ძუძუთი კვების მნიშვნელობა თანამედროვე დედებს ძალიან კარგად აქვს გაცნობიერებული. მიუხედავად იმისა, რომ ამ პროცესის უამრავი სასიკეთო ეფექტია ცნობილი, მეცნიერები კვლავ აგრძელებენ კვლევას და ახალ აღმოჩენებამდე მიდიან.
ახლახან ძუძუთი კვების კიდევ ერთი ძალიან სასარგებლო ეფექტი აღმოაჩინეს. როჩესტერის უნივერსიტეტის (აშშ) სამედიცინო ცენტრის მკვლევარებმა 9-10 წლის ასაკის 9000-ზე მეტი გოგონას და ბიჭის მონაცემები გამოიკვლია. კვლევის შედეგები ჟურნალ Frontiers in Public Health-ში გამოქვეყნდა, სადაც ნათქვამია, რომ კვლევა ამ ბავშვებში ნეიროკოგნიტური განვითარების შესწავლას გულისხმობდა. ბავშვებმა სპეციალური ტესტები ჩააბარეს ინტელექტის დონის, სამუშაო და გრძელვადიანი მესხიერების, სიტყვათა მარაგის, საზრიანობის, კითხვის სისწრაფის და წაკითხულის გააზრების შესამოწმებლად.
ბავშვების ტესტირებების შედეგები ჩვილობისას მათი ძუძუთი კვების მაჩვენებლებს შეადარეს. საბოლოოდ მეცნიერებმა დაასკვნეს, რომ ძუძუთი კვებასა და მომავალში ნეიროკოგნიტურ განვითარებას შორის პირდაპირი კავშირი არსებობს - ბავშვებმა, რომლებსაც ჩვილობისას ძუძუთი კვებავდნენ, ტესტებში უფრო მაღალი შეფასებები მიიღეს, ვიდრე ხელოვნური ნარევით გაზრდილმა თანატოლებმა.
სტატიაში ნათქვამია, რომ რაც უფრო დიდხანს გრძელდება ძუძუთი კვება, მით უფრო მაღალ შეფასებებს იღებენ ბავშვები ტესტებში. განსაკუთრებით მაღალი შედეგები აქვთ მათ, ვინც დედის რძეს წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში მიირთმევდა.
მათზე ოდნავ დაბალი შედეგები აქვთ ბავშვებს, რომლებსაც 7-12 თვემდე აძლევდნენ ძუძუს და კიდევ უფრო ნაკლები, ვინც 1-6 თვის განმავლობაში იკვებებოდა ბუნებრივად. თუმცა ამ უკანასკნელ ჯგუფს უფრო მაღალი შედეგები აქვთ მათთან შედარებით, ვისაც დედის რძე არასოდეს გაუსინჯავს.
„ჩვენ მიერ მოპოვებული მონაცემები ცხადყოფს, რომ ძუძუთი კვება, თუნდაც ძალიან მცირე დროის განმავლობაში, მაინც ახდენს დადებით გავლენას ბავშვის გონებრივ განვითარებაზე“ - აცხადებს კვლევის ერთ-ერთი ავტორი დენიელ ლოპესი.