სოციალურ ქსელში უამრავი სამედიცინო ჯგუფი არსებობს, სადაც ადამიანები თამამად უზიარებენ ერთმანეთს რჩევებსა და რეკომენდაციებს. თუმცა, ამ რჩევებს შორის ხშირად შეიძლება შეხვდეთ ძალიან ბევრ უცნაურ ხალხურ მეთოდს, რომლებსაც ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე ენდობიან. მხოლოდ სხვა ადამიანების გამოცდილების გაზიარება შეიძლება ცუდი შედეგით დასრულდეს და კონკრეტული საშუალება სასარგებლო კი არა, უარყოფითი შედეგის მომტანიც კი აღმოჩნდეს თქვენთვის. ჯანდაცვის სპეციალისტი, პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი, ექიმი-თერაპევტი მაკა ბულეიშვილი გვესაუბრება, რა დანიშნულება აქვს ხალხურ მედიცინას და რა უნდა გაითვალისწინონ ადამიანებმა, რომლებიც ინტერნეტში ამოკითხულ თუ ნაცნობების რჩევებს იზიარებენ:
- ჩვენს ქვეყანაში მკურნალობის ხალხური მეთოდების გამოყენება მრავალ წელს ითვლის და ახლაც პოპულარულია. არსებობს ტრადიციული მედიცინის სპეციალური მიმართულება და ამ დარგში ბევრი ადამიანია ჩართული. ხალხური მედიცინის უგულებელყოფა არ შეიძლება, ის ხშირად, მედიკამენტოზურ მკურნალობასთან ერთად, ძალიან კარგ შედეგს იძლევა. მცენარეული წარმოშობის პრეპარატები ხშირად გვეხმარება, მაგალითად, ვალერიანის აბები, სხვადასხვა ნაყენი, ევკალიპტის ნაყენი, მუხის ქერქის ნაყენი, რომელიც სხვადასხვა სახის ანთებითი პროცესისათვის, ყელის ტკივილის დროს ძალიან კარგია. პიტნის ნაყენი, რომელიც მუცლის შებერილობის დროს არაჩვეულებრივია, აქვს დამამშვიდებელი ეფექტი. ძალიან კარგი მალამოები გვაქვს, მაგალითად, თურმანიძის, უზნაძე-მჭედლიშვილის და სხვა, რომლებსაც მკურნალობის პარალელურად ვიყენებთ. გარდა ამისა, მოსახლეობაში უამრავი საშუალებაა გავრცელებული. აუცილებლად გასათვალისწინებელია, რა ეტაპზე სჭირდება ადამიანს ხალხური მედიცინის პრეპარატების მიღება. ვფიქრობ, მოსახლეობა ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას არ უნდა უზიარებდეს, რადგან ყველა ადამიანი ინდივიდუალურია და ის, რაც შეიძლება ერთის შემთხვევაში სასარგებლოა, მეორემ დადებითი კი არა - პირიქით, საზიანო ეფექტი მიიღოს. ვთვლი, რომ ის ადამიანი, რომელსაც ამ დარგში არ აქვს სპეციალური ცოდნა და გამოცდილება, სხვადასხვა ჯგუფსა თუ პირად ნაცნობებში რეკომენდაციებს არ უნდა გასცემდეს, რადგან ამგვარი მიდგომა არასწორია.
- სოციალურ ქსელში ბევრი სამედიცინო ჯგუფი არსებობს და იქ ადამიანები ხშირად ურჩევენ ერთმანეთს შარდის გამოყენებას, სხვადასხვა მიმართულებით. რა შეგიძლიათ ამაზე თქვათ?
- ეს საკმაოდ საყურადღებო თემაა და ჩემთვის, წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება ერთმა ადამიანმა მეორეს შარდით მკურნალობა ურჩიოს. ეს რომ პანაცეა იყოს, მაშინ ყველაფერი კარგად გვექნებოდა. უამრავი გვერდითი ეფექტი შეიძლება გამოიწვიოს, მაგალითად, ორგანიზმის ინტოქსიკაცია და მეტაბოლური ცვლის დარღვევები.
