სხვადასხვა ეტაპზე ბავშვის განვითარების შეფასება ძალიან მნიშვნელოვანია. მშობლის ვალია, იცოდეს, პირველად, როდის უნდა მიიყვანოს შვილი ნევროლოგთან და რისი შეფასება ხდება ამ დროს, რა არის ის საყურადღებო სიმპტომები, რომლის დროსაც აუცილებელია სპეციალისტთან კონსულტაციის გავლა და რა შეცდომებს უშვებენ ხშირად, ამ მიმართულებით. აქტუალურ თემაზე Mshoblebi.ge-ს შეკითხვებს ბავშვთა ნევროლოგი, მედიციის დოქტორი, პედიატრიული პრივატ კლინიკის ბავშვთა ნვროლოგიური მიმართულების ხელმძღვანელი, კავკასიის საერთაშორისო უნივერსისტეტის და ქართულ-ამერიკული უნივერსიტეტის მოწვეული პედაგოგი, ნინო ლალიანი პასუხობს:
- ახალშობილის პირველი შეფასება სამშობიარო ბლოკშივე ხდება ნეონატოლოგის მიერ. მისივე მეთვალყურეობის ქვეშაა ახალშობილი სამშობიარო სახლში ყოფნის პერიოდში. ახალბედა დედა სწორედ ნეონატოლოგისგან იღებს პირველ რეკომენდაციებს ახალშობილის მოვლის ძირითადი პრინციპების შესახებ. ჯანმრთელი დროული ახალშობილი პედიატრთან პირველ ვიზიტზე სამშობიაროდან გაწერიდან 7-10 დღის შემდეგ მიდის. სიცოცხლის პირველი 6 თვის მანძილზე პედიატრთან ყოველთვიური ვიზიტი სასურველია. რაც შეეხება ნევროლოგს, რუტინულად ბავშვთა ნევროლოგთან ვიზიტი ხორციელდება 1, 3, 6 თვის და 1 წლის ასაკში. თუმცა, არსებობს გამონაკლისები.
გამონაკლისებში პირველ რიგში უნდა განვხილოთ რისკის ჯგუფის მქონე, ანუ დღენაკლი და სხვადასხვა პერინატალური პათოლოგიის შედეგად გადარჩენილი ახალშობილები. უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ წლებში საგრძნობლად გაიზარდა მათი რაოდენობა, რამაც, თავის მხრივ, განვითარების პრობლემების სიხშირის ზრდა გამოიწვია. მნიშვნელოვანი როლი ენიჭება ამ კონტიგენტის განსაკუთრებულ მეთვალყურეობას. ნეირომოტორული დარღვევების ადრეული დიაგნოსტიკა და ინტერვენცია ამცირებს უნარშეზღუდულობის ხარისხს და ხელს უწყობს ბავშვის განვითარებას, მისი სრული პოტენციალის გამოვლენას და მაქსიმალური სოციალური თანასწორობის მიღწევას.
პირველი ვიზიტისას ნევროლოგი ახალშობილის შეფასებას დეტალური ანამნეზის შეგროვებით იწყებს. ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმაცია ორსულობის და მშობიარობის მიმდინარეობის შესახებ. ამის შემდეგ უკვე ფასდება ახალშობილის ნეირომოტორული განვითარება და ნევროლოგიური სტატუსი.
1 თვის ჩვილს ხელები მიაქვს სახესთან, მუცელზე წოლის დროს თავს ატრიალებს, მზერას აფიქსირებს, შეუძლია თვალი გააყოლოს მოძრავ საგანს, რომელიც სახის შუა ხაზიდან დაახლოებით 15 სმ-ის მანძილზეა განთავსებული, განსაკუთრებით, მკვეთრი ფერის საგნები. რეაგირებს ხმაურზე, შეუძლია ამოიცნოს ნაცნობი ხმა - ატირებული ჩვილი დედის ხმაზე ჩუმდება, შეუძლია ასევე მზერა გადაიტანოს ნაცნობ ხმაზე.
