ვირუსულ ინფექციას სხვადასხვა გართულება ახლავს თან და მდგომარეობა კონკრეტულ შემთხვევაში ექიმმა უნდა შეაფასოს, განსაზღვროს მკურნალობის კურსი და შესაბამისი პრეპარატები. სწორედ ამ თემაზე ექიმი პედიატრი, მედიცინის დოქტორი, ასოცირებული პროფესორი თემურ მიქელაძე გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს:
- გრიპის ვირუსი, როგორც მოგეხსენებათ, ძირითადად რესპირაციული პათოგენია. არის როგორც ზემო რესპირაციული სისტემის, ასევე ქვემო. შესაბამისად, გამოხატულია პნევმონია, ბრონქიტი. განსაკუთრებით ადრეული ასაკის ბავშვებში რესპირატორულ-სინციტიალური ვირუსია გამომწვევი, მაგრამ გრიპმაც შეიძლება კონკრეტულ შემთხვევაში ბრონქიოლოტი გამოიწვიოს. ეს არის ძირითადად 2 წლამდე ასაკის ბავშვთა დაავადება. შემდეგ არის პნევმონია, როგორც ვირუსული, ასევე ბაქტერიული. მისი დიაგნოსტირება არც ისე მარტივია. თუმცა, არის რეკომენდაცია, რომ ვირუსულ პნევმონიასაც ვუმკურნალოთ ისე, როგორც ბაქტერიულს. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოვიყენოთ ანტიბიოტიკები. ანთების ერთ-ერთი მარკერია C- რეაქტიული ცილა. ბაქტერიული პნევმონიის დროს თუ დღეები გახანგრძლივებულია, ამ შემთხვევაში შეიძლება ხანმოკლე კურსი გამოვიყენოთ, თუ ბაქტერიული ინფექციის თანდართვა არ მოხდა. ზემო სასუნთქი გზებიდან აღსანიშნავია ფარინგიტი, რინოსინუსიტი, ჰაიმორიტი, ფრონტიტი, ეთმოიდიტი, ოტიტი. სწორედ ამ კონკრეტულ შემთხვევებში ანტიბაქტერიულ საშუალებებს ვიყენებთ. მდგომარეობა ექიმის მიერ ფასდება და ანტიბიოტიკების შემთხვევაშიც ის წყვეტს, რომელი პრეპარატი უნდა გამოვიყენოთ.