ბავშვებში ხშირია სიმაღლეში ჩამორჩენის პრობლემა. ზოგიერთი კი, ასაკთან შედარებით, გაცილებით მაღალია. ყველაზე ხშირად რა უშლის ხელს ბავშვს სიმაღლეში ზრდაში, რამდენად მნიშვნელოვანია გენეტიკური ფაქტორი და რა დარღვევები თუ დაავადებები იწვევს პრობლემას, თემაზე ბავშვთა ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ეკატერინე კვარაცხელია გვესაუბრება:
- სიმაღლეში ზრდაზე გავლენას ახდენს დაბადების წონა და სიგრძე, დაავადებებს შორის ხშირია კვების დარღვევები, კერძოდ არასრულფასოვანი კვების შედეგად განვითარებული ჩამორჩენა, ადრეულ ბავშვთა ასაკში, ნაწლავთა დარღვევები, მოგვიანებით ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, კერძოდ, ფუნქციის უკმარისობა ხდება ხოლმე მიზეზი. კიდევ უფრო მოგვიანებით, სქესობრივი მომწიფების დაგვიანება-შეფერხება, რაც განსაკუთრებით ხშირია ვაჟებში.
- როდის უნდა ჩაერიოს მშობელი და მიიყვანოს ბავშვი სპეციალისტთან ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე?
- ბავშვი მუდმიდად უნდა იყოს პედიატრის მეთვალყურეობის ქვეშ, სწორედ პედიატრი და მშობლები ერთად აკვირდებიან მის განვითარებას. განვითარების ხაზიდან, არხიდან გადაცდენის შემთხვევაში და სხვა მიზეზების არარსებობის შემთხვევაში, ბავშვთა ენდოკრინოლოგი ერთვება.
- ხშირია, რომ პირიქით, ძალიან სწრაფად იზრდება ბავშვი - ამას რა იწვევს და რა საფრთხეები ახლავს თან?
- სწრაფად მზარდ ბავშვსაც ახლავს თავისი საფრთხეები, აუცილებლად არის გასათვალისწინებელი თანმხლები და გამომწვევი მიზეზები, სქესობრივი მომწიფება, ნევროლოგიური ასპექტები და ა.შ.
- რამდენად ამართლებს ფორმულები, რომლებსაც იყენებენ ხოლმე და ადგენენ მიახლოებით სიმაღლეს?
- არსებობს სამიზნე სიმაღლის გამოსათვლელი ფორმულა, რომელიც ითვალისწინებს ბიოლოგიური მშობლების შვილისთვის სიმაღლის დასაშვებ საზღვრებს.
დედისა და მამის სიმაღლის ჯამი, გაყოფილი შუაზე. ვაჟების შემთხვევაში ემატება 6,5 სანტიმეტრი, ხოლო გოგონების შემთხვევაში აკლდება 6,5 სანტიმეტრი. ეს არის საშუალო მაჩვენებელი, თუმცა სტანდარტული გადახრაც აქვს, დაახლოებით, 8-9 სანტიმეტრის ფარგლებში.
- სიმაღლეში ზრდის ხელშესაწყობად რა აქტივობას, კვებას ურჩევთ ხოლმე ბავშვებს?
- დაბალანსებული და ადექვატური კალორაჟით კვება, ყოველდღიური ფიზიკური აქტივობა.
- სიმაღლეში ზრდისთვის რამდენიმე დასახელების ვიტამინია სააფთიაქო ქსელში. რამდენად ეფექტურია ისინი და საერთოდ, არსებობს რეალურად სიმაღლეში ზრდის ხელშემწყობი მედიკამენტები?
- არსებობს სიმაღლეში ჩამორჩენის კონკრეტული მიზეზები, რომელთა გამოსწორება ხდება იმ ფაქტორების შევსებით და/ან მოცილებით.
- არსებობს სპორტის სახეობები, რომლებიც ზრდას ხელს უშლიას? მაგალითად, ამბობენ, რომ ქართული ცეკვა პატარა ასაკში, განსაკუთრებით მუხლებზე დახტომა, არაა სასურველი.
- თუკი მუხლებზე ხტომის დროს ხდება გრძელი ლულოვანი ძვლების სასახსრე ზედაპირების დაზიანება და ტრავმატიზაცია, სადაც ძველის ზრდის ზონებია განლაგებული, თეორიულად ასეთი საფრთხე შესაძლოა არსებობდეს, თუმცა ამ კითხვაზე პასუხის გაცემა უფრო კომპეტენტურად ორთოპედ-ტრავმატოლოგებს უნდა ვთხოვოთ.
- გავრცელებული შეხედულებით, სტრესი, შიში, ხშირი ავადობა ვირუსებით, ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება სიმაღლეში ზრდას აფერხებს. ეს რამდენად მართალია?
- არანაირი დასაბუთებული კავშირი ანტიბიოტიკოთერაპიასა და სიმაღლეში ზრდის შეფერხებას შორის არ არის, თუმცა ყველა სახის სტრესი, არაადექვატური მკურნალობა, დეკომპენსირებული მდგომარეობები აუარესებს ადამიანის ჯანმრთელობას, სიმაღლეში ზრდა კი ჯანმრთელობის ამსახველი ერთერთი პარამეტრია.
- ჭარბი ან ნაკლები წონა ხელს უშლის სიმაღლეში ზრდას?
- სხეულის მასას გავლენა აქვს სიმაღლეში ზრდაზე. სხეულის მასის სიმცირე იწვევს ჩამორჩენას, სიჭარბე მეორად გიგატიზმს, თუმცა ეს დროებითი ფენომენია და შესაძლოა საბოლოოო სიმაღლე თანატოლებისგან განსხვავებული არ იყოს.
- სიმაღლეში ზრდის ხელშემწყობ მიზეზად ხშირად ჰაერის გამოცვლას ასახელებენ. ეს რამდენად მოქმედებს პროცესზე რეალურად?
- ჰაერის ცვლაც ჯანმრთელობისთვის აუცილებელი გამაჯანსაღებელი ფაქტორია, ასე, რომ პირდაპირ არა, მაგრამ გარკვეული ხელშემწყობი ფაქტორად შეიძლება განვიხილოთ, რადგან ბავშვები უკეთეს ჰაერზე უკეთ იკვებებიან, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის გაჯანსაღება ხდება, რასაც სიმაღლეში ზრდისთვის ცუდი გავლენა ვერ ექნება.
თამარ იაკობაშვილი