ბავშვის ჯანმრთელობა მშობლისთვის ყოველთვის პირველ ადგილზეა, თუმცა ახლა, როცა კოვიდპანდემიამ ბავშვებშიც წამოშვა პრობლემები, მშობლების ყურადღება გაათმაგებულია.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ყარამან ფაღავა ამ პრობლემასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვან გარემოებაზე აკეთებს აქცენტს და მშობლებს, როგორც ყოველთვის, საინტერესო რჩევებს აძლევს. გთავაზობთ რამდენიმე ამონარიდს მისი ინტერვიუდან.
კორონავირუსით იღუპება ასაკოვანიც, საშუალო ხნისაც, ახალგაზრდაც და, სამწუხაროდ - ბავშვიც. მთელი მსოფლიო შეძრულია ამ ამბით. ღვთის წყალობით, საქართველოში ამ მხრივ არ არის საგანგაშო ვითარება. "კოვიდის" პრობლემა ბავშვებში, ღვთის წყალობით, საქართველოში ნაკლებად გამოხატულია, მაგრამ როგორც ვხვდებით, რიცხვი მოიმატებს, რადგან ევროპაში მოიმატა, ამიტომ პრევენციაა მთავარი. 50 წელია, სიცხე არ მქონია, რადგან ყოველდღე ცივ შხაპს ვიღებ. ამიტომ ვეუბნები ყველას, მოზრდილებსაც და ბავშვების პატრონებსაც, რომ ორგანიზმის გაკაჟება ყველაზე კარგი გამოსავალია. თუ გაკაჟებულია ადამიანი, მას ეს ვირუსი ან არ შეხვდება, ან თუ შეხვდა, ყველაფერი ძალიან მსუბუქად ჩაივლის. ჯანსაღი ცხოვრების წესია მთავარი, სხვა რეცეპტი არ არსებობს. ასევე, მნიშვნელოვანია სოციალური დისტანცირება, აუცილებელია ნიღბების გამოყენება. ეზოში ბავშვის გაყვანა კარგია, მაგრამ დაცვის მოწოდებული ელემენტებით (ნიღაბი, დისტანცია, ხელების ხშირი დაბანვა). ჯერჯერობით ბავშვებს "კოვიდის" წინააღმდეგ არ ცრიან, თუმცა გერმანიამ უკვე დაიწყო მოზარდების აცრა. თანდათან, ალბათ, აცრაც მოგვისწრებს და ბავშვებსაც ამ გზით დავიცავთ "კოვიდ 19"-ისგან. მხოლოდ მაღალი ტემპერატურა ყოველთვის საგანგაშო არ არის, რადგან ეს ბანალურმა ინფექციამაც შეიძლება გამოიწვიოს, მაგრამ როცა არის თუნდაც ერთი-ორი ნიშანი, რომელიც ამ ვირუსს ახასიათებს, - სიცხე, ხველა, სურდო (შედარებით იშვიათად), სუნთქვის გახშირება, ყნოსვის გაუარესება, გემოს დაკარგვაც, ასეთ დროს აუცილებლად უნდა გამოირიცხოს კოვიდი და ჩატარდეს სათანადო ტესტი. შეიძლება იყოს სხვა ნიშნებიც - ღებინება, მუცლის ტკივილი, გამონაყარი. ექიმთან მისვლა აუცილებელია. "კოვიდ-19" ინფექციის დროს, პირველ რიგში, სასუნთქი სისტემა ზიანდება და სისხლის შედედება იცვლება, ზოგჯერ თრომბებიც ჩნდება. სისხლის შედედების მთავარი მაჩვენებელია ე.წ. დი-დიმერის კონცენტრაციის მომატება, ამიტომაც ამ ინფექციის დროს ამ გამოკვლევის ჩატარება აუცილებელია. რაც შეეხება სასუნთქი სისტემის დაავადებებს, კლასიკური მეთოდებია გულმკერდის რენტგენი, მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, სატურაციის განსაზღვრა (რამდენად გაჯერებულია სისხლი ჟანგბადით). მაგრამ არსებობს ერთი, შედარებით უბრალო კვლევა, სახლშიც რომ შეიძლება მისი ჩატარება - რამდენ ხანს შეუძლია კაცს სუნთქვის შეკავება - მოზრდილმა ადამიანმა, სულ ცოტა, 30 წამი უნდა გაძლოს, 8 წელზე უმცროსმა - 20 წამი მაინც, თუ ვერ ახერხებს, ეს შეიძლება ფილტვის (ან გულის) დაზიანების შედეგი იყოს და სასწრაფოდ ექიმთან მისვლაა საჭირო. ასეთი მძიმე ინფექციის გადატანიდან ორი კვირის შემდეგ კარგი იქნება ანალიზების შემოწმება, "D-დიმერის" შემოწმება... თუ ვგრძნობთ, რომ ბავშვი სუსტად არის, მან რეაბილიტაციის პერიოდი უნდა გაიაროს ექიმთან და დაუბრუნდეს თავის მდგომარეობას, სრული გაჯანსაღებაა საჭირო. კოვიდინფექციის გადატანის შემდეგ უმადობა იჩენს თავს, საჭიროებისას მადის მომყვანი პრეპარატებიც ინიშნება. ნუ დაგვავიწყდება გარემო ფაქტორებიც, სუფრა ლამაზად უნდა გავუშალოთ პატარებს (ცხადია დიდებსაც), მამასთან ერთადაც თუ ვაჭმევთ, კარგია, დღეში ერთხელ მაინც. ერთად პურის ჭამა ოჯახს კიდევ უფრო აერთიანებს. იხილეთ სრული ინტერვიუ