ინფექციური პათოლოგიის, შიდსის და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა
თენგიზ ცერცვაძემ გადაცემაში „ანატომია“ ვაქცინაციასთან დაკავშირებულ ბევრ საინტერესო კითხვას გასცა პასუხი. რა განსხვავებაა ასტრაზენეკასა და ფაიზერის ვაქცინებს შორის, როგორ უნდა მოვემსადოთ აცრისთვის და რა უნდა გავაკეთოთ აცრებს შორის ინტერვალის დროს.
- ტექნოლოგიურად ეს ორი ვაქცინა რადიკალურად განსხვავდება ერთმანეთისგან. ასტრაზენეკას ვექტორულ ვაქცინას უწოდებენ, რომელშიც გამოიყენება დასუსტებული ადენოვირუსი და ამ ადენოვირუსში შეყვანილია ინფორმაცია კორონავირუსის ერთ-ერთი ცილის კოდირებისთვის. ორგანიზმში შეგვყავს ეს დასუსტებული ვირუსი, რომელიც არავითარ პათოლოგიას არ იწვევს, და იქ შეყვანილი დნმ ინფორმაცია ორგანიზმს აძლევს ინსტრუქციას, როგორ აწარმოოს გარკვეული ცილები, რომელ ცილაზეც შემდეგ ანტისხეულები გამომუშავდება.
ფაიზერში სულ სხვა ტექნოლოგიაა. ეს მართლაც სიახლეა, ეს რნმ ვაქცინაა. ასტრაზენეკას შემთხვევაში, შეყვანილი დნმ ინფორმაციის შედეგად წარმოიქმნებოდა ერენემი. ფაიზერი კი ერთი ნაბიჯით წინაა, აქ პირდაპირ ერენემი შეგვყავს, რომელიც ასევე შეიცავს ინსტრუქციას, როგორც ასტრაზენეკა, რომ ორგანიზმმა აწარმოს ვირუსის ცილები.
არ არსებობს დღემდე მტკიცებულებებზე დაფუძნებული განსხვავრება ამ ორი ვაქცინის ჩვენებებს ან უკუჩვენებებს შორის. ორივე ვაქცინა რეკომენდებულია როგორც ახალგაზრდებში, ასევე ასაკოვნებში. ეს ორი ვაქცინა არის მსოფლიოში რეიტინგლიდერი ვაქცინა. ეს ორი ვაქცინა მსოფლიოში საუკეთესოა. მათ შორის რაიმე სხვაობა ოფიციალურად დადასტურებული არ გახლავთ. ანაფილაქსიის რისკი დაახლოებით 122 ათასში ერთი აქვს ასტრაზენეკას, 130 ათასში ერთი აქვს ფაიზერს. ასტრაზენეკაზე იყო ეჭვი, რომ თრომბოებოლიურ გართულებებს იწვევდა, მაგრამ ყველაზე მკაცრმა მარეგულირებლებმა დადეს დასკვნა, რომ ეს ეჭვი არ დადასტურდა. ფაიზერზე ასეთი ეჭვი არ ყოფილა, სამაგიეროდ 23 გარდაცვალების ფაქტი აღირიცხა აცრის შემდეგ. არც იქ დადასტურდა მიზეზ-შედეგობრივი კავშირი ვაქცინასთან.
ყველამ იცის, რომ ვაქცინა 100%-ით არ გვიცავს. ორივე ვაქცინა უმეტესად გვიცავს დაავადების მძიმე ფორმებისგან, იმ სიმპტომური ფორმებისგან, რომლებითაც ჰოსპიტალში ან რეანიმაციაში ხვდებიან. შედარებით ნაკლებად გვიცავს უსიმპტომო ფორმებისგან. ანუ აცრილი ადამიანი თითქმის 100%-ით გარანტირებულია, რომ მას დაავადების მძიმე ფორმა არ დაემართება, მაგრამ შედარებით ნაკლებად გარანტირებულია, რომ საერთოდ არ შეეყრება. შესაძლებელია, აცრილების რაღაც ნაწილი უსიმპტომო ფორმით დაინფიცირდეს. ცოტა ხნის წინ დაიდო ძალიან სერიოზული, მულტიცენტრული კვლევის შედეგები, რომელიც ასტრაზენეკას სწავლობდა. ამ კვლევის მიხედვით, ასტრაზენეკა 79%-ით იცავს სიმპტომური დაავადებისგან და 100% პროცენტით იცავს მძიმე მიმდინარეობისგან. ეს უნიკალური მონაცემია. ფაიზერს ასეთი შედეგი არა აქვს, იქ 95%-ია გარანტია.
ხშირად მიკითხებიან ანტიკოაგულანტების მიმღები პაციენტებიც. ამ მედიკამენტებს არ აქვთ რაიმე უკუჩვენება, ერთადერთი უსიამოვნება შეიძლება იყოს სისხლჩაქცევა, რომელიც შესაძლოა ჩხვლეტის ადგილზე განვითარდეს, რადგან შემდედებელი სისტემა ხელოვნურად არის დაქვეითებული.