მოტორული განვითარების მხრივ, მნიშვნელოვანია, რომ 18 თვის ასაკამდე ბავშვს შეეძლოს დამოუკიდებლად სიარული.
მეტყველების განვითარების მხრივ, 2 წლის ასაკში უნდა აწყობდეს ორსიტყვიან რამდენიმე წინადადებებას, ხოლო 3 წლის ასაკში - სამსიტყვიან წინადადებებს.
გასათვალისწინებელია, რომ მეტყველების განვითარების შეფერხება წარმოადგენს აუტიზმის ერთ-ერთ პირველ კლინიკურ ნიშანს, ამიტომ საჭიროა დროული ვიზიტი სპეიალისტთან.
საყურადღებოა, როდესაც 12 თვის ასაკში არ წარმოთქვამს ცალკეულ მარცვლებს და არ გამოხატავს ემოციას ჟესტებით, 16 თვის ასაკში არ ამბობს არც ერთ სიტყვას და 24 თვის ასაკში არ შეუძლია ორსიტყვიანი წინადადების გამეორება. ნებისმიერ ასაკში საგანგაშო ნიშანია უკვე არსებული მეტყველებითი და სოციალური უნარების დაკარგვა.
კოგნიტური დარღვევების მიზეზები მრავალგვარია, ის შეიძლება განპირობებული იყოს გენეტიკური ან ქრომოსომული დაავადებებით, ასევე მუცლადყოფნის და პერინატალურ პერიოდში განვითარებული სხვადასხვა პათოლოგიით, ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებებით, ასევე არასრულფასოვანმა კვებამ, გარემოს დაბინძურებამ ტოქსიური ნივთიერებებით და ზოგიერთი მიკროელემენტის (მაგ. იოდის) დეფიციტმა შესაძლოა გამოიწვიოს კოგნიტური ფუნქციის დარღვევა. ამდენად აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, პირველ რიგში, მიზეზის დადგენის მიზნით, რათა დაიგეგმოს სწორი მართვის ტაქტიკა.
რაც შეეხება თავის ტრავმებს, უმრავლეს შემხვევაში მცირე ტრავმები სერიოზულ გართულებებს არ იწვევენ, რაც ბავშვის ანატომიური თავისებურებებითაა განპირობებული - თავის ტვინის მოცულობა პატარაა, ქალას ღრუში უფრო მეტია თავზურგტვინის სითხის რაოდენობა, ქალას ძვლების ნაკერები დრეკადია და ტვინი უფრო დაცულია ამორტიზაციისაგან.
თუმცა, არსებობს ნიშნები, რომელთა გამოვლენისას საჭიროა დაუყოვნებლის მივმართოთ ექიმს, ესენია: ცნობიერების შეცვლა, კრუნჩხვა, თავის ტკივილი, გულისრევა-პირღებინება, მხედველობის ან სმენის გაუარესება, სიარულის ან მეტყველების დარღვევა, ცხვირიდან ან ყურებიდან გამოჟონილი სისხლი ან გამჭვირვალე სითხე, ამნეზია (მეხსიერების დაკარგვა).
კლინიკური კვლვებით გამოვლინდა, რომ თითის წვერებზე უფრო ხშირად დადიან ის ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან ჭოჭინით გადაადგილდებიან. გარდა იმისა, რომ ჭოჭინა ტრავმატიზაციის მაღალ რისკს შეიცავს, ის ასევე უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვის ტანადობისა და სიარულის მანერის ჩამოყალიბებაზე.
თუ ის 2 წლის ასაკის შემდეგ მაინც მუდმივად დადის თითის წვერებზე, აუცილებელია ექიმთან კონსულტაცია, რადგან აღნიშნულის მიზეზი შეიძლება იყოს ცერებრული დამბლის მსუბუქი ფორმა, კუნთოვანი დისტროფია, აუტიზმი და მისი სპექტრის აშლილობები, თანდაყოლილი მოკლე აქილევსის მყესი.
თამარ იაკობაშვილი