- ხშირად ამზადებენ სხვადასხვა ბალახის ნაყენს. აქ რა საფრთხე არსებობს?
- კატაბალახა, ქრისტესისხლა, კუნელი, ვალერიანი, თითოეულ ჩვენგანს დასამშვიდებლად ალბათ ერთხელ მაინც მიგვიღია. თუმცა, არის ისეთი ბალახები, რომელთა ნახარშის მიღებამაც შესაძლოა ადამიანში სისხლდენა გამოიწვიოს. უამრავი რეცეპტია გავრცელებული და განსაკუთრებით ფრთხილად უნდა იყვნენ, ვიდრე ინტერნეტში ამოკითხულ ან ახლობლების რჩევას გაითვალისწინებენ. მყავდა პაციენტი, რომელიც მეკითხებოდა, თუ შეეძლო ბაბუაწვერას ნახარშის დალევა. ნამდვილად არ ვიცი, რა ეფექტი აქვს ბაბუაწვერას ნახარშის მიღებას, მაგრამ ფაქტია, რომ ასე უკონტროლოდ ყველაფრის დალევა არ შეიძლება. იგივე შემიძლია ვთქვა ნიორზეც. ნიორი ძალიან კარგი პროდუქტია, ანტიოქსიდანტია და ბევრი სასარგებლო თვისება აქვს. მაგრამ მისი ძალიან დიდი რაოდენობით გამოყენება კუჭის პრობლემებს იწვევს.
- კიდევ ერთი გავრცელებული საშუალება დედის რძით მკურნალობაა...
- დედის რძე ბაქტერიციდულია და ახალშობილებს კონიუნქტივიტის დროს ხშირად თვალშიც კი აწვეთებენ. ზოგადად, ახალშობილისთვის დედის რძე ყველაზე მისაღები პროდუქტია. მოზრდილებში რა მიზნით იყენებენ, არ ვიცი და არც მგონია, რომ რაიმე სერიოზული ეფექტი ჰქონდეს.
- მკურნალობის დროს ადამიანის ნერწყვის გამოყენება რა ტიპის საფრთხეს შეიცავს?
- ნერწყვი შეიძლება გარკვეული ვირუსის მატარებელი იყოს და დაინფიცირების წყაროდ გადაიქცეს. ნერწყვით და ჰაერწვეთოვანი გზით გადადის კორონავირუსი, სხვა ვირუსული ინფექციები და, რა თქმა უნდა, მისი გამოყენება გამართლებული არ არის.
- სარეცხის საპონსაც ხშირად იყენებენ ადამიანები. ამ შემთხვევაში რა უნდა გაითვალისწინონ?
- სარეცხის საპონი ბაქტერიციდულია. ძალიან კარგია სხვადასხვა სახის ჭრილობის დამუშავების დროს. უბრალოდ, დიდი რაოდენობით სარეცხმა საპონმა შეიძლება კანი გამოაშროს.
- თქვენი გამოცდილებით, კიდევ რა ხალხურ მეთოდებს მიმართავენ ადამიანები ხშირად?
- ზოგიერთი ადამიანი არაყს იყენებს. ხშირად უთქვამთ, რომ კორონავირუსი ვერაფერს დააკლებთ, რადგან ყოველ დილით ერთ ჭიქა არაყს მიირთმევენ. ლიმონსა და თაფლსაც იყენებენ, რაც თავისთავად, ზომიერი რაოდენობით, ძალიან კარგია. ლიმონი ანტიოქსიდანტია, C ვიტამინს შეიცავს, იმუნიტეტის გასაძლიერებლად და შემადედებელი სისტემისთვის კარგი საშუალებაა, თუმცა მისმა დიდი რაოდენობით მიღებამ შეიძლება კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები გამოიწვიოს. ხშირად იყენებენ რძისა და თაფლის კომბინაციას, რაც საზიანო არ არის. ასევე, ჯანჯაფილსა და დარიჩინს. თუმცა, ყველა შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ორგანიზმის დამოკიდებულება კონკრეტული პროდუქტისადმი.
თამარ იაკობაშვილი