ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ტელეკომპანია "იმედის" შუადღის ეთერში ვაქცინაციასთან დაკავშირებულ საინტერესო შეკითხვებს უპასუხა.
გთავაზობთ იმ რამდენიმე პასუხს, რომლებიც ყველაზე მეტად აინტერესებს მოსახლეობას.
თუ პირველი დოზის შემდეგ ადამიანმა ვერ მოახერხა მეორე დოზაზე დარეგისტრირება, ხომ არ დაეკარგება კუთვნილი დოზა?
როცა პირველი დოზა კეთდება, იქ აუცილებლად უკვე გარანტირებული და დარეზერვებულია მეორე დოზა. შეიძლება რეგისტრაციისას იყოს ტექნიკური პრობლემა, მაგრამ ეს დოზა აუცილებლად მივა დანიშნულების ადგილზე.
რომელი ვაქცინა უკეთ გვიცავს და რომელი ასაკისთვის?
"ფაიზერი" და "ასტრაზენეკა" ინფიცირებისგან დაახლოებით 90%-ით გვიცავს, "სინოფარმი" კი 76%-78%-ით. თუმცა დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან და გარდაცვალებისგან სამივე ვაქცინა თითქმის 100%-ით იცავს. მაგალითად, გრიპის ვაქცინას თუ შევადარებთ, მას 50%-60%-იანი მაჩვენებელი აქვს ინფიცირებისგან დაცვის.
რაც შეეხება ასაკს, "სინოფარმის" შემთხვევაში საკმარისი კვლევები არ ჩატარებულა 60 წლის ზემოთ პირებზე და ქრონიკული დაავადებების მქონე პირებზე. ამიტომ ამ ორ შემთხვევაში რეკომენდებულია "ფაიზერის" ან "ასტრაზენეკას" ვაქცინა.
ვინც ელოდება ფაიზერს, როდის იქნება მათთვის აცრა შესაძლებელი?
აქტიურად ვმუშაობთ "ფაიზერთან" და მოკლე ხანში გვექნება ინფორმაცია, თუ როდის შემოვა ეს ვაქცინა ჩვენთან. თუმცა დღეს რეკომენდაციაა, რომ არ დაველოდოთ "ფაიზერს" და ავიცრათ იმით, რაც ხელმისაწვდომია.
რომელ ვაქცინაზე დღეის მდგომარეობით, რეგისტრაცია შესაძლებელი?
ამ დროისთვის რეგისტრაცია მიმდინარეობს "ასტრაზენეკას" ვაქცინაზე 45 წელს ზემოთ პირებისთვის. ივნისის ბოლოს "სინოფარმის" ახალი პარტია შემოვა, მანამდე მარაგში "სინოვაკი" გვაქვს. მას შუალედური დადებითი შეფასება უკვე აქვს ჯანმო-ს ექსპერტებისგან და ვფიქრობთ, უახლოეს მომავალში დავიწყებთ მის გამოყენებას. მონაცემები "სინოვაკის" ეფექტურობაზე ჯერ კიდევ ივსება. ბოლო კვლევით მისი ეფექტურობა ინფიცირების კუთხით 80%-ზ მეტია. ევროპის მარეგულირებელმაც დაიწყო მისი შესწავლა.
შეეძლებათ თუ არა ჩინური ვაქცინებით აცრილ ადამიანებს ევროპაში მოგზაურობა?
მოგზაურობასთან დაკავშირებით მკაფიო გადაწყვეტილებები ჯერ-ჯერობით არ არის მიღებული. ძალიან გამიკვირდება, თუ ჯანმო-ს მიერ ავტორიზებული ვაქცინა არ იქნება რომელიმე ქვეყნის მიერ აღიარებული ისე, რომ მოგზაურებს არ დართონ ქვეყანაში შესვლის ნება.
დღესვე შეუძლია ნებისმიერ აცრილ მოქალაქეს მიმართოს დაავადებათა კონტროლის ცენტრს და ამობეჭდილი სახით მიიღოს თავისი კოვიდსერთიფიკატი, თუ ეს მოგზაურობისთვის დასჭირდება.
რა ხდება აცრიდან 6 თვის შემდეგ?
"ფაიზერიც" და "სინოფარმიც" საუბრობენ მესამე გამაძლიერებელი დოზის საჭიროებაზე 6,8 ან 12 თვის შემდეგ.
შეიძლება თუ არა "სინოფარმით" აცრილი ადამიანი შემდეგში "ფაიზერით" აიცრას? ან მესამე დოზა გაიკეთოს სხვა ვაქცინით?
რაიმე მყარი მეცნიერულად დასაბუთებული პასუხი არ არსებობს და ახლა ყალიბდება ეს რეკომენდაციები. მოკლე ხანში, ალბათ ჯანმო-ს ექნება კონკრეტული მითითება.
ვისაც გადატანილი აქვს კორონავირუსი და აქვს ანტისხეულები, მან საკმარისია, რომ ერთი დოზა გაიკეთოს?
რამდენიმე ავტორიტეტული საერთაშორისო ორგანიზაცია ამბობს, რომ დაავადებაგადატანილ ადამიანს შესაძლოა მხოლოდ ერთი დოზა სჭირდებოდეთ, თუმცა ამას რეკომენდაციის სახე არა აქვს. ამიტომ ჩვენ ვრჩებით კვლავ 2 დოზაზე.