რა უნდა იცოდეთ კორონავირუსზე აცრის წინ და შემდეგ - ექიმი მაკა ბულეიშვილის განმარტებები
საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მიმდინარეობს. ბევრი ადამიანი უკვე სრულადაა აცრილი, ზოგი კი თავის რიგს ჯერ კიდევ ელოდება. ჯანდაცვის სპეციალისტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-თერაპევტი მაკა ბულეიშვილი გვიყვება, რა უნდა გავითვალისწინოთ ვაქცინაციამდე, პრეპარატებისა და ალკოჰოლის გამოყენებისას რას უნდა მივაქციოთ ყურადღება და რა გვერდითი მოვლენა შეიძლება ახლდეს აცრას:
- ძალიან კარგია, რომ ასეთი დაინტერესება და სურვილია, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში. აუცილებლად უნდა გავაგრძელოთ ეს პროცესი. სინოფარმთან დაკავშირებით ძალიან დიდი აქტივობა შეინიშნება. მის ანოტაციაში წერია, რომ ტრადიციული ვაქცინაა და სწორედ ამის გამო გამოთქვა უამრავმა ადამიანმა აცრის სურვილი. ამ ვაქცინას 18 წლიდან 60 წლამდე უფრო მაღალი ეფექტურობა აქვს. დაახლოებით, 79%-80%. ეს იმას ნიშნავს, რომ ადამიანს დაცულობის მექანიზმი ამ პროცენტული მაჩვენებლით აქვს. ასევე, დაინფიცირების შემთხვევაშიც, გამოსავალი კეთილსაიმედოა. როგორც ვთქვი, სინოფარმი და ასევე სინოვაკი ტრადიციული მეთოდით დამზადებული ვაქცინებია და კარგია. მაგრამ ასაკოვან ჯგუფებში ასტრაზენეკასა და ფაიზერთან შედარებით, უფრო დაბალია დაცულობის პროცენტული მაჩვენებელი, რაც კვლევებითაა დადასტურებული.
ვაქცინაციის წინ აუცილებელია, რომ მშვიდად ვიყოთ. კონკრეტული დაავადება არ უნდა იყოს გამწვავებული. მაგალითად, თუ ადამიანს ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება აქვს და ვაქცინაციის წინ პროცესი გამწვავებულია, ჯობს, ჯერ დარეგულირდეს პროცესი და შემდეგ აიცრას. ასევე, ვისაც შაქრიანი დიაბეტი აქვს, გლუკოზის დონის გაკონტროლება მნიშვნელოვანია. თუ ვაქცინაციამდე რამდენიმე დღით ადრე გვაქვს მწვავე რესპირატორული ვირუსი, ტემპტერატურა, გამოხატული ალერგია, თვალებიდან ცრემლდენა, კონიუნქტივიტი, გამონაყარი, ჰაერის უკმარისობა, ხველა, ,,მოხრჩობის სინდრომის“ მსგავსი სიმპტომი, რა თქმა უნდა, ასეთ შემთხვევაში, პროცესი უნდა ჩავიცხროთ და შემდეგში მივიდეთ აცრაზე. მენსტრუაციის დროსაც არ არის მიზანშეწონილი, რადგან ამ დროს ორგანიზმში ჰორმონალური ცვლილებები მიმდინარეობს. თუ ვიცით, რომ ჭინჭრის ციება, ალერგიული ბრონქული ასთმა გვქონდა ცოტახნის წინ, აქაც ექიმის რეკომენდაციის გათვალისწინებაა საჭირო. თუ ვიცით, რომ ჰიპერლიპიდემია, ღვიძლის პათოლოგიები, არტერიული ჰიპერტენზია გვაქვს, აქაც ვაქცინაციამდე პროცესები გამწვავებული არ უნდა იყოს. ასევე, თუ პაციენტს გაფანტული სკლეროზი, ნევროლოგიური პათოლოგიები, ეპილეფსია აქვს, ნევროლოგთან და ოჯახის ექიმთან უნდა გაიაროს კონსულტაცია.
თამარ იაკობაშვილი