კვლევის შედეგებს გიზიარებთ და იქიდან გამომდინარე ვმსჯელობთ, რა შეიძლება გამოგვადგეს პოსტკოვიდურ მდგომარეობაში. ეს რანდომიზებული კვლევის შედეგები არ არის. ერთ-ერთი საშუალება E ვიტამინია. E ვიტამინი ძალიან ძლიერი ანტიოქსიდანტია. როდესაც იმუნური სისტემა ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლას დაიწყებს, თავადვე გამოყოფს ძალიან ბევრ რადიკალს. ამ რადიკალების გამო "იბომბება" მემბრანები და სითხე ლაგდება, ვითარდება დისტრეს სინდრომი. სწორედ ამას უშლის ხელს E ვიტამინი. რა თქმა უნდა, E ვიტამინი არ არის უნივერსალური ანტიფიბროზული საშუალება, მაგრამ ის ჟანგბადის რადიკალების დაგროვებას შეამცირებს ისე, რომ ადამიანს ფილტვები არ დაუზიანდეს. ნულზე არ დაიყვანს, მაგრამ შეამცირებს. თუ E ვიტამინის მიღებას დაიწყებთ, ჩემი რჩევა იქნება, პირველ რიგში, აუცილებლად დაეკონტაქტეთ ექიმს. ზოგადად, ვიტამინების მიღებას ექიმების დიდი ჩარევა არ სჭირდება, მაგრამ, ამ შემთხვევაში, გირჩევთ იმიტომ, რომ E ვიტამინის არასწორად მიღება შეიძლება მოგვიანებით პრობლემა გახდეს.
თუ შეიძენთ E ვიტამინს, შეეცადეთ იყიდოთ ისეთი, რომელიც ტოკოტრიენოლს შეიცავს. თუ 200 მილიგრამიანია, დღეში 2-ჯერ, თუ 400 მილიგრამიანია, დღეში ერთხელ. 800 მილიგრამზე მეტი არ მიიღოთ იმიტომ, რომ შეიძლება მავნე ზემოქმედება ჰქონდეს. არ შეიძლება E ვიტამინის მიღება ასპირინთან ერთად. ასევე, ვარფარინთან და ტამოქსიფენთან ერთად. თუ ვიტამინის მიღება არ გინდათ, უფრო კარგ რჩევას მოგცემთ. ბევრი პროდუქტი შეიცავს ამ ვიტამინს. ყველაზე ხელმისაწვდომია ნუში. მასში 100 ერთეულზე 25 მილიგრამია. მარგარინშიც გვხვდება 15 ერთეული. პოპკორნიც შეიცავს, ავოკადოც. თევზსა და კვერცხში ძალიან ცოტაა. კიდევ ერთი საშუალება D ვიტამინია. D ვიტამინი იმუნორეგულატორია. ძალიან ბევრს აშინებენ, რომ ის ტოქსიკურია. D ვიტამინი ტოქსიკური მხოლოდ იმ შემთხვევაშია, თუ არასწორი დოზით მიიღებთ. არ მიიღოთ 4000 საერთაშორისო ერთეულზე მეტი დღე-ღამეში. D ვიტამინის 1000 ერთეულის მიღება 1-2 თვის განმავლობაში, არაფერს გავნებთ, თუ ბუნებრივად არ გაქვთ კალციუმის მაღალი შემცველობა რაღაც სხვა დაავადების გამო. ისე D ვიტამინი უსაფრთხოა. მხოლოდ მაღალი დოზა შეიძლება იყოს მავნე. კიდევ ერთი საშუალება, რომელიც შეიძლება ფილტვების დაზიანებას ამცირებდეს, თუთიაა. 200 მილიგრამი, დღე-ღამეში. ზოგადად, თუთიის მიღების რეკომენდებული დოზა 9-დან 11 მილოგრამამდეა, მაგრამ თუ ფილტვების ანთება დაიწყება, ამ შემთხვევაში შეიძლება 200 მილიგრამზე ავიდეთ 2 კვირის განმავლობაში. მერე ისევ ჩამოვიდეთ 9-11 ერთეულზე.
მეოთხე რჩევა შიმშილია. შიმშილიც ასევე ძალიან დიდ როლს თამაშობს ფილტვების ფიბროზის წინააღმდეგ. როცა ჩვენს ორგანიზმს შია, ის შეეცდება, რომ სადმე გლუკოზის წყარო იპოვნოს. როცა შიმშილი დაიწყება, ჩვენი ორგანიზმი შეეცდება, რომ თუ სადმე ზედმეტი ცილაა ჩალაგებული, ის ცილები უკან ამოალაგოს და დაშალოს. ამიტომ, თუ ადამიანი შიმშილობს, ზედმეტი ცილები ჩვენს სხეულს სცილდება. შიმშილი ყოველ ორ კვირაში, 48-70 საათიან შიმშილზეა საუბარი, შეიძლება ძალიან კარგი და ეფექტური საშუალება იყოს, რომ სხეული კარგ ფორმაში ჩადგეს. როდესაც გაქვთ კორონავირუსი ან პოსტკოვიდურ მდგომარეობაში ხართ და ფილტვები შეგაწუხებთ, ცხვირით ჩაისუნთქეთ 5 წამის განმავლობაში და ბოლომდე გაბერეთ გულ-მკერდის ღრუ, მერე პირით ამოისუნთქეთ, ოღონდ პირი ბოლომდე არ გააღოთ და ისევ 5 წამის განმავლობაში ამოისუნთქეთ. ეს ხუთჯრ გააკეთეთ. რაც უფრო მეტს გააკეთებთ, უფრო მალე გამოხვალთ ფილტვების დაზიანებიდან. რაც შეიძლება ბევრი ირბინეთ. რაც უფრო მეტს ირბენთ, უფრო მეტი იქნება ფილტვებში ჟანგბადის შემცველობა და უფრო მიეხმარებით, რომ ამ მდგომარეობიდან მალე გამოვიდეს. დაიმახსოვრეთ სუნთქვის ტიპი, ფიზიკური აქტიურობა, ხანდახან ცოტა შიმშილიც და საკმარისია. ზოგადად, მე ძალიან წინააღმდეგი ვარ მედიკამენტების გამოყენების, მაგრამ ახლა ის, რაც ჩამოვთვალე, უსაფრთხო საშუალებებია. თუმცა, მაინც შეათანხმეთ ექიმთან.

2213
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი