ბავშვებში კორონავირუსის მიმდინარეობა, როგორც წესი, მსუბუქია. თუმცა ყველა მშობელმა უნდა იცოდეს კოვიდ-19-ის შემდგომ გართულებასა და იმ სიმპტომებზე, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში, ექიმთან ვიზიტი და კვლევების ჩატარება აუცილებელია. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე გვესაუბრება, რა გართულება შეიძლება განვითარდეს ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ, რომელ ასაკობრივ ჯგუფშია უფრო მეტად გავრცელებული და მკურნალობის რა გზა არსებობს. ასევე, მას სეზონურ ვირუსებსა და ბავშვების კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში შესაძლო ჩართვის შესახებაც ვკითხეთ:
- კორონავირუსი ბავშვთა დიდ ნაწილს მსუბუქად გადააქვს, შესაბამისად, მათი ჰოსპიტალიზაციის აუცილებლობა ნაკლებია და მწვავე მიმდინარეობის შემთხვევაში, გარდაცვალების მაჩვენებელიც ძალიან დაბალია. თუმცა, ზრდასრული ადამიანებისაგან განსხვავებით, ბავშვებს კორონავირუსის შემდგომი იშვიათი გართულება ახასიათებთ, რაც გამოიხატება მაღალი ტემპერატურით, დაავადების პროცესში სხვადასხვა ორგანოს და სისტემის ჩართვით და ე.წ. მულტისისტემური ანთებითი სინდრომის განვითარებით. აღნიშნული სინდრომი კოვიდ-19-ის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ ვლინდება და საკმაოდ მძიმედ მიმდინარეობს. პაციენტების აბსოლუტურ უმრავლესობას ჰოსპიტალიზაცია სჭირდება, დროული მკურნალობის შემთხვევაში ყველაფერი კარგად სრულდება, თუმცა, გარდაცვალების რისკი უფრო მაღალია, ვიდრე კორონავირუსის მწვავე ფაზის დროს. მულტისისტემური ანთებითი სინდრომის დროს, დაავადების პროცესში სხვადასხვა ორგანო და სისტემა ერთვება. ძირითადად, დამახასიათებელია მაღალი ტემპერატურა, 38 გრადუსი და მეტი, რომელიც მინიმუმ 24 საათის განმავლობაში გრძელდება. ტემპერტურასთან ერთად, აღინიშნება სხვადასხვა სისტემის დაზიანების ნიშნები. ესენია, ნაწლავთა მოქმედების გახშირება, კანზე გამონაყარი, მუცლის ტკივილი, ღებინება, დიარეა, კონიუქტივიტი, თავის ტკივილი, კიდურების შეშუპება და სხვა. ამიტომ, თუ ბავშვს აღენიშნა მაღალი ტემპერატურა, რომელიც 24 საათზე მეტი დროის განმავლობაში გრძელდება და ტემპერატურას თან ახლავს დაავადების რომელიმე სხვა ნიშანი, დედა განსაკუთრებით ფრთხილად იყოს და უნდა მიმართოს ექიმს. აღნიშნული დაავადებითსაქართველოში, სავარაუდოდ, 80-მდე პაციენტი მკურნალობდა, მათ შორის, 61 იაშვილის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში, სადაც ამ დიაგნოზით პირველი პაციენტი 2020 წლის 2 ნოემბერს მოთავსდა. როგორც ავღნიშნეთ, ეს ხდება კორონავირუსის მწვავე ფაზის გადატანიდან 4-6 კვირის შემდეგ. საქართველოში ნოემბრის ბოლოსა და დეკემბრის დასაწყისში ინფიცირების განსაკუთრებით მაღალი შემთხვევები იყო. ამიტომ, მულტისისტემური ანთებითი სინდრომით ბევრი ბავშვი იანვარის მეორე ნახევარში მივიღეთ.
- თუ ოჯახში სხვა წევრებმა გადაიტანეს ვირუსი, მაგრამ ბავშვს სიმპტომები არ ჰქონია გამოხატული და არც ტესტი გაუკეთებია მშობელს, ამ შემთხვევაშიც განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო?
- თუ ოჯახის სხვა წევრებმა ვირუსი გადაიტანეს, უნდა ჩავთვალოთ, რომ ბავშვიც ინფიცირებული იყო, მაგრამ უსიმპტომო მიმდინარეობა ჰქონდა. პაციენტების დიდ ნაწილში მშობლებმა ჩვენგან გაიგეს, რომ მათ შვილს ვირუსი გადატანილი ჰქონდა მას შემდეგ, რაც ანტისხეულებზე სპეციალური გამოკვლევა ჩავატარეთ. ამიტომ, რა თქმა უნდა, ამ დროსაც ფრთხილად და ყურადღებით უნდა იყვნენ. თუმცა, გასათვალისწინებელია ისიც, რომ მულტისისტემური ანთებითი სინდრომი იშვიათი სისტემური დაავადებაა და პროცენტულად მისი გამოვლინება ძალიან მცირეა. ყველა იმ ბავშვის მშობელი, რომელმაც კორონავირუსი იანვრის ბოლოსა და თებერვლის დასაწყისში გადაიტანა, ახლა ყურადღებით უნდა იყოს და იმ ნიშნებიდან, რაზეც უკვე ვისაუბრე, თუ მაღალ ტემპერატურასთან ერთად გამოვლინდა რომელიმე, ექიმს მიმართოს.
