"ხალხს როცა სიმართლეს ეუბნები, გლანძღავენ! ჩვენი კოლეგა ვაქცინის გამო კი არ მოკვდა, დავკარგეთ იმიტომ, რომ სისტემაა მახინჯი და გამოსასწორებელი." - გიორგი ფხაკაძე
"ხალხს როცა სიმართლეს ეუბნები, გლანძღავენ! ჩვენი კოლეგა ვაქცინის გამო კი არ მოკვდა, დავკარგეთ იმიტომ, რომ სისტემაა მახინჯი და გამოსასწორებელი." - გიორგი ფხაკაძე
ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ საქართველოში არსებული ეპიდსიტუაცია შეაფასა, კიდევ ერთხელ გამოეხმაურა ექთნის მეგი ბაქრაძის გარდაცვალებას და ახალ ინიციატივაზეც ისაუბრა, რომელიც საავადმყოფოებში მომსახურების ხარისხის გაზრდას ისახავს მიზნად. აქვე, განაცხადა, რომ კოვიდ-19-ისა და ვაქცინაციის შესახებ აღარ ისაუბრებს:

"ხალხს როცა სიმართლეს ეუბნები, გლანძღავენ. მივხვდი, რომ ამ ქვეყნის უმრავლესობას სულ არ აინტერესებს არც კოვიდი, არც ჯანმრთელობა და ეკონომიკა. მარტო ბოღმა, ლაპარაკი, ჩხუბი და რესტორანში ქეიფი სურთ. თუ რაღაცას არ ეთანხმები, ოპოზიცია ხარ. რა უბედურებაა ეს. უწიგნურობაა და მეტი არაფერი. არ ღირს. ვუყურებდი "მისტერ ვალენტინის"
დაჯილდოებას, რა პისბადესა და დისტანციაზეა საუბარი. დისტანციაზე ვსაუბრობ და მეტროსა და ავტობუსში ხალხი ერთმანეთს ეხუტება. ხალხი რესტორნებში ქეიფობს, წვეულებებს აწყობენ. მივიღე გადაწყვეტილება, რომ კორონავირუსზე საერთოდ აღარ ვილაპარაკო. მივხვდი, რომ აზრი არ აქვს. ვთქვი, რომ საქართველოში მესამე ტალღა უკვე დაიწყო. მე რომ ვთქვი, მერე ყველამ თქვა, ვიცოდითო".

გიორგი ფხაკაძემ თქვა, რომ ახალგაზრდა ექთნის გარდაცვალება ვაქცინამ კი არა, გაუმართავმა ჯანდაცვის სისტემამ გამოიწვია.

"ვაქცინაციის გეგმის შეცდომა ოქტომბრიდან დაიწყო და ახლა ფიქრობენ საინფორმაციო კამპანიის დაგეგმვას. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ თქვა, რომ ვაქცინაცია უნდა კეთდებოდეს იქ, სადაც არის სამედიცინო პერსონალი და უზრუნველყოფილია ყველაფრით. პასუხი არის ის, რომ ჩვენი ჯანდაცვა არ ვარგა. განადგურებულია და ბიზნეს მანქანადაა გადაქცეული. ძალიან ბევრ ექიმსა და ექთანს
ვიცნობ, რომლებსაც მართლა უყვართ თავიანთი საქმე და მათაც კი უნადგურებენ იქ მუშაობის სურვილს. საზოგადოებრივ ჯანდაცვაში წლები დამჭირდა, რომ მესწავლა და მერე გამოცდილება დამეგროვებინა. ახლა ყველა ექსპერტი გახდა. არადროს ერთი თეთრი არ მომიპარავს და ყველაფერი ჩემი შრომითაა მიღწეული. საქართველოში ექსპერტები ისე დავატრენინგე დისტანციურად, ვერც კი მიხვდნენ. სათქმელი ვთქვი და ბევრჯერ ავხსენი, ვაქცინებთან დაკავშირებით გიორგი ფხაკაძე აღარ ილაპარაკებს. მე, რომელიც მსოფლიოში ყველაზე ძლიერი "მევაქცინე" ვარ, ახლაც ვამტკიცებ რამდენიმე ქვეყნის ვაქცინაციის პროგრამას, შარშან დავამტკიცე მსოფლიოში ახალი ვაქცინა, 8 ადამიანი ვართ მსოფლიოში, და ვიღაც მიბედავს და ამბობს, რომ ვაქცინაციის წინააღმდეგი ვარ. ვთქვი, რომ ჩვენი კოლეგა ვაქცინის გამო კი არ მოკვდა, დავკარგეთ იმიტომ, რომ სისტემაა მახინჯი და გამოსასწორებელი. სისტემაა დამნაშავე. მე ჩემს პოზიციაზე მაინც ვრჩები. 55 წელს ქვემოთ "ასტრა-ზენეკის" გამოყენება არ შეიძლება. ამერიკაში ეს ვაქცინა დარეგისტრირებული არ არის. ნორვეგიაში აღადგინეს მისი გამოყენება? - არა. ახალია, კლინიკური კვლევები ბოლომდე ჩატარებული არ არის და ვინაიდან კლინიკური კვლევები არ არის ჩატარებული არც ერთ ვაქცინაზე, "ასტრა-ზენეკის" ჩათვლით, ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ. კი არ უნდა დამალოთ ინფორმაცია და მედიის საშუალებით იძახოთ, რომ მაგარი ვაქცინაა, უნდა თქვათ უკუჩვენებაზეც და ხალხიც უფრო დაგიჯერებთ. საქართველოს მოსახლეობის 60% ამ ვაქცინას არ გაიკეთებს და ყველაზე მეტად დამნაშავეები თქვენ ხართ, ვინც ამ პროცესს მართავთ.
ყველაზე დიდი ანტივაქსერი ორგანიზაცია საქართველოში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრია. ქვეყანაში ვაქცინაციაზე პასუხისმგებელი ჯანდაცვის მინისტრი კი არ არის, დაავადებათა კონტროლის ცენტრია. სწორედ ისინი არიან პასუხისმგებლები, რომ ეს ვაქცინაციის პროგრამა ჩავარდა. მივხვდი, რომ ამ ადამიანებს არ აინტერესებთ ქვეყანა. კორუფციის დიდი წყაროა".

