სტომატიტი საკმაოდ შემაწუხებელი დაავადებაა და განსაკუთრებით რთულია ბავშვებისთვის. პირის ლორწოვან გარსზე გაჩენილი მოყვითალო ფერის გამონაყარი აფთოზური წყლული იგივე აფთოზური სტომატიტია. ეს პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაზიანებაა. რატომ ჩნდება და როგორ გავუმკლავდეთ მას, თემაზე დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია გვესაუბრება:
- აფთოზური წყლული იგივე აფთოზური სტომატიტია, რომელიც, სტატისტიკურად, პოპულაციის დაახლოებით 25%-ში გვხვდება და პირის ღრუს ლორწოვანს აზიანებს. სამწუხაროდ, დღეისათვის მედიცინამ მისი ზუსტი გამომწვევი მექანიზმი არ იცის. მოიაზრება, რომ აფთოზური სტომატიტი უჯრედოვანი იმუნური სისტემით განპირობებული რეაქციაა.
- რა ახასიათებს აფთოზურ წყლულს?
- პირის ღრუს ლორწოვანის დაზიანება, რომელსაც თან ერთვის გარკვეული სიმპტომები, როგორებიცაა ტკივილის შეგრძნება, წვა საკვების ან სასმელის მიღებისას. რა თქმა უნდა, დისკომფორტი. შესაძლებელია იშვიათად თან ახლდეს ადგილობრივად გამოხატული შეშუპება.
- რა ხდება ხოლმე ძირითადად აფთოზური წყლულის გაჩენის მიზეზი?
- როდესაც პაციენტს აფთოზური სტომატიტის მორეციდივე ფორმა აქვს, რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში სხვადასხვა მიზეზი უნდა გამოვრიცხოთ. დადგენილია, რომ გარკვეულმა მიკროელემენტების დეფიციტმა შესაძლებელია მორეციდივე აფთოზური წყლული გამოიწვიოს. კერძოდ, რკინის ნაკლებობა, B12 ვიტამინის, ფოლიუმის დეფიციტი იგულისხმება. მაგრამ, ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მორეციდივე ან სხვა ტიპის აფთოზური სტომატიტის დროს ჩვენ ბრმად, გამოკვლევისა და ექიმის რეკომენდაციის გარეშე, უნდა მივიროთ რკინა, B12 ვიტამინი ან ფოლიუმის მჟავა. ლაბორატორიული კვლევის ჩატარებაა აუცილებელი, რომ მიზეზები გამოვრიცხოთ. შესაბამისად, რუტინულად რომ დავნიშნოთ ვიტამინებით მკურნალობა, გაუმართლებელია. პირველ რიგში, პაციენტი უნდა დავარწმუნოთ, რომ აფთოზური სტომატიტი საშიში არ არის. დისკომფორტს ქმნის, შესაბამისად, მკურნალობა, სიმპტომურია. უნდა აღინიშნოს, რომ შესაძლებელია გარკვეული გარეგანი გამაღიზიანებელი ფაქტორებითაც იყოს პრობლემა გამოწვეული. მყავდა პაციენტი, სერბი ახალგაზრდა ქალი, რომელსაც პირის ღრუს ლორწოვანის ეროზიული დაზიანება აწუხებდა. პრობლემა ძალიან მარტივი რჩევით მოგვარდა. რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, კბილის პასტით იყო გამოწვეული, რომელშიც ნატრიუმის ლაურილ სულფატი შედიოდა. ეს ერთ-ერთი ხშირი გამაღიზიანებელი ნივთიერებაა, რომელიც არა მარტო კბილის პასტაში, არამედ კოსმეტიკურ და თავის მოვლის საშუალებებშიც გვხვდება. ამიტომ, ძალიან მნიშნელოვანია დეტალური ანამნეზის შეკრება და ამის მიხედვით გამომწვევი მიზეზის დადგენა, რომ მკურნალობაც შესაბამისი იყოს.
- ქრონიკული ტიპის აფთოზური წყლული საბოლოოდ იკურნება?