- ასაკობრივად როგორია სტატისტიკა?
- როგორც წესი, მულტისისტემური ანთებითი სინდრომი მოზრდილი ასაკის ბავშვებს უვითარდებათ. საქართველოში საშუალო ასაკი 7,5 წელია. ძალიან იშვიათია წლამდე ასაკის ბავშვებში. უფრო მეტად ეს 5-დან 15 წლამდე ასაკობრივი ჯგუფშია გავრცელებული.
- ბავშვების შემთხვევაში, კორონავირუსის შემდგომი პერიოდი ქცევასა და ცხოვრების სტილზე თუ ტოვებს კვლას?
- კორონავირუსის შემდგომი პერიოდი, როგორც წესი, ბავშვებში გახანგრძლივებული სიმპტომების გარეშე მიმდინარეობს. გახანგრძლივებული და ქრონიკული კოვიდი უფრო მოზრდილებს ახასიათებთ. ბავშვებში შედარებით იშვიათია ასეთი გართულებები, რადგან, ზოგადად, მათში კორონავირუსის მძიმე მიმდინარეობაც იშვიათია. თუ უფროსებთან შეიძლება ხშირად იყოს გამოხატული ქცევის შეცვლა, დეპრესია, ძილის დარღვევები, ბავშვებში ასეთი გამოვლინებები იშვიათია, თუმცა თავის ძლიერი ტკივილი და ძილის დარღვევა შესაძლებელია მულტისისტემური ანთებითი სისტემისთვის იყოს დამახასიათებელი.
- როგორ ხდება მულტისისტემური ანთებითი სინდრომის მკურნალობა?
- დღეისათვის, კორონავირუსის სამკურნალო მედიკამენტი არ არსებობს. მკურნალობა ძირითადად სიმპტომურია. კოვიდ-19-ისგან განსხვავებით, როდესაც მულტისისტემურ ანთებით სინდრომზე ვსაუბრობთ, ძალიან ეფექტური საშუალებები გვაქვს. ესენია: ინტრავენური იმუნოგლობულინი, კორტიკოსტერიოიდები, ანტიბიოტიკოთერაპია. ყველა ის ბავშვი, რომელიც ჩვენთან მკურნალობდა, ბინაზე გამოჯანმრთელებული გაეწერა. ამ ბავშვებიდან 2 ძალიან მძიმედ იყო, თუმცა, საბედნიეროდ, ამ შემთხვევაშიც შესაბამისმა მკურნალობამ შედეგი გამოიღო.
- კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მწარმოებელმა რამდენიმე კომპანიამ ბავშვთა ასაკობრივ კატეგორიაზეც დაიწყო კვლევა და იგეგმება, რომ ვაქცინაციის პროცესში მოზარდებიც ჩაერთონ. აღნიშნულ ინფორმაციას, ბევრი მშობელი უარყოფითად გამოეხმაურა, თქვენ რა შეგიძლიათ უთხრათ მათ?
- ახალი ვაქცინის მიუღებლობა მხოლოდ საქართველოს პრობლემა არ არის და ასეთი სკეპტიციზმი ჩვენთვისაც არ ყოფილა მოულოდნელი. როდესაც პირველად კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნასთან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, ვიცოდით, რომ ვაქცინაციის პროცესში უფროსები ჩაერთვებოდნენ. თუმცა, 2020 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული უკვე სამმა კომპანიამ, Pfizer-მა, Moderna-მ დაAstra Zeneca-მ,ბავშვებზე კლინიკური დაკვირვება დაიწყო. პირველ ეტაპზე ეს შეეხებოდა 12-დან 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს, შემდეგ კი 6-დან 12 წლამდე ასაკობრივ ჯგუფს. ჯამში, სხვადასხვა კვლევაში დაკვირვების ქვეშ 6-7 ათასი ბავშვია და ყველა მათგანთან ძალიან კარგი შედეგია მიღებული. არც ერთ ბავშვთან დაფიქსირებულა გვერდითი მოვლენა ან სერიოზული გართულება. რა თქმა უნდა, კვლევა ბოლომდე მიყვანას საჭიროებს და გამოყენების რეკომენდაციაც შემდეგ გაიცემა. მოსალოდნელია, რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ აღნიშნული რეკომენდაცია ამ წლის ბოლოსათვის გასცეს. ძალიან მნიშვნელოვანია იმის ცოდნა, რომ ვაქცინა არა მხოლოდ დაიცავს ბავშვს, არამედ ამ გზით ისინი აღარ გახდებიან გამავრცელებლები და გაუფრთხილდებიან ოჯახის უფროს წევრებს. ყველა მშობელმა უნდა გაითვალისწინოს, რომ ბავშვებში ვირუსის უსიმპტომოდ მიმდინარეობა არ ნიშნავს იმას, რომ სხვებს ვერ გადასდებენ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, ისევე, როგორც გრიპის ვაქცინა, არ იქნება სავალდებულო. როდესაც საქართველოში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო, დაახლოებით მსგავსი რეაქცია გვქონდა, მშობლები სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა ბოლო წლებში სტატისტიკა საგრძნობლად გაიზარდა იმიტომ, რომ დარწმუნდნენ მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებაში. თუმცა, გრიპისგან განსხვავებით, სადაც 6 თვის ზემოთ ასაკობრივ ჯგუფზე ვსაუბრობთ, ვაქცინაცია კორონავირუსის შემთხვევაში 6 წლის ზემოთ ასაკობრივი ჯგუფია განსაზღვრული.
