იმ ბავშვებისთვის, ვინც კორონავირუსი გადაიტანა, სპეციალური, კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი გაიხსნა. ყველა იმ ბავშვს, რომლებმაც კორონავირუსი გადაიტანა, შესაძლებლობა აქვს, კვლევები და აუცილებელი ანალიზები ჩაიტაროს, რათა გართულებები თავიდან აირიდონ. როგორც იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე Mshoblebi.ge-სთან ამბობს, კოვიდ-19 საქართველოში, სავარაუდოდ, 30 ათასამდე ბავშვმა გადაიტანა. მისი გარკვეული სიმპტომები შეიძლება გახანგრძლივდეს და საფრთხე შეუქმნას ბავშვის ჯანმრთელობას. ის გვიყვება, რატომ გახდა აუცილებელი კოვიდ-ის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრის გახსნა და რა არ უნდა გამორჩეთ მშობლებს:
- კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრის შექმნის მიზეზი კორონავირუსის ის განსხვავებული და გამორჩეული თავისებურებაა, რაც ვირუსის გადატანის შემდეგ საკმაოდ დიდი დროის განმავლობაში სიმპტომების გახანგრძლივებას გულისხმობს. აღნიშნული ფენომენი სხვადასხვა სახელწოდებითაა ცნობილი. მათ შორისაა, ხანგრძლივი კოვიდი, ქრონიკული კოვიდი, პოსტ-კოვიდი, გახანგრძლივებული კოვიდი და ასე შემდეგ. თუმცა, ფაქტია, რომ ეს მხოლოდ კორონავირუსისათვის დამახასიათებელი მოვლენაა, რაც ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროს დაფიქსირდა.
დიდი ბრიტანეთის ჯანმრთელობის ეროვნული ინსტიტუტის მიერ კორონავირუსის მიმდინარეობა სამ განსხვავებულ პერიოდად იყოფა. პირველი, ეს არის კორონავირუსის მწვავე პერიოდი, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს 4 კვირის განმავლობაში. მეორე, 4-დან 12 კვირამდე პერიოდი, ე.წ. მიმდინარე სიმპტომური კოვიდ-19 და მესამე, 12 კვირის შემდგომ სიმპტომების არსებობის შემთხვევაში არსებული მდგომარეობა უკვე კლასიფიცირდება, როგორც პოსტ-კოვიდური სინდრომი. ხანგრძლივი კოვიდი განიმარტება, როგორც "კოვიდ-19-ის შესაბამისი ნიშნები და სიმპტომები, რომლებიც ვითარდება ინფექციის დროს ან მის შემდეგ, გრძელდება 12 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში და არ აიხსნება ალტერნატიული დიაგნოზით. ის, ჩვეულებრივ, წარმოდგენილია სიმპტომების კლასტერით, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სხეულის ნებისმიერ სისტემაზე."
მნიშვნელოვანია იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებთანაც შესაძლოა ეს სინდრომი დაფიქსირდეს. პანდემიის პირველი ტალღის მონაცემებით, სიმპტომების 1 თვეზე მეტი გახანგრძლივობა შეიძლება აღენიშნოს პაციენტების 20-დან 33%-ს, ხოლო პაციენტების 10%-ში სიმპტომები შეიძლება 12 კვირაზე მეტი პერიოდის განმავლობაში გაგრძელდეს, რაც ძალიან დიდი დროა. ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ პოსტ-კოვიდური სინდრომი შეიძლება აღენიშნოს იმ პაციენტებსაც, რომელთანაც დაავადების მიმდინარეობა არ იყო მძიმე და კოვიდი ბინაზე გადაიტანეს. ამასთან, არსებობს ამ სინდრომის განვითარების გარკვეული რისკ-ფაქტორებიც, როგორიცაა მაგალითად, სიმსუქნე, ბრონქული ასთმა, კოვიდ-19-ის მწვავე ფაზის მიმდინარეობისას 5 და მეტი სიმპტომის არსებობა და სხვა. ხანგრძლივი კოვიდი აღინიშნება ბავშვებშიც. იტალიაში ჩატარებული კვლევის მიხედვით, 6- დან 16 წლამდე ასაკის ბავშვების ნახევარზე მეტს, რომლებსაც ჰქონდათ კორონავირუსი, აქვთ მინიმუმ ერთი სიმპტომი, რომელიც გრძელდება 120 დღეზე მეტხანს. ბავშვების 42,6 %-ში ხანგრძლივი კოვიდის სიმპტომები გავლენას ახდენენ მათ ყოველდღიურ აქტიურობაზე. ერთ-ერთ ბრიტანულ პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ ბავშვებში კორონავირუსის გადატანის შემდეგ, შეიძლება 100-მდე განსხვავებული სიმპტომიც კი დაფიქსირდეს.
ასე რომ, შეიძლება ითქვას, რომ, ამ მიმართულებით, საქართველო ერთ-ერთი პირველია. 21 აპრილს თბილისში, იაშვილისა და ციციშვილის კლინიკებში ამოქმედდა კოვიდის შემდგომი ჯანმრთელობის ცენტრი. იაშვილის კლინიკას პოსტკოვიდური ერთ-ერთი სერიოზული გართულების, მულტისისტემური ანთებითი სინდრომის მართვაში საკმაოდ დიდი გამოცდილება დაუგროვდა. 2020 წლის 2 ნოემბრიდან დღემდე ამ დიაგნოზით 64 პაციენტია გატარებული და ამ ბავშვების დიაგნოსტიკასა და მართვაში ჩვენი კლინიკის სპეციალისტთა მულტიპროფილური ჯგუფი მონაწილეობდა. სწორედ ასეთი ჯგუფია აუცილებელი ქრონიკული კოვიდის მართვისაც: იმის გათვალისწინებით, რომ სიმპტომების ჩამონათვალი ძალიან დიდია, მხოლოდ პედიატრის შეფასება საკმარისი არ არის. მოსულ პაციენტებს ვახვედრებთ პედიატრს, პულმონოლოგს, კარდიოლოგს, რევმატოლოგს, ფსიქოლოგს, ნევროლოგს, ენდოკრინოლოგს. ასევე მნიშვნელოვანია სხვადასხვა გამოკვლევის ჩატარება, რომლის აუცილებლობას შესაბამისი სპეციალობის ექიმი განსაზღვრავს, მათ შორის, ელექტრო და ექოკარდიოგრაფია, სისხლის სრული ანალიზი, ღვიძლის ფუნქციის ტესტები, C-რეაქტიული ცილა, კოაგულაციის კვლევები (პროთრომბინის დრო, გააქტიურებული ნაწილობრივი თრომბოპლასტინის დრო, D-დიმერი, ფიბრინოგენი) და სხვა. დღეისათვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული 30 ათასამდე ბავშვი გვყავს, ამიტომ ქვეყანაში უნდა იყოს შესაძლებლობა ამ ბავშვებისთვის, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი სამედიცინო სერვისის მიწოდების. ასეთი სახის მომსახურების აუცილებლობა არა მარტო 2021 წელს, არამედ 2022 წელსაც საჭირო იქნება, ვინაიდან, სამწუხაროდ, ჯერჯერობით პანდემიას დასასრული არ უჩანს.
თამარ იაკობაშვილი