ზოგიერთი მშობელი ფიქრობს, რომ ბავშვს თბილად უნდა ჩააცვას, მიუხედავად ამინდისა. ასევე გავრცელებულია ბავშვების ჩაცმა დიდების მსგავსად - იგივე სტილის შარვლები, პიჯაკები, ვიწრო სამოსი, ჰალსტუხი თუ ყელსახვევები. ბაკურ კოტეტიშვილი, ბავშვთა ნევროლოგი, პროფესორი გადაცემაში "პირადი ექიმი" საუბრობს, რა შეცდომას უშვებენ ყველაზე ხშირად ამ მიმართულებით და რატომაა საზიანო ბავშვის ჯანმრთელობისთვის ზედმეტად ბევრი ტანსაცმლის ჩაცმა:
- ნებისმიერი შეკოჭვა, შებოჭვა, მოჭერა მოძრაობის შეზღუდვაა. არც ერთ ჩვენგანს სურს მოჭერილი ტანსაცმელი, დავიწყოთ თუნდაც ფეხსაცმლიდან და დავამთავროთ ქუდით. ეს დისკომფორტია. ვერც ერთი გამოვიყენებთ, შეიძლება ცოტახნით გავუძლოთ, მაგრამ დიდი ხნით ვერ გამოვიყენებთ. ეს მაშინ, როდესაც ქცევას სხვადასხვა ფენომენით ვარეგულირებთ. შემოდის სოციალური, ურთიერთობითი, მორალური, ეთნიკური, ეთიკური, რელიგიური დატვირთვები და ასე შემდეგ. ასეთი რამ ბავშვს არ აქვს. აქიდან გამომდინარე, მისი ჩაცმულობა რაც შეიძლება ხალვათი და მინიმალური უნდა იყოს. ბავშვის ტემპერატურა 10 ერთეულით მაღალია მოზრდილის ტემპერატურაზე. ამიტომ, გავრცელებული აზრი, რომ ბავშვს სცივა და მიფარება სჭირდება, მხოლოდ სავალალოა, იმიტომ, რომ გადახურება ხდება. გადახურების შემთხვევაში, ორგანიზმი დიდი რაოდენობით სითხეს აორთქლებს. როდესაც აორთქლება ვერ შველის, რთავს ე.წ. გადარჩენის სისტემას, ოფლდენას. ოფლი კი მკვეთრი დანაკარგია როგორც სითხის, ასევე მინერალური მარილების. ხშირად მეუბნებიან, ბავშვი ღამით საბანს იხდის. რახან იხდის, ესეიგი სცხელა და ამას სხვანაირი განმარტება არ სჭირდება. აორთქლებული სითხე ძალიან დიდი დეფიციტია ორგანიზმისთვის იმიტომ, რომ ჩვილის სხეულის 92 პროცენტი სითხეა. რაც უფრო ასაკში შევდივართ, "ვშრებით", ხოლო რაც უფრო პატარაა ბავშვი, მით უფრო წყლიანია. შესაბამისად, მისი დანაკარგი და ჩვენი, ზრდასრულების, დანაკარგი ერთნაირი არ არის. ბავშვისთვის უფრო სავალალოა იმიტომ, რომ ძალიან მაღალი მოთხოვნილება აქვს. ამას რეალურად ყურადღებას არავინ აქცევს. რაც მთავარია, გავრცელებულია ფენომენი, რომ ბავშვს წყალი არ უნდა. ძუძუზე მყოფ ბავშვს, თუ მისი ჩაცმულობა და გარემო პირობები, სადაც არის, ოპტიმალურია, ნამდვილად არ სჭირდება წყალი, თუმცა, ხშირ შემთხვევაში, მეორე ნაწილი დარღვეულია. ძალიან მარტივია, რომ ბავშვს წყალი მივაწოდოთ და ვცადოთ, იქნებ დალიოს. მესამე და მთავარი, მოძრაობასთან დაკავშირებით შემიძლია ვთქვა: ნებისმიერი დეჰიდრატაცია ანუ გამოშრობა კუნთის ტონუსის დაქვეითებას იწვევს, მოძრაობით აქტივობას პირიქით, აქვეითებს. ამიტომ, არასწორი ჩაცმულობით საბოლოო ჯამში განვითარების შეფერხებას ვიღებთ.