მეჭეჭები ბევრ ადამიანს აქვს და როგორც წესი, ყველასთვის უსიამოვნო რამაა. ზოგჯერ კი - საშიშიც. ამიტომ სხვადასხვა გზით ცდილობენ მოშორებას. არსებობს უამრავი მითი, არაეფექტური და საშიში საშუალება, რომელთა გამოყენებაც არ შეიძლება. გარდა ამისა, ხშირად მოკვეთასაც გადაწყვეტენ ხოლმე. რა უნდა გაითვალისწინონ ამ დროს ადამიანებმა, რატომ არ შეიძლება თვითნებური მკურნალობა და მეჭეჭის მოცილების რა თანამედროვე გზები არსებობს, თემაზე თბილისის დერმატო-ვენეროლოგთა ასოციაციის თავმჯდომარე, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური ექსპერტი, სქესობრივად გადამდები ინფექციების ევროპის ბიუროში (IUSTI) საქართველოს წარმომადგენელი და 2022 წელს 36-ე ევროპის კონგრესის თბილში თანაპრეზიდენტი სოსო კობახიძე გვესაუბრება:
- მოკვეთა სამედიცინო პროცედურაა და აუცილებლად, შესაბამის დაწესებულებაში უნდა გაკეთდეს. რაც შეეხება მოცილებას, არსებობს სხვადასხვა მეთოდი, რომელთა გამოყენებასაც ექიმი წყვეტს. საშიშია მაშინ, როცა პრობლემის მოგვარებას ადამიანები სახლის პირობებში ან კიდევ სალონებში ცდილობენ. წლების წინ თავადაც მინახავს, სილამაზის სალონებში ჩამოთვლილ პროცედურებს შორის, მეჭეჭის მოშორებაც ეწერა ხოლმე. ეს, რა თქმა უნდა, საშიშია, მეჭეჭის მოცილებით კანის მთლიანობა ირღვევა, შეიძლება ინფექცია განვითარდეს, კიდევ უფრო გამრავლდეს და ასე შემდეგ. იდენტიფიცირება, მეჭეჭია თუ სხვა რამ საშიში წანაზარდი, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია და სპეციალისტის გარდა, ამას ვერავინ დაადგენს. მოცილების სხვადასხვა მეთოდი არსებობს, მათ შორის, ერთჯერადი, რამდენიმე პროცედურიანი, კონკრეტული კრემის ან სითხის გამოყენება, რასაც აუცილებლად ექიმი წყვეტს.
- გასაქრობად ხშირად მიმართავენ იმ ხალხურ მეთოდებს, მცენარეებს, რაზეც არსებობს საზოგადოებაში ჩამოყალიბებული ხედვა, რომ მეჭეჭებს აცილებს. რამდენად გამართლებულია მსგავსი მიდგომა?
- დაახლოებით, ისეთივე გამართლებულია, როგორიც ლეღვის ფოთლის ნახარშით რუჯის მიღების მცდელობაა. ზოგიერთ მცენარეში არსებობს ისეთი ტიპის ნივთიერებები, რომლებიც ქიმიურ დამწვრობას იწვევენ. შხამია და არ აქვს მნიშვნელობა, ამას მცენარისგან მიიღებთ თუ ქიმიური გზით. თუ ეს შხამი მოხვდა კონკრეტულ ადგილას, მით უმეტეს, ხშირად დოზირებაც დარღვეულია, დიდი დამწვრობის მიღების რისკი არსებობს. ასევე, ადამიანი თვითნებურად ვერ განსაზღვრავს რომელიმე საშუალების გამოყენებას. მაგალითად, იმას, რასაც კანზე ვიყენებთ, ლორწოვანზე ვერ გამოვიყენებთ. ასე რომ, პაციენტებმა მსგავსი საშუალებების შედეგად შეიძლება სერიოზული დამწვრობა მიიღონ, რომელიც ხანდახან ნაწიბურითაც კი მთავრდება, აღარაფერს ვამბობ ფიზიკურ ტკივილზე.
- რომელია ყველაზე უცნაური მეთოდი ან მიდგომა, რაც პაციენტებისგან გაგიგიათ და რითაც მეჭეჭის მოშორებას ცდილობენ?
