მაღაზიებსა თუ ბაზრობებზე უამრავი დასახელების ჭურჭელია. ბევრი მათაგნი ერთმანეთისგან ხარისხით, ფასით, ვიზუალით განსხვავდება და მოსახლეობაც საკუთარი შესაძლებლობიდან გამომდინარე არჩევს. თუმცა, უხარიხსო ტაფამ და ქვაბმა შესაძლოა ძალიან მძიმე დაავადებების პროვოცირება გამოიწვიოს. როგორ უნდა გავარჩიოთ, რომელია ხარისხიანი და რომელი საშიში ჭურჭელი, თემაზე მარიამ ჩაჩუა, სურსათის უვნებლობის სპეციალისტი გადაცემაში "სხვა შუადღე" საუბრობს:
- დედებისა და ბებიების თაობაში ხშირად აწუხებთ სახსრებისა და ძვლების ტკივილი, უჭირთ სიარული და ამ ფაქტს არავინ აკავშირებს არც სურსათთან და არც იმ ჭურჭელთან, რომელსაც მოვიხმართ. ეს შეცდომაა იმიტომ, რომ ჭურჭელი პირდაპირი თუ არა, მაპროვოცირებელი მაინცაა ძალიან ბევრი დაავადების, მათ შორის, სიმსივნის.
მომხმარებლები ალბათ ჭურჭელს ფერის, კომფორტულობის, წონისა და ფასის მიხედვით არჩევს. ხშირად არავინ ფიქრობს მავნე ნივთიერებებზე, არადა ზუსტად ამ დროს ვწამლავთ არა მხოლოდ ჩვენს თავს, არამედ მათაც, ვისთვისაც ვამზადებთ.
ჭურჭელი ტეფლონის დაფარვით ძალიან პოპულარულია. თხელი და მსუბუქია, რომელიც მარტივად იწმინდება. გავრცელდა კვლევის შედეგები და დღეს სიმართლე უნდა ვთქვათ. ჭურჭელი ტეფლონის დაფარვით არის ტოქსიკური ნივთიერებების ნაკრები და საშიშია. შეიძლება ვთქვათ, რომ მკვლელი ჭურჭელია. თუ ჭურჭელს ტეფლონი აწერია, არ ვყიდულობთ, იმიტომ, რომ ის შეიცავს ისეთ ტოქსიკურ ნივთიერებას, როგორიცაა პერფტოროქტანის მჟავა, რომელიც ადამიანისთვის 28 ყველაზე საშიშ ნივთიერებას შორის შედის. კრისტალურია, მაგრამ გაცხელებისას, 55-56 გრადუსზე ლღვება და ძალიან მარტივად გადადის აირად მდგომარეობაში, რასაც ვისუნთქვათ და, რა თქმა უნდა, საჭმელსაც ერევა. თუ დაზიანებულია, ასეთი ტაფა ხომ საერთოდ არ უნდა გამოვიყენო. პირდაპირ და მკაფიოდ შემიძლია მომხმარებელს ვურჩიო, რომ ახლავე გადააგდოს ისეთი ტაფა და ქვაბი, რომელიც დაზიანებულია. ყველა ჭურჭელს საფარით ამუშავებენ იმისათვის, რომ ჩვენი ჯანმრთელობა დავიცვათ და მავნე მინარევები არ გამოყვეს. როდესაც ის დაიკაწრება, სულ რომ ერთი ნაკაწრი ჰქონდეს, უკვე საშიშია ჯანმრთელობისთვის.
შემდეგი ყველაზე გავრცელებულია უჟანგავი მეტალი, რომელიც ერთ-ერთი პირველია ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო ჭურჭელთა შორის. ეს არის ჭურჭელი, რომელიც საკვებს 60-70 პროცენტით უნარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს, რაც ნიშნავს, რომ ნამდვილად კარგია. არ შედის რეაქციაში მჟავე და ტუტე გარემოსთან. რთულად ზიანდება, რთულადვე უკეთდება ნაკაწრები. არც ერთ ჭურჭელთან არ უნდა გამოვიყენოთ რკინის ნიჩბები და კოვზები.
