საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია უკვე დაიწყო და მედიცინის მუშაკებთან ერთად, პროცესში ჩართვა 55 წელს გადაცილებულ პირებსაც შეუძლიათ. იმ ადამიანების ნაწილი, რომლებმაც კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა ორჯერ გაიკეთა, სოციალურ ქსელში წერს, რომ 2 კვირის შემდეგ, გადამოწმების შედეგად, ანტისხეულები არ აღმოაჩნდათ. "აცრის შემდეგ ანტისხეულებზე ანალიზი ავიღე და არ მაქვს. გაგიჟებული ვარ" - მსგავსი პოსტები უკვე გამოჩნდა სოციალურ ქსელში. განმარტება ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო პრაქტიკული ცენტრის ექიმ ეპიდემიოლოგს ოთარ ჩოკოშვილს მივმართეთ:
- ზოგ შემთხვევაში ანტისხეულები შეიძლება 2 კვირაზე ადრეც გამომუშავდეს, ზოგიერთ ადამიანთან კი ვაქცინაციიდან 4 კვირის შემდეგ. ეს ძალიან ინდივიდუალურია. ამიტომ, პირველი ვაქცინაციის პროცესი არ ნიშნავს იმას, რომ ორგანიზმში დიდი რაოდენობით ანტისხეულები გამოგვიმუშავდება და აბსოლუტურად დაცულები ვიქნებით. ეს ნიშნავს იმას, რომ პროცესი დავიწყეთ, საჭიროა სპეციალური ღონისძებების დაცვით მეორე ვაქცინაციამდე მივიდეთ და მეორე დოზას რომ გავიკეთებთ, დაახლოებით 1 თვის ვადაში უკვე ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები გამომუშავდება. გარდა ამისა, არსებობს ე.წ. უჯედული ტიპის იმუნიტეტი, როდესაც ანტისხეულებს ვერ ვზომავთ, მაგრამ ადამიანს იმუნიტეტი გააჩნია. ყველას მინდა ვთხოვო, მინახავს ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ვაქცინირებულნი არიან და მეორე დღეს პირბადის გარეშე დადიან ქუჩაში. მსგავსი ქმედებისგან თავი უნდა შევიკავოთ. ვაქცინის გაკეთება არ ნიშნავს იმას, რომ მომენტალურად გამოგვიმუშავდება იმუნიტეტი. როგორც ვთქვი, ვირუსის საწინააღმდეგო ანტისხეულები ორგანიზმში განვითარებას დაახლოებით 1-2 კვირიდან იწყებს და მაქსიმალურ დონეს რამდენიმე თვეში აღწევს. მით უმეტეს, როცა რევაქცინაციაა ანუ ე.წ. გამაძლიერებელი დოზის გაკეთებაა საჭირო.
თამარ იაკობაშვილი