იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე აცხადებს, რომ ე.წ. მესამე ტალღის დროს ბავშვებში კორონავირუსის უფრო მძიმე მიმდინარეობა დაფიქსირდა, ვიდრე ნოემბერ-დეკემბრის პიკის დროს იყო, თუმცა მათთვის ვირუსი კვლავ ნაკლებად გადამდებია.
„ბავშვებს კორონავირუსი ისე არ გადაედებათ, როგორც მოზრდილებს. ბავშვებში ისედაც გვაქვს ნაკლებად აგრესიული ფორმები, ნაკლებად მძიმე მიმდინარეობა, ბავშვები ნაკლებად საჭიროებენ ჰოსპიტალიზაციას. ასევე მათი ინფიცირების მაჩვენებელი ნაკლებია, ვიდრე მოზრდილების, ბავშვები ნაკლებად მიმღებლები არიან კორონავირუსის მიმართ. ამის ყველაზე მარტივი ახსნა იმ რეცეპტორს უკავშირდება, რომელიც იწებებს კორონავირუსს და უშვებს ორგანიზმში. ეს რეცეპტორი ბავშვებში სუსტადაა განვითარებული. ამიტომ შესაძლებელია, რომ ოჯახის 5 წევრს ჰქონდეს კორონავირუსი და ბავშვს არ გადაედოს," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ გადაცემაში "პირადი ექიმი".
ივანე ჩხაიძემ ციციშვილის ბავშვთა ახალი კლინიკის მონაცემებზე დაყრდნობით აღნიშნა, რომ ბოლო დღეებში კორონავირუსით ინფიცირებული ბავშვების ნაკადი გაზრდილია და ამ ბავშვებში დაავადების სიმძიმე უფრო მეტადაა გამოხატული.
„ამ ნაკადში დაავადება უფრო მძიმედაა გამოხატული, ვიდრე ეს ნოემბერ-დეკემბერში გვქონდა. ახლა უფრო მეტად არის პროცესში ჩართული სხვადასხვა ორგანოები, ფილტვის დაზიანების ხარისხიც მეტია. საბედნიეროდ, ყველა მათგანის შემთხვევაში დაავადების მართვა წარმატებული იყო როგორც თბილისში, ასევე რეგიონულ პედიატრიულ კლინიკებში,“ - აღნიშნა ივანე ჩხაიძემ.
მისივე თქმით, გაზრდილი მიმართვიანობა და შეცვლილი კლინიკური სურათი შესაძლოა კორონავირუსის ბრიტანული შტამით იყოს განპირობებული. თუმცა ბავშვთა ინფიცირების პროცენტი ჩვენთან ყველა ტალღის დროს მაღალი იყო.
"საქართველოში ინფიცირებულთა შორის 9,5% გახლავთ ბავშვი, ანუ ყოველი 10 ინფიცირებულიდან ერთი ბავშვია. ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ქვეყნების უმრავლესობა 5%-3%-იან მაჩვენებელს მიუთითებს. ამიტომაც მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 12 წლის ზემოთ ყველა ბავშვმა პირბადე უნდა ატაროს. ეპიდსიტუაცია ისეა საქართველოში გართულებული, რომ ეს რეკომენდაცია 6 წლიდან ასაკზეც ვრცელდება. ანუ 6 წლიდან ბავშვმა ღია თუ დახურულ სივრცეში, ნიღაბი უნდა ატაროს," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.