მინა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხოა, რადგან არარეაქტიული მასალაა და არ შედის რეაქციაში მჟავე და ტუტე გარემოსთან, პიკანტურ საკვებთან. უნდა ვიცოდეთ, რომ არსებობს ჭურჭელი, რომელშიც კონკრეტული პროდუქტების მომზადება არ შეიძლება. მაგალითად, სპილენძისა და ალუმინის შემთხვევაში, ალუმინი ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეტალია ჭურჭლის დასამზადებლად იმიტომ, რომ ნეიროტოქსიურია. ასევე, სპილენძი - დაფარვითაა თუ მის გარეშე, ყველა ვარიანტში საშიშია. ძალიან მაღალი ხარისხის უნდა იყოს და ასევე, ძალიან კარგი დაფარვა უნდა ჰქონდეს, რომ გამოვიყენოთ, რასაც რთულად თუ შევხვდებით. ალუმინში არ შეიძლება რძემჟავა პროდუქტების მომზადება, ხორცისა და თევზის დამარინადება, მჟავე ბოსტნეულის მომზადება.
ემალი უსაფრთხოა იქამდე, ვიდრე საფარი არ დაუზიანდება. გავითვალისწინოთ, რომ მისი შიდა ფერი არ უნდა იყოს წითელი, ყვითელი და ყავისფერი. რადგან, სავარაუდოდ, ამ შემთხვევაში მწარმეობელმა ფული დაზოგა მის შიდა საფარზე და გამოიყენა ის, რაც გარეთა შრისთვის იყო განკუთვნილი. დიდი ალბათობით, მასშია მანგანუმი და კადმიუმი. კადმიუმი ცნობილია როგორც კუმულაციური შხამი და სისმივნის მაპროვოცირებელი, დიდი რაოდენობით მანგანუმიც საშიშია ადამიანისათვის.
თუჯი თუ გაქვს, დიდი ხნის განმავლობაში გამოიყენებთ, ძალიან მდგრადია ნაკაწრების მიმართ და რთულად ზიანდება. მეტი ცხიმი სჭირდება, მაგრამ ჯანმრთელობისათვის უსაფრთხოა. რაც უფრო დიდი ფორები აქვს, რაც უფრო მუქია და მძიმე, მით უფრო მისაღებია. 3 ლიტრიანი ჭურჭელი უნდა იწონიდეს დაახლოებით 4,5 კილოს.
თიხის ჭურჭელი არ უნდა გარეცხოთ ქიმიური საშუალებებით, რადგან მას ფორები აქვს, ღრმად ჯდება მათში და საჭმლის მომზადების დროს ნელ-ნელა გამოიყოფა.
უჟანგავი მეტალი შეგვიძლია სოდით, მარილით გავწმინდოთ. რკინის ღრუბლები გადააგდეთ იმიტომ, რომ ყველა აზიანებს შიდა საფარს. ასევე, რკინის ნიჩბები. როდესაც ვურევთ მეტალის კოვზით, შიდა საფარი ზიანდება. ყველაზე მიღებულია სილიკონის ნიჩაბი, რომელიც 280 გრადუსს უძლებს.
გრანიტი ძალიან კარგია, ნაკაწრების მიმართ მდგრადია, არ ცხელდება მარტივად. მდგრადი ძირი აქვს, კარგად თავსდება ღუმელზე და თანაბრად იხარშება და იწვება ყველაფერი. თუჯთან შედარებით, გრანიტი შედარებით მსუბუქია. მაგრამ ძირი ძალიან გასათვალისწინებელია. მინიმუმ, 6 მილიმეტრი უნდა ჰქონდეს. შეგვიძლია სახაზავით გავზომოთ ჯერ გარედან, მერე შიგნიდან და გამოვაკლოთ. სხვაობა 6 მილიმეტრი უნდა იყოს. უჟანგავი მეტალის შემთხვევაში კი მინიმუმ 7 მილიმეტრი უნდა იყოს ძირი.
კერამიკა ძალიან კარგია, შეგიძლიათ დაამარინადოთ შიგნით, არანაირი რეაქცია არ აქვს მჟავე-ტუტე გარემოზე. ერთადერთი რაც უნდა გავითვალისწინოთ არის ის, რომ შეიძლება მარტივად გატყდეს და ბზარები გაუჩნდეს. ვერ უძლებს დავარდნას, ტემპერატურის მკვეთრ ცვლილებას.
ცუდი ჭურჭლის ტოპ-სამეული: ტეფლონი, რომელსაც თუ ვერ ელევა ადამიანი და მაინც უნდა შეძენა, შეფუთვაზე უნდა ეწეროს, რამდენი ფენა საფარი აქვს. 7 მისაღებია. მეორე, სპილენძი და ალუმინი, რომელიც მჟავე გარემოსთან რეაქციაში შედის და ძალიან მოსაფრთხილებულია.
კარგი ჭურჭლის ტოპ-სამეული: უჟანგავი მეტალი, თუჯი და გრანიტი.