- რომელი სეზონური ვირუსი ცირკულირებს ახლა ქვეყანაში და თქვენს კლინიკას რა პრობლემით მომართავენ ყველაზე ხშირად?
- ეპიდსაწინააღმდეგო ღონისძიებების დაცვამ განაპირობა ის, რომ ძალიან ცოტა ბავშვი დაავადდა გრიპის ვირუსით. მსგავსი მდგომარეობაა მთელ მსოფლიოში. შესაბამისად, ნიღბის ტარება, დისტანცირება, ხელების ხშირად დაბანა ძალიან ეფექტური აღმოჩნდა იმისათვის, რომ სეზონური ვირუსების ფართო მასშტაბით გავრცელება თავიდან აგვეცილებინა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ახლა საქართველოში ძირითადად ცირკულირებს რინოვირუსი, კორონავირუსი,(თუმცა სხვა ტიპის, რომელსაც მხოლოდ გაციების გამოწვევა შეუძლია), ადენოვირუსი, ბოკავირუსი, მაგრამ წამყვანი ამ ვირუსებს შორის, იაშვილის კლინიკის მონაცემებით, რინოვირუსი, ადენოვირუსი და კორონავირუსია. რა თქმა უნდა, შარშანდელთან შედარებით, შემთხვევები ძალიან შემცირებულია, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ საერთოდ გაქრა. ვირუსების გარკვეული ნაწილი გაზაფხულის სეზონზეც აქტიურდება.
- რა შეგიძლიათ უთხრათ მშობლებს, რა არ უნდა გამორჩეთ პანდემიის პარალელურად?
- გვქონდა პერიოდი, როდესაც ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ძალიან შემცირდა. ბოლო 3-4 კვირის განმავლობაში აქტიური შემთხვევების რაოდენობა გაორმაგდა. ასე, რომ ჩვენ ე.წ. მესამე ტალღის ზღურბლზე ვართ. ეს შეიძლება ავიცილოთ ან შეიძლება ისევე დაგვემართოს, როგორც ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში მოხდა, სადაც ე.წ. მესამე ტალღა გაცილებით უფრო მძიმე აღმოჩნდა, ვიდრე მეორე. გერმანიაში, საფრანგეთში, იტალიასა და სხვა ქვეყნებში კვლავ მოიმატა კორონავირუსის შემთხვევებმა და ისევ მოუწიათ მკაცრი შეზღუდვების შემოღება. არ უნდა გვეგონოს, რომ საქართველო გამონაკლისი იქნება და საფრთხე არ გვემუქრება. ზაფხულის თვეებში ბევრმა ადამიანმა ჩათვალა, რომ ვირუსი დავამარცხეთ, თუმცა კარგად გვახსოვს, რომ შემოდგომის ბოლოს ყოველდღე 4-5 ათასი ადამიანი ინფიცირდებოდა, საავადმყოფოებში ადგილი აღარ იყო და დღე-ღამეში ათეულობით პაციენტი იღუპებოდა. ამიტომ, კიდევ ერთხელ მინდა მშობლებს ვთხოვო, გააკეთონ ის, რაც მარტივია: ნიღბის ტარება, ხელების ხშირად დაბანა, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებიდან მაქსიმალური დისტანცირება. მეორე, ვაქცინაციაა. თუ ოჯახში უფროსი თაობა ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვება, ბავშვებში ვირუსის განვითარების რისკი დაბალი იქნება. ამიტომ, თუ გინდათ, რომ თქვენი შვილი ან შვილიშვილი დაიცვათ, აუცილებელია ოჯახის უფროსმა წევრებმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთოთ.
თამარ იაკობაშვილი