მან ასევე საავადმყოფოებში არსებულ მდგომარეობასა და ახალ ინიციატივაზეც ისაუბრა:

"საქართველოში საავადმყოფოების მიდგომა რაოდენობრივია და არა ხარისხობრივი. ექთანს ხელფასი 160 ლარი აქვს და კლინიკის მფლობელი წლის ბოლოს 1-მილიონიან ბონუსს იღებს. რამაც დაღუპა ჩვენი კოლეგა, ეს არის ჩვენი ჯანდაცვის სისტემის ძირფესვიანი დამპლობა. შემიძლია გავაკეთო ის, რასაც საქართველოში ვერავინ გაკეთებს. ქვეყანაში დამოუკიდებელი ექიმები არ არიან, ყველა ვიღაცას ეკუთვნის და ექიმიც მფლობელის საწინააღმდეგოდ ვერ წავა. ეს არის ჯაჭვი, რომლიდანაც ვერ გამოვდივართ. ვიცი სისტემა შიგნიდანაც და გარედანაც და ეს საქმე ბევრ ქვეყანაში გამიკეთებია. დღეს საღამოს გამოვაქვეყნებ დოკუმენტს და საავადმყოფოების შეფასებას გავაკეთებ. ეს არის ჩემი ინიციატივა. ძალიან მარტივი კითხვარი იქნება და ის საავადმყოფო, რომელიც ამ მინიმალურ სტანდარტებს ვერ დააკმაყოფილებს, მკვლელია. სულ არ მაინტერესებს, ვის ეკუთვნის. საქართველოში ძალიან ძლიერი ინდიკატორი და შეფასების სქემა რომ დავდო, მაშინ საავადმყოფოების 90 პროცენტი დასახურია. მინიმუმი მაინც უნდა იყოს. ყველა საავადმყოფოს სახელს ჩამოვწერ და დავაწერ, რომ ნაგავია. ყველაფერი საჯარო იქნება. მერე თავად მიიღებთ გადაწყვეტილებას, რომელ საავადმყოფოში წახვიდეთ." - თქვა გიორგი ფხაკაძემ.

5557
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (14)
თეა
0
ჯან.სისტემა,რომ ძირგამოთხრილია ეგ ყველამ ვიცით ისედაც,ახალს ვერაფერს ამბობს..დაშლილ სისტემაზე იძახო ჩამოშლილიაო,ეგ ვერ არის სიჭკვიანე,რა ეშველება,თუ ეშველება ამაზე ვილაპარაკოთ ჭკუისკოლოფებმა,ბანალური პასუხის გარეშე,რომ უცხოეთიდან ,,ჩამოვრეკოთ'"ბრძენთაბრძენები,ან ყოველთვის რომ მათ ვეკითხებოდეთ,რა გვეშველება..დროა,გავითავისოთ,რომ საჯარო ყბედობა არ აკეთებს საქმეს!
15:00 / 26-03-2021
Emma
6
ნეტავი ეს კაცი ჩამოყალიბდეს ვინ არიას, ექსპერტი, მედიცინის მუშაკი, ანტი ვაქსერი თუ ტყუილების გამავრცელებელი. ყველას ერთად ითავსებს და ერევა ერთმანეთში.
10:18 / 24-03-2021
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია