სიმართლეა თუ არა, რომ თუ საკვების მიღების დროს წყალს დავლევთ, ამან შესაძლოა განაზავოს კუჭის შიგთავსი და ხელი შეუშალოს მონელებას. ასევე, იწვევს თუ არა ეს გასუქებას ან გარკვეულ სამედიცინო პრობლემებს - თემაზე ექიმი გიორგი ღოღობერიძე ფეისბუკ ლაივში საუბრობს:
"როცა საკვები კუჭში აღმოჩნდება, მას იქ მარილმჟავა ხვდება. მარილმჟავა ერთი მხრივ, საკვებში არსებულ მავნე ნივთიერებებს, განსაკუთრებით მიკროორგანიზმებს, ანადგურებს და, მეორე მხრივ, ქმნის ხელსაყრელ გარემოს, რომ ფერმენტმა პეპსინმა იმუშაოს. ეს ფერმენტი ცილოვან საკვებს შლის. ჩვენს კუჭში საკვების მონელება საშუალოდ 4 საათი გრძელდება. ამ დროის განმავლობაში, მარილმჟავა და პეპსინი ერთად მუშაობენ და საკვებში არსებული ცილები პეპსინის საშუალებით უფრო მარტივ ნივთიერებებამდე დაიშლება. რა მოხდება, თუ საკვების მიღებისას წყალსაც დავაყოლებთ? შეიძლება წყლის დალევა საკვების მიღების დროს? - წყლის დალევა შეიძლება საკვების მიღების დროსაც, საკვების მიღების შემდეგაც და საკვების მიღებამდეც, თუმცა, გააჩნია მდგომარეობას. თუ ჯანმრთელი ადამიანი ხართ და საშუალო ტემპერატურის წყალს მიიღებთ, ამ შემთხვევაში, არაფერი შეიცვლება. როგორც კი წყალი ჩვენს კუჭში აღმოჩნდება, თითქოს, ერთი შეხედვით, მარილმჟავა უნდა განაზავოს, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ქიმიურ ექსპერიმენტში ატარებთ ცდას. ჩვენი კუჭი სინჯარა არ არის. სპეციალური უჯრედები, რომლებსაც G უჯრედები ჰქვიათ, ძალიან მგრძნობიარები არიან კუჭში არსებულ მჟავიანობაზე. როგორც კი წყალი აღმოჩნდება და მჟავიანობა დაიწევს, G უჯრედები ავტომატურად გამოყოფენ გასტრინს. ეს ნივთიერება სისხლში გადმოვა და მიაღწევს კუჭში არსებულ პარიესულ უჯრედებამდე და მათ გამოაყოფინებს იმდენ მარილმჟავას, რამდენიც საჭიროა დამატებული წყლის პირობებში. ანუ, წყალი რომც დალიოთ, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, თუ კუჭის მდგომარეობა ნორმალურია, ხართ ჯანმრთელი ადამიანი და არ იღებთ რაიმე მედიკამენტებს. აქ საუბარია ნორმალურ რაოდენობაზე და არა უსასრულო რაოდენობით ლიტრებზე. გარდა ამისა, საკვები ისედაც შეიცავს წყალს. ფორთოხალში, ჟოლოსა და ანანასში 87%-ია, საზამთროში 92%, ნესვში 90%, ხოლო კიტრში 96%. მაგრამ, თქვენ ხომ მისი მონელება არ გიჭირთ. იმიტომ, რომ G უჯრედები გასტრინს გამოყოფენ და კუჭში მჟავიანობა პარიესული უჯრედების მიერ მაინც ნარჩუნდება. იყო ძალიან პატარა კვლევა, 12-კვირიანი და აღმოჩნდა, რომ თუ ადამიანი საკვების მიღებამდე სვამდა წყალს, პირობითად, 12 კვირის განმავლობაში 500 მლ სითხე, ამას წონის კლებისთვის ხელშეწყობა შეეძლო - საშუალოდ, 2 კილოგრამით დაქვეითება. თუ საკვების მიღებამდე წყალს დალევთ, კუჭი შეივსება და შიმშილის გრძნობა დაგიქვეითდებათ. ბევრ საკვებს უკვე აღარ ჭამთ იმიტომ, რომ წყლით გაქვთ კუჭი სავსე. სხვა განსაკუთრებული ეფექტი მას არ აქვს. გარდა ამისა, წყლის მიღება ხელს უშლის შეკრულობას. თუ სხეულში წყალი არასაკმარისი რაოდენობით გაქვთ, ორგანიზმი მას ნაწლავებიდანაც შეიწოვს, ამიტომ, მონელებული მასა მაგარი ხდება და შეკრულობა ვითარდება. ჩნდება შემდეგი შეკითხვა: ყველა ადამიანმა შეიძლება დალიოს წყალი საკვების მიღებისას? - არა. თუ დაქვეითებული გაქვთ მჟავიანობა, ამ შემთხვევაში წყლის მიღება სასურველი არ არის. ასევე, საკვების მიღებისას დიდი რაოდენობით წყლის დალევა სასურველი არ არის,როცა ადამიანს აწუხებს გასტროეზოფაგური რეფლუქსი. ამ დროს, წყლის დაყოლებისას საკვები მასა ძალიან დიდდება, კუჭში წნევა იზრდება, მარილმჟავისთვის საყლაპავში შემოსვლა უფრო ადვილია.
იმ შემთხვევაი, თუ ჯანმრთელი ხართ, კვების პარალელურად შეეცადეთ, რომ ძალიან ცივი წყალი არ მიიღოთ, რადგან ჩვენი ფერმენტები გარკვეული ტემპერატურის ფარგლებში მუშაობენ. ამიტომ, ძალიან ცივი წყლის მიღება სასურველი არ არის."