"დიდი დროით გარუჯვა, სოლარიუმი და კანის კიბო პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან..." - რა წესები უნდა დაიცვათ მზეზე გარუჯვისა და სოლარიუმში ყოფნის დროს
"დიდი დროით გარუჯვა, სოლარიუმი და კანის კიბო პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან..." - რა წესები უნდა დაიცვათ მზეზე გარუჯვისა და სოლარიუმში ყოფნის დროს
ზაფხული რუჯის მიღებისა და სოლარიუმის გამოყენების სეზონია. ამ პერიოდში დამწვრობის პრობლემითაც ბევრი ადამიანი მიმართავს ექიმს. რამდენად სერიოზული დამწვრობის გამოწვევა შეუძლია სოლარიუმს, რა რისკებს შეიცავს და ვისთვის არ არის რეკომენდებული, ასევე რა უნდა გაითვალისწინონ იმ ადამიანებმა, რომლებიც მზეზე დიდ დროს ატარებენ - აქტუალურ თემაზე დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელი გუგა ქაშიბაძე გვესაუბრება:

- სოლარიუმის გმოყენების დროს ჩვენს კანზე ხელოვნურად გამომუშავებული გარკვეული ტალღებით დასხივება ხდება და მისი არასწორი გამოყენების შედეგად, შესაძლოა დამწვრობა განვითარდეს. არასწორ გამოყენებაში იგულისხმება განსაზღვრული დროის დარღვევა, გახანგრძლივება, გაუმართავი აპარატურა და ასე
შემდეგ. სოლარიუმში მიღებული დამწვრობა შედარებით იშვიათია. მზეზე უფრო ხშირად იწვებიან ხოლმე ადამიანები იმიტომ, რომ სოლარიუმებში დროის გარკვეული კონტროლი მაინც არსებობს. თითოეულ ვიზიტორს ეუბნებიან, რა ხანგრძლივობით შეუძლიათ ყოფნა, პირველი ვიზიტისას რა უნდა გაითვალისწინონ და ასე შემდეგ. იურიდიულად, ზუსტად არ მაქვს ინფორმაცია, ჩვენს ქვეყანაში რომელია ზედა და ქვედა ზღვარი. თუმცა, გარკვეულ ქვეყნებში სოლარიუმის გამოყენება 18 წლამდე აკრძალულია. როგორც ვიცი, დიდ ბრიტანეთში ქვედა ზღვარი 21 წლამდეა. იშვიათად, მაგრამ გვქონია შემთხვევები, როცა ადამიანებს სოლარიუმში საკმაოდ სერიოზული დამწვრობა მიუღიათ.

- სოლარიუმში ყველა ტიპის კანის ადამიანისათვის თანაბარი დრო და ინტენსივობაა გათვალისწინებული?

- ოთხი ტიპის კანი არსებობს. ჯობს, ყველა ჩვენგანმა იცოდეს, როგორი
ტიპის კანი აქვს, რადგან თავიდან აირიდოს შესაძლო გართულება და დისკომფორტი. პირველი ტიპი ძალიან თეთრი ფერის კანია, ღია ფერის თვალებითა და ღია ფერის თმებით. ეს არის კანის ტიპი, რომელიც არასოდეს ირუჯება. მეორე ტიპის კანი თითქმის ყოველთვის იწვება და ძალიან იშვიათად ირუჯება. მესამე ტიპის კანი ძალიან იშვიათად იწვება და უფრო ხშირად ირუჯება, ხოლო მეოთხე ტიპია შავგვრემანი კანი, მუქი ფერის თმითა და თვალებით, რომელიც არასოდეს იწვება და პირდაპირ ირუჯება. ეს ეხება სოლარიუმსაც და მზის სხივებსაც. გარდა კანის ტიპისა, გასათვალისწინებელია დაავადებებიც. გულ-სისხლძარღვთა პრობლემების მქონე ადამიანებისაც საერთოდ არ არის მიზანშეწონილი მზეზე ინტენსიურად ყოფნა. ასევე, არსებობს კანის დაავადებები, რა დროსაც არც სოლარიუმის გამოყენება და არც მზეზე ხანგრძლივად ყოფნა რეკომენდებული არ არის. შუადღის მზე არანაირ სარგებელს არ წარმოადგენს. ვისაც დიდი დროით უწევს მზეზე ყოფნა, მაგალითად სოფელში, ნაკვეთებში მომუშავე ადამიანებს, მოგზაურებს, მათ იციან, როგორ დაიცვან თავი. აუცილებლად ნახავთ, რომ გრძელსახელოიანი ზედები და გრძელი შარვლები აცვიათ. ახურავთ დიდი ქუდი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მზისგან დამცავ კრემებს. მათ გამოყენების სხვადასხვა პირობა აქვთ და კანის ტიპის მიხედვითაც განსხვავებულია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ბავშებისა და მოხუცების შემთხვევაშია, რადგან მათი კანი ძალიან ფაქიზია და შეიძლება ადვილად დაიწვას. კრემი კარგად უნდა იყოს გადანაწილებული. მქონია შემთხვევები, როცა ბავშვს ქუთუთოებსა და თვალების ირგვლივ მიუღია დამწვრობა, ანუ ისეთ ადგილებში, სადაც მშობელს დამწვრობის საწინააღმდეგო კრემი არ წაუსვამს. ბუნებრივია, შუადღის მზეზე ყოფნა არავისთვისაა რეკომენდებული. იდეალური პერიოდი დილის 11 საათამდე და საღამოს 5 საათის შემდეგაა. თუ 11-დან 5 საათამდე მონაკვეთში მაინც უწევთ ბავშვებს დიდხანს მზეზე ყოფნა, უმჯობესია დამცავი კრემი გამოიყენონ, ეხუროთ ღია ფერის ქუდი და ეცვათ ისეთი საცურაო კოსტუმი, რომელიც მაქსიმალურად დაიცავს მათ სხეულს მზის ზემოქმედებისგან.

