ადამიანები ხშირად რეაგირებენ არსებულ პრობლემებსა თუ გამოწვევებზე. ზოგჯერ შფოთვა იმდენად ძლიერია, რომ ვერც ვერაფერზე გადააქვთ ყურადღება. პანდემიის პირობებში ეს პრობლემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა. როგორ უნდა მოვიქცეთ შფოთვის დროს, თემაზე მედიცინის ფსიქოლოგი, ხელოვნების თერაპევტი მარი ქუთათელაძე გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:
- "აქ და ამჟამად" პრინციპი ძალიან მნიშვნელოვანია. დაკვირვება იმაზე, თუ რამ გამოიწვია ეს შფოთი ჩემში. დავსვათ საკუთარ თავთან კითხვა, რა გვაწუხებს.ზოგჯერ არის სიტუაცია, როდესაც ადამიანი ყურადღების გადატანას სხვა რამეზე ვერ ახერხებს. კი, ძალიან კარგია, რომ ამ დროს მუსიკის მოსმენაზე მიწევენ რეკომენდაციას, მაგრამ ვერ ვუსმენ, გულს ვერ ვუდებ, არ შემიძლია ყურადღების გადატანა. ერთ-ერთი, რაც შეიძლება გავაკეთოთ, "აქ და ამჟამად" პრინციპია. ძალიან მარტივი მოქმედებაა, ვზივარ სკამზე, აღვიქვამ, როგორი ტემპერტურაა, მაქვს შეგრძნებები, რომლებიც რეალისტურია. მაწუხებს რამე? ვაკვირდები ჩემი სუნთქვის სიხშირეს, პულსს. ვაფასებ საკუთარ მდგომარეობას. თუ მე აღვიქვამ, რომ ჩემს სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, რაღაცნაირად შეიძლება მერე ყურადღება იმ სასიამოვნო მუსიკის მოსმენაზეც გადავიტანო. შფოთვის დროს გულის აჩქარება, აღელვებაა გამოხატული და დიფერენცირება უნდა მოხდეს ხოლმე, ეს არის დაავადებით გამოწვეული თუ უბრალოდ ჩემი ემოციური მდგომარეობაა. უნდა განვასხვავოთ, რომ "აქ და ამჟამად" პრინციპით საკუთარ თავსა და ემოციებზე დაკვირვება შევძლოთ. მერე ჩვენი თავი თავად მოგვცემს გამოსავალს.