საქართველოში კორონავირუსის ე.წ. მესამე ტალღა მიმდინარეობს და ყოველდღიურად ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია. როგორც აღმოჩნდა, შემთხვევათა რიცხვი ბავშვებშიც გაიზარდა. ი. ციციშვილისსახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორი მაია ჩხაიძე გვეუბნება, რომ კლინიკაში ახლა 70-მდე ბავშვი მკურნალობს. მათთან რამდენად მძიმედ მიმდინარეობს ვირუსი და რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა, მაია ჩხაიძე გვპასუხობს:
- ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკა კოვიდპაციენტების მიღებაში გასული წლის ოქტომბრიდანაა ჩართული. ე.წ. მეორე ტალღასთან შედარებით, ახლა მომართვიანობა ნამდვილად გაზრდილია. სავარაუდოდ, საქართველოში მუტირებული ვერსია ცირკულირებს და ბავშვებში შედარებით მძიმედ მიმდინარეობს. სიმძიმეში იგულისხმება მაღალი ცხელება, რომელიც სიცხის დამწევ პრეპარატებს არ ემორჩილება. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ არც ერთი ბავშვი არ ყოფილა ჩვენს კლინიკაში მართვით სუნთქვაზე და არც სიკვდილიანობის შემთხვევა დაფიქსირებულა. მშობელი ნამდვილად ვერ განსაზღვრავს წინასწარ, ბავშვებში რა შემთხვევაში შეიძლება წავიდეს კორონავირუსი მძიმედ. ჯერჯერობით, ჩვენს ქვეყანაში ბავშვთა ასაკობრივ კატეგორიაში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია არ მიმდინარეობს, თუმცა, იმისათვის, რომ პანდემია დასრულდეს, პროცესში მათი ჩართვაცაა აუცილებელი. ამ ეტაპზე, მშობელი მაქსიმალურად უნდა ეცადოს, რომ არც თავად დაინფიცირდეს და არც ბავშვი. დაიცვას სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები და რეკომენდაციები. ასევე, ჩაიტარონ კოვიდსაწინააღმდეგო აცრა. სხვაგვარად ბავშვებს ვერ დავიცავთ.
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორის, პედიატრ ივანე ჩხაიძის განცხადებით,ბავშვთა ინფიცირების პროცენტი ჩვენთან ყველა ტალღის დროს მაღალი იყო.
"საქართველოში ინფიცირებულთა შორის 9,5% გახლავთ ბავშვი, ანუ ყოველი 10 ინფიცირებულიდან ერთი ბავშვია. ეს საკმაოდ დიდი ციფრია. ქვეყნების უმრავლესობა 5%-3%-იან მაჩვენებელს მიუთითებს. ამიტომაც მკაცრი რეკომენდაციაა, რომ 12 წლის ზემოთ ყველა ბავშვმა პირბადე უნდა ატაროს. ეპიდსიტუაცია ისეა საქართველოში გართულებული, რომ ეს რეკომენდაცია 6 წლიდან ასაკზეც ვრცელდება. ანუ 6 წლიდან ბავშვმა ღია თუ დახურულ სივრცეში, ნიღაბი უნდა ატაროს," - აცხადებს ივანე ჩხაიძე.
თამარ იაკობაშვილი