პედიატრი ნინო ჩხეიძე მშობლებს საინტერესო რჩევებს, აძლევს. მისი თქმით, მშობოებს ყველაზე მეტად ბავშვის იმუნიტეტი აღელვებთ.
- ბოლო დროს ყველაზე ხშირად, რა ჩივილებით მოჰყავთ ბავშვები?
- ცივი სეზონის დადგომასთან ერთად იზრდება ექიმთან მიმართვიანობა. ცივი და წვიმიანი დღეების მოახლოებასთან ერთად, მშობლებს უჩნდებათ საზრუნავი და რიტორიკულ კითხვას სვამენ: "როგორ ავამაღლოთ იმუნიტეტი, რომ არ გაცივდეს?" ყოველ ჯერზე გვიწევს მშობლების დარწმუნება იმაში, რომ ბავშვების ავადობა სწორედ რომ იმუნიტეტის გასაწვრთნელადაა საჭირო. სამწუხაროდ, მშობლები ფიქრობენ, რომ პატარებს ჩათბუნვა გადაარჩენს ხშირი ავადობისგან. ჩვენ ირგვლივ ბევრია ისეთი პატარა, რომელთა ცხოვრების განუყოფელი ნაწილია თბილი ქუდი და წინდები. სწორედ მათთვისაა ცივი და წვიმიანი დღეების მოახლოება საფრთხილო, რადგან ბავშვები ავადობენ არა იმიტომ, რომ სცივათ, არამედ იმიტომ, რომ ოფლიანდებიან. განსაკუთრებით ავადობენ ჩვენი პატარები სეზონური გრიპით. ამ მხრივ განსაკუთრებით აქტუალურია გრიპის ვაქცინაცია. ის ერთ-ერთი უსაფრთხო ვაქცინაა მსოფლიოში. არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანმრთელი და სრულფასოვანი კვება. ამ მხრივ საქართველო მდიდარია ხილისა და ბოსტნეულის სხვადასხვა ჯიშით.
ასევე, ბოლო წლებში განსაკუთრებით მომრავლდა ე.წ. მსუქანა ბავშვები. პრობლემა პატარებისა და შაქრის ნაადრევი "მეგობრობით" იწყება. მართალია, შაქარი პატარების ენერგიის წყაროა, თუმცა მისი ადრეული და გადაჭარბებული მიღება იწვევს მადის გაუკუღმართებას და ვითარდება ჭარბი წონა, იზრდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი. ამიტომ ვურჩევ ჩვენს დედებს, ნუ მიაჩვევენ მცირე ასაკიდან ტკბილეულს, ნახევარფაბრიკატებს, სწრაფ კვებას. ადრეული ასაკიდან მიაჩვიონ ჯანსაღ და სპორტულ ცხოვრებას, ჩააბან სხვადასხვა აქტივობაში.
- რა არის ის მითითება, რასაც როგორც ექიმი, ყველა ახალბედა დედას აძლევთ?
- ჩნდება პატარა და სასიამოვნო აურზაური იწყება ოჯახში. ასევე ჩნდება ბევრი კითხვა და ამ კითხვებზე პასუხისთვის მზად უნდა იყოს პედიატრი. მოთმინებითა და რუდუნებით უნდა აუხსნას მან ბევრი საჭირო და უცნაური საკითხი. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ახალბედა დედას ჩვილის მოვლის წესების ათვისებასთან ერთად, მეუღლის, ოჯახის წევრების თანადგომაც არანაკლებ ესაჭიროება. ეს უცნაური ფუსფუსი დედისთვის გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. ჩვილიც და დედაც ერთნაირად მოითხოვს ზრუნვას. ქალს პატარის მსგავსად ესაჭიროება დღის სწორი რეჟიმის ჩამოყალიბება და ამაში იგულისხმება სწორი, ჯანსაღი კვება, დასვენება, ძილი, სუფთა ჰაერზე სეირნობა.
როგორ მოვუაროთ, როგორ დავბანოთ, როგორ ვაჭამოთ ახალშობილს? - აი, ყველაზე ხშირად ამ კითხვებზე გვიწევს პასუხის გაცემა. ჩვილის ნორმალური ზრდა-განვითარებისთვის აუცილებელია პირველივე დღიდან დავიცვათ გარკვეული წესები და შევუქმნათ საკუთარი მიკროკლიმატი.
განაგრძეთ კითხვა