ჯანმრთელობააქტუალური
ჰემატოლოგი განმარტავს, ვინ არის თრომბოზის მომატებული რისკის ქვეშ და საჭიროა თუ არა ანალიზები

კოვიდიინფექციამ მნიშვნელოვნად გაზარდა არამარტო თრომბოზის რისკები, არამედ ამ დიაგნოზისადმი ინტერესიც. ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება, აქვს თუ არა თრომბოზის მომატებული რისკი და ამის გამო სპეციალურ ანალიზებსაც უამრავი ხალხი იტარებს. ჰემატოლოგი ლევან მახალდიანი გადაცემაში "პირადი ექიმი" განმარტავს, რომ ვერცერთი ანალიზი ვერ გვამცნობს, რომ თრობოზის რისკის ქვეშ ვართ. 
"ასეთი ლაბორატორიული ტესტი არ არსებობს, ამიტომ ჯობია ვიცოდეთ ჩივილები, რითაც მივხვდებით, მივხდებით,  მივეკუთვნებით თუ არა მაღალი რისკის ჯგუფს, უნდა ვიცოდეთ ის ჩივილები, რაც თრომბოზს ახასიათებს და არა ის, რომ ლაბორატორიული ტესტები ვიკეთოთ. თუ თრომბი გაჩნდა ქვედა კიდურში, რომელიც უფრო ხშირი ლოკალიზაციაა,
ამ დროს არის კიდურის შეშუპება, ტკივილი, ზომაში მატება. მისი გართულებაა თრომბის მოხვდერდა ფილტვის არტერიაში, რაც იწვევს სუნთქვის უკმარისობას, ქოშინს, ტკივილს გულ-მკერდის არეში.  - განაცხადა ლევან მახალდიანმა და იმ მდგომარეობებზე ისაუბრა, რომლებიც თრომბოზის რისკს ზრდის.

„დიდი ხანია ცნობილი, ვინ არის თრომბოზის მაღალი რისკის ქვეშ. ბევრ კლინიკას აქვს სპეციალური კითხვარი. ყველა პაციენტი, რომელიც სტაციონარში ხვდება, ამ კითხვარის მიხედვით ფასდება. ეს კოვიდპანდემიამდეც ასე იყო. კითხვარის შევსების შედეგად შეგვეძლო, პაციენტი მიგვეკუთვნებინა თრომბოზის მაღალ რისკს. ასეთ შემთხვევაში პაციენტს სისხლის გამათხელებლებს უკეთებენ, მიუხედავად იმისა ანალიზებში, კოაგულოგრამაში, პროთრომბინის ინდექსი ან დედიმერი ექნება მაღალი თუ არა. ეს მაჩვენებლები საერთოდ არ არის საჭირო, რომ პაციენტი ასეთ რისკს მიაკუთვნო.

მაღალი რისკის ქვეშ არიან ონკოლოგიური პაციენტები,
შაქრიანი დიაბეტისა და ჭარბი წონის მქონე პირები - ეს არის სამი ძირითადი ფაქტორი, რაც ადამიანს მაღალი რისკის ჯგუფში აყენებს. თუმცა, არის სხვა რისკ-ფაქტორებიც. კერძოდ, იმობილიზაცია, ათეროსკლეროზი, ტრავმა, მოტეხილობა და ოპერაციული ჩარევა. ეს ყველა ის მდგომარეობაა, რომლის შემდეგაც ფრთხილად უნდა ვიყოთ“, - განაცხადა ლევან მახალდიანმა.
ბეჭდვა