- წელიწადში რამდენჯერ ან რა სიხშირითაა რეკომენდებული გარუჯვა და სოლარიუმი?

- ზუსტი ფორმულა არ არსებობს. სოლარიუმი აკრძალული არ არის. თუმცა, არც მე და არც ჩემი ოჯახის წევრები სოლარიუმში გარუჯვას რეკომენდაციას არ ვუწევთ. დამტკიცებულია, რომ მზეზე ხანგრძლივად ყოფნა, დიდი დროით გარუჯვა, სოლარიუმი და კანის კიბო პირდაპირპროპორციულადაა დაკავშირებული ერთმანეთთან. კანის კიბოს განვითარების რისკი უფრო მაღალია, თუ სოლარიუმს იყენებთ და მზეზე ხანგრძლივად ხართ.

- სოლარიუმში უფრო ხშირად რა იწვევს ხოლმე დამწვრობას?

- ხანგრძლივობის დარღვევა და აპარატურის მწყობრიდან გამოსვლა. ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. არის შემთხვევები, როდესაც ადამიანს განსაზღვრულ დროს ეუბნებიან, მაგრამ მისი დაჟინებული მოთხოვნაა, რომ უფრო ხანგრძლივად იყოს. შესაბამისად, დამწვრობის მიღების რისკიც მაღალია. ბუნებრივია, ერთ დღეში კარგ რუჯს ვერ მიიღებენ. როგორც აღვნიშნე, შედარებით იშვიათია, მაგრამ მაინც გვყავს ხოლმე პაციენტები, რომლებმაც დამწვრობა სოლარიუმში მიიღეს. მზეზე გაცილებით მეტი ადამიანი იწვება. ეს პროცესი კი კანის ნაადრევ გამოშრობას, დაბერებას, პიგმენტური ლაქების გაჩენას და სხვა პრობლემებს იწვევს. როგორც ამბობენ, სოლარიუმში ერთი ვიზიტიც კი გარკვეულ უარყოფით კვალს ტოვებს კანზე.

- ლაზერულ ეპილაციას რა ტიპის დამწვრობის გამოწვევა შეუძლია?

- შედარებით იშვიათია, მაგრამ შემთხვევები მაინც გვაქვს ხოლმე. ხშირად ზედაპირულ დამწვრობას იწვევს, თუმცა ხანდახან პიგმენტური ლაქებიც კი დაუტოვებია, რაც ბუნებრივია, არ არის სასიამოვნო. მიზეზი ბევრია, ეს შეიძლება მოხდეს აპარატურის გატესტვის დროს, მგრძნობიარე კანის შემთხვევაში და ასე შემდეგ.

- მოზარდები ხშირად მიმართავენ ლაზერულ ეპილაციას, მათ შორის, მთელ სხეულზე, რამდენადაა რეკომენდებული ამ ასაკში?

- თუ მოზარდს აწუხებს ეს პრობლემა, რა თქმა უნდა, უნდა გაიკეთოს. როგორც ვთქვი, დამწვრობის ერთეული შემთხვევები გვაქვს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ საერთოდ უნდა აიკრძალოს. ერთადერთი, შემიძლია ვურჩიო, რომ იარონ ისეთ ესთეტიკურ ცენტრებში, სადაც ნორმალური აპარატურა აქვთ და ჰიგიენის ნორმებიც დაცულია.

თამარ იაკობაშვილი

1142
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია