დახურული საქალწულე აპკი და სარძევე ჯირკვლების გადიდება - რა გინეკოლოგიური პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს ჩვილ ბავშვთა ასაკში - მშობლები

დახურული საქალწულე აპკი და სარძევე ჯირკვლების გადიდება - რა გინეკოლოგიური პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს ჩვილ ბავშვთა ასაკში

2021-02-22 16:30:46+04:00

დახურული საქალწულე აპკი და სარძევე ჯირკვლების გადიდება - რა გინეკოლოგიური პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს ჩვილ ბავშვთა ასაკში როგორი უნდა იყოს ჩვილ გოგონათა ჰიგიენა? როგორ უნდა დაიცვან მშობლებმა პატარები სხვადასხვა გინეკოლოგიური პრობლემისგან? - ამ საკითხებზე პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა გინეკოლოგი ეთერ მარგალიტაძე გვესაუბრება

- როგორი უნდა იყოს ჩვილ გოგონათა ჰიგიენა?

- სწორი ჰიგიენა ბავშვების ჯანსაღი ფიზიოლოგიური განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროცესია. აუცილებელია მშობელმა მიაქციოს ყურადღება შემდეგს:

პატარა გოგონებს ხშირად დაუთვალიერონ სასქესო ორგანოები, რათა რაიმე საყურადღებო სიმპტომი არ გამოეპაროთ; ჩვილს დროულად გამოუცვალონ საფენი; აუცილებელია პატარა გულმოდგინედ ჩაბანოთ თბილი წყლით; ფაქიზად, საგულდაგულოდ გამშრალების შემდეგ გარეთა სასორცხო ბაგეების და შორისის მიდამო კრემით ან საბავშვო ზეთით დაამუშაოთ; სიწითლის შემჩნევისთანავე ბავშვს შორისის მიდამოში წაუსვან თუთიის შემცველი მალამო.

გინეკოლოგიური პრობლემებისგან ჩვილების დასაცავად უმნიშვნელოვანესია სწორი ჰიგიენის დაცვა, თუ არ არსებობს რაიმე თანდაყოლილი პათოლოგია, რომელიც დამატებით დიაგნოსტირებას და შემდგომ შესაბამის მკურნალობას საჭიროებს. გოგონების მშობლებმა ჩვილობის ასაკიდან უნდა ჩაბანონ ჩვილი ნაწლავთა ყოველი მოქმედების შემდეგ. ასევე მნიშვნელოვანია ჰიგიენური აბაზანის პროცედურის ჩატარება. აპრობირებული პრაქტიკა მხოლოდ სველი ხელსახოცის გამოყენების არ არის რეკომენდებული, რადგან განავლის ნაწილაკები მაინც რჩება კანზე და შეიძლება კანის გაღიზიანება/გამოყელვა გამოიწვიოს. გოგონების ჩაბანა აუცილებელია წინიდან უკანა მიმართულებით, შარდ-სასქესო ორგანოები განავლით რომ არ დაისვაროს და შემცირდეს ინფიცირების რისკი. ჰიგიენური აბაზანა – ჩვილს უტარდება ყოველდღე. აბაზანის ხანგრძლივობაა 5-10 წუთი. წყლის ტემპერატურა – 36,5-37°C (ახალშობილებში 37-37,5°C), აუცილებლად წყლის თერმომეტრით უნდა გაკონტროლდეს. საპნის გამოყენება საკმარისია კვირაში 2-ჯერ, დასაბანად გამოიყენება რბილი ღრუბელი ან ნაჭერი. ბანაობის დროს აუცილებელია ბავშვის თავისა და კისრის დაჭერა. დასაშვებია როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური აბაზანა. დაბანის შემდეგ ჩვილი მაშინვე კარგად უნდა გაამშრალონ რბილი პირსახოცით, დაახურონ ქუდი.

mshoblebi

- რა გინეკოლოგიური პრობლემები შეიძლება შეგვხვდეს ჩვილ ბავშვთა ასაკში?

- აუცილებელია ახალშობილი გოგონას გენიტალიების სწორი შეფასება, იმისთვის, რომ მივხვდეთ რა არის ნორმა და რა არის პათოლოგიური მდგომარეობა. მნიშვნელობა აქვს, ახალშობილი დაიბადა დროული თუ დღენაკლი. დროული მშბიარობის შემთხვევაში დიდი სასირცხო ბაგეები მთლიანად ფარავს სავნებოს და მცირე სასირცხო ბაგეები ნაკლებად არის გამოხატული. ხოლო ნაადრევი მშობიარობით მიღებული დღენაკლი ახალშობილების შემთხვევაში - მცირე სასირცხო ბაგე და სავნებო არის უფრო გამოხატული და გარკვეული პერიოდის შემდეგ ხდება დიდი სასირცხო ბაგეების გაზრდა.

ასევე მნიშვნელოვანია მოხდეს სწორი შეფასება საშოს ხვრელის - საქალწულე აპკის, რადგან თუ ეს ხვრელი არის დახურული, შეიძლება გამოიწვიოს ჰიდრომეტროკოლპოსი - ლორწოვანი გამონადენის დაგროვება საშოში, რაც გამოხატულია გამობერილო საქალწულე აპკის სახით, რომლის შემჩნევაც უფრო ადვილია ახალშობილის ტირილის დროს.

რუტინული გამოკვლევა აუცილებელია, რათა მოხდეს დროული დიაგნოსტირება სხვადასხვა ანომალიის: გარე სასქესო ორგანოების გამოკვლევა, ვულვის, სავნებოს, სასირცხო ბაგეების, შარდსადენი მილის ხვრელის და ანალური ხვრელის ჩათვლით.

საშოს, საქალწულე აპკის და გარეთა სასქესო ორგანოების შეფასება ვაგინალური გამონადენის ნიშნებისთვის ყველაზე ხშირად ხორციელდება ვიზუალურად. შეფასება ხდება ბავშვზე მენჯ-ბარძაყის და მუხლის სახსარში კიდურების მაქსიმალური მოხრით. ადგილობრივი შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია სხვაგასხვა თანდაყოლილი და ასევე შეძენილი პათოლოგის სადიაგნოსტიკოდ.

ასევე ჩვილებში შესაძლებელია გამოხატული იყოს სარძევე ჯირკვლების გადიდება – რაც დედისგან გადასული სასქესო ჰორმონების ზემოქმედების შედეგია. აღნიშნული გამოვლინება საჭიროებს ექიმის დაკვირვებას, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში განსაკუთრებული მკურნალობა არ სჭირდება. დედისგან გადასული სასქესო ჰორმონების ზემოქმედების შედეგად ჩვილებში შეიძლება აღინიშნებოდეს საშოდან ლორწოვანი ან იშვიათად სისხლიანი გამონადენი, რაც ასევე მკურნალობას არ საჭიროებს, მაგრამ აუცილებელია დინამიკაში დაკვირვება.

- ხშირად ჩვილ გოგონებს აღენიშნებათ გამონადენი საშოდან, ეს მშობლების შეშფოთების საგანი ხდება. რა იწვევს გამონადენს და არის თუ არა ეს ფიზიოლოგიური მდგომარეობა?

- ბავშვის ჯანსაღი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია სწორი ადგილობრივი ჰიგიენა, რომელსაც ყველა მშობელმა დიდი ყურადღება უნდა მიაქციოს. ძირითადად ჰიგიენის წესების არასრულად დაცვის შემთხვევაში შესაძლებელია განვითარდეს ადგილობრივი ინფექციები. ჩვილობის ასაკში ასევე შესაძლებელია გამოვლინდეს ესტროგენის დეფიციტიც, რაც არასწორ ჰიგიენასთან ერთად გართულებებს იწვევეს. ჰიგიენის დაცვის დროს ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებმა ბავშვები სწორი ფორმით დაბანონ, კერძოდ დაბანა უნდა ხდებოდეს წინიდან უკან, იმისთვის, რომ ბაგეები უკანა ტანის ბაქტერიებისგან დავიცვათ. არასწორია მოსაზრება, თითქოს ჩვილების დაბანის დროს ყოველ ჯერზე უნდა იყოს გამოყენებული საპონი. არ არის აუცილებელი, საპნით მოხდეს ყოველი დაბანა, რადგან საპონი აშრობს გარეთა სასირცხო ბაგეებს, რაც ხშირ შემთხვევაში იწვევს მცირე სასირცხო ბაგეების შეხორცებას. ეს საკმაოდ რთული და ხშირი პათოლოგიაა ბავშვებში, რადგან ამ ასაკობივ ჯგუფში ორგანიზმი არ შეიცავს ესტროგენების საკმარის რაოდენობას და ზემოაღნისნული იწვევს სასირცხო ბაგეების შეხორცებას.

უნდა აღინიშნოს ის, თუ რა გავლენას ახდენს ბავშვის ჯანმრთელობაზე სასირცხო ბაგეების შეხორცება, კერძოდ თუ მთლიანად შეხორცდა მცირე სასირცხო ბაგეები, ხდება შარდის შეკავება. ასევე აღნიშნული შეიძლება გახდეს მიზეზი აღმავალი ინფექციის განვითარების. სასირცხო ბაგეების შეხორცების მკურნალობა შეიძლება როგორც მედიკამეტოზური მკურნალობით, ასევე ქირურგიული მეთოდით, გააჩნია პაციენტის მდგომარეობას. ამიტომ მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება, იმისთვის, რომ თავიდან იქნას აცილებული ქირურგიული მეთოდით მკურნალობის აუცილებლობა. სასირცხო ბაგეების მკურნალობის შემდეგ რეკომენდებულია ბავშვებისთვის განკუთვნილი სპეციალური დამატენიანებელი საშუალებების გამოყენება. აღნიშნული ხელს შეუწყობს რეციდივის თავიდან აცილებას.