ბევრ მშობელს აინტერესებს, შესაძლებელია თუ არა ბავშვის ბანაობა გასაბერი რგოლით, არის თუ არა საზიანო და რომელი ასაკიდანაა მისი გამოყენება რეკომენდებული. ასევე, როდიდან შეიძლება საცურაოდ გასაბერი სამკლაური ან ჟილეტი გამოიყენონ.
როგორც სპეციალისტები ამბობენ, 1 თვემდე ასაკის ბავშვისთვის თავზე ჩამოსაცმელი გასაბერი წრის გამოყენება კატეგორიულად არ შეიძლება. მას ჯერ კიდევ არ აქვს გამყარებული კუნთი კისრის მიდამოში და თავის სწორ მდგომარეობაში დაჭერა არ შეუძლია. გარდა ამისა, კისრის ნაწილის დაზიანების რისკიც არსებობს, რადგან კისრის მალები ჯერ კიდევ არ არის სრულყოფილად ჩამოყალიბებული. როდესაც ბავშვს კისრის ირგვლივ აქვს მსგავსი საცურაო წრე და ცურავს მუცლით, კისრის ასეთმა არაფიზიოლოგიურმა განლაგებამ შესაძლოა აღნიშნულ ზონაში სისხლის მიმოქცევის დარღვევა გამოიწვიოს.
ბავშვებისთვის ცურვა სასარგებლოა. ის ხელს უწყობს კუნთოვანი სისტემის ფორმირებასა და ხერხემლის განვითარებას. პატარას ჰიპერტონუსისგან ათავისუფლებს და მშვიდ ძილსაც განაპირობებს. მაგრამ, თავიდან აუცილებელია სპეციალურ ადგილებს მიმართოთ და ინსტრუქტორიც აიყვანოთ, რომ ყველაფერი სწორად გააკეთოთ.
გასაბერი სამკლაურის ან ჟილეტის გამოყენება 3 წლიდანაა შესაძლებელი. მანამდე მათ გამოყენებას აზრი არ აქვს და ცურვაში, პირიქით, ხელს შეუშლიან. ბავშვი ამ დროისათვის უკვე მომზადებული უნდა იყოს და გასაბერი სამკლაური დაზღვევის მიზნით უნდა ეკეთოს.