- ქრონიკული ტიპის აფთოზური სტომატიტის განკურნება რთულია. ხშირად მიზეზის დადგენა დიდ დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამიტომაა ხოლმე აუცილებელი, რომ დეტალური ლაბორატორიული კვლევა ჩავატაროთ. თუ რომელიმე მიკროელემენტის ნაკლებობაა, დაიწყოთ შესაბამისი მკურნალობა. ასევე, აუცილებელია დიაგნოზის დიფერენცირება, რადგან პირის ღრუში მსგავსი ტიპის დაზიანებას შესაძლოა ვირუსული ინფექციები, კანისა და ლორწოვანის გარსის დაავადებები და სხვა იწვევდეს.
- რომელ ასაკობრივ კატეგორიაშია უფრო მეტად გავრცელებული?
- აფთოზური სტომატიტი შეიძლება შეგვხვდეს როგორც ბავშვებში, ასევე ზრდასრულ ადამიანებში. დაახლოებით იდენტური სტატისტიკური მონაცემებითაა ბავშვებშიც და უფროსებშიც. შესაბამისად, შეიძლება ყველა ასაკობრივ ჯგუფში შეგვხვდეს.
- რა საშუალებებით შეიძლება ვუმკურნალოთ აფთოზურ სტომატიტს?
- როგორც გითხარით, მკურნალობა სიმპტომურია. ერთ-ერთ ყველაზე ხშირად გამოყენებად საშუალებებად ითვლება ადგილობრივი სტეროიდები, ჰორმონები, მალამოებისა და გელების სახით. უშუალოდ აფთოზურ სტომატიტზე მაღალი სიძლიერის მალამოს ან გელის დატანება უნდა მოხდეს ყოველ 6 საათში ერთხელ, რომელსაც ეფექტური შედეგი აქვს. შესაძლებელია პაციენტებს ვურჩიოთ, რომ ანტიმიკრობული პირში გამოსავლები საშუალებები ან სპრეი გამოიყენონ, რომელთა შემადგენლობაში ქლორჰექსიდინია. მას ანტიმიკრობული და ანტისეპტიკური მოქმედება გააჩნია. აფთიაქებში სხვადასხვა დასახელებებითაა ხელმისაწვდომი. თუმცა, როგორც გითხარით, ყველაზე ეფექტური უშუალოდ აფთოზური წყლულისთვის შექმნილი ჰორმონალური მალამოს ან გელის დატაანა, ყოველ 6 საათში ერთხელ. სწრაფად მოქმედებს და შესაძლებელია რამდენიმე დღეში სრულად გააქროს პრობლემა. ადგილობრივი სტეროიდული ჰორმონალური პრეპარატების თვითნებურად გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება. აუცილებელია ექიმთან ვიზიტი და შესაბამისი დანიშნულების მიღება. თვითმკურნალობა არასდროსაა მიზანშეწონილი.
- როგორ უნდა მოიქცნენ იმ ბავშვების მშობლები, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ, რა ტიპის საკვები უნდა ამოიღონ რაციონიდან ან პირიქით?
- პირველ რიგში, კოფეინის შემცველი სასმელი უნდა გამოირიცხოს. ასეთია ჩაი, ყავა, კოლები. პაციენტმა არ უნდა მიიღოს მწარე, ცხარე კერძები. ასევე, სხვადასხვა საწებლები, ტყემალი, მჟავე პროდუქტები, პომიდორი. აუცილებლად უნდა დავაკვირდეთ კბილის პასტას. დეტალურად წავიკითხოთ ინგრედიენტები. ის არ უნდა შეიცავდეს ფტორსა და ნატრიუმის ლაურილ სულფატს. მას შემდეგ რაც პრობლემა მოგვარდება, შესაძლებელია აღნიშნული საკვების მიღებაც. თუმცა, თუ მორეციდივე ხასიათისაა, ამ შემთხვევაში პაციენტს უწევს, მუდმივად შეზღუდოს გარკვეული საკვები.
თამარ იაკობაშვილი