- საზოგადოებაში უამრავი მითია გავრცელებული. ზოგი ამბობს, რომ ძაფის მოჭერა შველის, ზოგიერთის აზრით, სპეციალური შელოცვა სჭირდება. არიან ისეთები, რომელთაც ჰგონიათ, რომ თუ ბაყაყს ხელს მოკიდებენ, გაუქრებათ. რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. სამედიცინო კვლევებითაა დადასტურებული, რომ ზოგ შემთხვევაში თავისითაც ქრება, ხოლო თუ ეს გაქრობა თან დაერთო რომელიმე შელოცვას, მაშინ მითი კიდევ უფრო მყარდება. ნუ შეეშინდებათ პაციენტებს, არაფერი საშიში ამ პროცედურებში არ არის. თუ მოყინვით ხდება მოცილება, მაშინ აბსოლუტურად უმტკივნეულოა. თუ ლაზერის გამოყენებით, მინიმალურ ტკივილს ტოვებს, ხოლო თუ ელექტრო ან ღრმა ჩარევაა საჭირო, ამ დროს გაუტკივარებას მიმართავენ ხოლმე. აღსანიშნავია ასევე ისიც, რომ თუ შესაბამის დაწესებულებაში ჩატარდება, პროცედურა უვნებელია. არსებობს საშუალებები, რომლებიც შეიძლება სახლშიც გამოიყენონ, თუმცა, ესეც სპეციალისტის რეკომენდაციით.
- ვისაც ბევრი მეჭეჭი აქვს სხეულზე, რა უნდა გაითვალისწინონ ყოველდღიური რუტინის დროს, თუნდაც ბანაობის ან ჩაცმის შემთხვევაში?
- თუ არის ნაკეცში ან ისეთ ადგილას, სადაც მოძრაობს, მაგალითად, საზარდულის შიდა მიდამოში, იდაყვის ნაკეცში ან იღლიის ფოსოში და დაზიანების რისკი არსებობს, ჯობს მოიცილონ. საბედნიეროდ, გადაგვარების შემთხვევები იშვიათია. თუ დისკომფორტს გიქმნით და არის საშიშროება, რომ გაიჭრას, დაზიანდეს, როგორც აღვნიშნე, უამრავი გზა არსებობს სწორად და უსაფრთხოდ როგორ უნდა ჩატარდეს ეს პროცედურა.
- თუ ბავშვს ბევრი მეჭეჭი აქვს, ამ დროს მშობელმა რაიმე ტიპის კვლევა უნდა ჩაატაროს?
- კონკრეტული კვლევა საჭირო არ არის. ჯობს სპეციალისტმა გასინჯოს. მეჭეჭის რაოდენობის დათვლასაც არ აქვს აზრი. თუ ძალიან ბევრია, შესაბამისი უსაფრთხო მეთოდი შეირჩევა. მეჭეჭებს ადამინის პაპილომავირუსი ( HPV) იწვევს. ყველა ადამიანს გვაქვს, უბრალოდ, შეიძლება ამან წანაზარდი ან გამოიწვიოს, ან რა.შესაძლოა მთელი ცხოვრება იყოს, ან კიდევ თავისით, ჩარევის გარეშე გაქრეს.
- თუ არსებობს მედიკამენტები, რითაც შეიძლება მეჭეჭისგაქრობა?
- კონკრეტული მედიკამენტი, რომლის დალევის შემდეგაც მეჭეჭი გაქრება, არ არსებობს. როგორც აღვნიშნე, არის ადგილობრივი საშუალებები, რომლებიც მოლეკულურ დონეზე მოქმედებს და რომელთა შერჩევაშიც აუცილებლად ექიმი მონაწილეობს.
- როცა ბავშვს სხვადასხვა ტიპის მეჭეჭი უჩნდება, მშობელი ღელავს. უნდა ღელავდნენ თუ არა ამაზე და მაშინვე უნდა მიიყვანოს თუ არა ექიმთან? ასევე, რომელი მეჭეჭებია უფრო საშიში, ვიზუალურად. როგორი მეჭეჭის და წანაზარდის შემთხვევაში უნდა მიმართონ აუცილებლად ექიმს?
- ექიმთან მიყვანა საჭიროა, როცა მეჭეჭი დაზიანდა ან პრობლემას ქმნის როგორც ფიზიკურს, ასევე ფსიქოსოციალურს. მეგობრების დაცინვა ზოგჯერ სტიგმატიზაციასაც იწვევს. უფრო საყურადღებოა, როცა მეჭეჭი ფერს იცვლის, ან კიდევ გარშემო სიწითლე, წვა აქვს, ინტენსიურად იზრდება.
- თუ შემთხვევით გაღიზიანდა, თუნდაც თამაშის დროს, რა უნდა გააკეთონ მშობლებმა?
- ჩვეულებრივი ანტისეპტიკის გამოყენება, მაგალითად ბეტადინის ან სხვა, საკმარისია. მერე ექიმის კონსულტაციაა საჭირო. მე არასოდეს ვუნიშნავ ბრილიანტის მწვანეს, ე.წ. ზელიონკას, რომელიც წინა საუკუნის გადმონაშთია და არაკომფორტულია.
- არის აღწერილი, როგორი მეჭეჭები ქრება თავისით?
- კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, მეჭეჭი არის ვირუსი, ამიტომ შესაძლებელია, გაქრეს. ეს ნებისმიერს ეხება, რაიმე განსაკუთრებული არ არაა.
თამარ იაკობაშვილი