რა სარგებლობას გვაძლევს კამით შეზავებული ახალი კარტოფილი? - მარი მალაზონიას განმარტება - მშობლები

რა სარგებლობას გვაძლევს კამით შეზავებული ახალი კარტოფილი? - მარი მალაზონიას განმარტება

2021-05-10 10:39:19+04:00

ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი მარი მალაზონია" ახალი კარტოფილისა და კამის კომბინაციაზე საუბრობს. ექიმი განმარტავს, რა სასარგებლო ნივთიერებებით დატვირთავს ჩვენს ორგანიზმს კამით შეზავებული ახალი კარტოფილი:

- ახალი კარტოფილის შემოსვლა ნიშნავს იმას, რომ გვაქვს უნიკალური საშუალება, ძალიან ადვილად შეთვისებად ნახშირწყალთან ერთად, მივიღოთ დიდი რაოდენობით კალიუმი, იმიტომ, რომ ახალ კარტოფილს ეს ნიადაგიდან მაქსიმალურად აქვს ამოღებული. რა თქმა უნდა, მასში ბევრი ქიმიკატიც იყრის თავს, მაგრამ ბუნებრივად ნიადაგიდან ნიტრონაერთები ძირხვენებში გადმოდის. სისხლძარღვებზე მოქმედებს, თავის ტვინის უზრუნველყოფისთვისაა მნიშვნელოვანი, კალიუმი ასევე კუნთოვანი სისტემისათვისაა საჭირო. უჯრედის ნორმალური მუშაობისათვისაც გვჭირდება. თუმცა, ვისარგებლებ შემთხვევით და გეტყვით, რომ თუ ჩვენ არაკეთილსინდისიერად გამოვიყენეთ ბევრი ქიმიკატი, მაშინ პროდუქტი ასეთი ნიტრონაერთებითა და ქიმიკატებითაც დაგვტვირთავს. ამიტომ, პატარა ასაკის ბავშვებს ახალი ანუ პირველი ამოღებული კარტოფილი ცოტა ფრთხილად, გარკვეული დისტანცირებით მივცეთ. ორსულებთან დაკავშირებითაც სიფრთხილეა საჭირო. კამისა და კარტოფილის ურთიერთშეხამება ეს არის ნაწლავისათვის იდეალური კომბინაცია იმისათვის, რომ კამაში არსებულმა ეთერზეთმა მაქსიმალურად დამამშვიდებელი და კეთილმყოფელი გავლენა იქონიოს ნაწლავის მუშაობაზე"- აცხადებს მარი მალაზონია.

ექიმი ასევე, განმარტავს, რამდენად მნიშვნელოვანი როლი აქვს მაწონსა და რძის პროდუქტებს ბავშვებისა და მოზარდების კვების რაციონში:

"მოზარდების შემთხვევაში, ისევე, როგორც ბავშვებზე, ხშირად ვამბობთ ხოლმე, რომ რძის ნაწარმი აუცილებლად უნდა იყოს მათი დღიური რაციონის შემადგენელი ნაწილი, რადგან ეს ძალიან მარტივად შესათვისებელი ცილაა. კალციუმის, ფოსფორის, გარკვეულ წილად, D და A ვიტამინის უმნიშვნელოვანესი წყაროა. ასევე, კარგი საშუალებაა ბავშვის ნაწლავის მიკრობიომისა და მიკრობიოტას მოსაწესრიგებლად. ჩვენი ნაწლავი ჩვენი მეორე ტვინია. ამაზე არაერთი ფაქტი მოწმობს. ჩვენი გუნება-განწყობა, იმუნური სისტემა, მენტალური ჯანმრთელობა ნაწლავის მდგომარეობაზეა დამოკიდებული".