ნუშურა ჯირკვლები ანუ გლანდები ბავშვებს ხშირად აწუხებთ, თუმცა ოპერაციის აუცილებლობას, რა თქმა უნდა, სპეციალისტი წყვეტს. როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ბავშვს გლანდები აქვს ამოსაღები, რა უნდა გაითვალისწინონ პოსტოპერაციულ პერიოდში და როგორ უნდა მოიქცნენ, თუ სისხლდენა განვითარდა, აქტუალურ თემაზე ექიმი-ოტორინოლარინგოლოგი, ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკის საოპერაციო სამსახურის უფროსი ზაზა ხუციშვილი გვესაუბრება:
- ცალსახა დოგმა და შაბლონი იმისა, თუ როდის აქვს ბავშვს გლანდები ამოსაღები, არ არსებობს. გარკვეული სიმპტომოკომპლექსით ითვლება, რომ ტონზილა საოპერაციოა. რა თქმა უნდა, გასათვალისწინებელია პაციენტის ასაკი. თუ ბავშვს ხშირად აქვს ანგინა, ზოგადი სისუსტე, უმადობა, სპეციფკიური არასასიამოვნო სუნი პირიდან, დაღლილობა, უმიზეზო ავადობა, მოთამაშე ტემპერატურა, სიარულის დროს აქვს ჩივილი, რომ დაიღალა, ფეხები სტკივა და ასე შემდეგ, მშობელმა ექიმთან უნდა მიიყვანოს და მდგომარეობა შეფასდეს. გარდა ამისა, ავადობის ხარისხსაც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თან ერთვის ვიზუალური შეფასებაც და სპეციალისტი ინდივიდუალურად წყვეტს, სჭირდება თუ არა კონკრეტულ პაციენტს ოპერაცია.
- რა კვლევები უნდა ჩატარდეს, რომ დადგინდეს, ნამდვილად ამოსაჭრელია თუ არა გლანდები?
- იმის კვლევა, არის თუ არა გლანდების ოპერაცია გასაკეთებელი, ბუნებაში არ არსებობს. მომართვიანობის ძირითადი მიზეზი უხშირესად სწორედ ის სიმპტომებია, რაზეც უკვე ვისაუბრე.
- რა უნდა გაითვალისწინონ ოპერაციამდე, არის რაიმე აკრძალული, თუნდაც რომელიმე პროდუქტის მიღება?
- ოპერაციამდე კონკრეტული აკრძალვა, რასაც ყველა გაითვალისწინებს, არ არსებობს. ერთი კვირით ადრე ვიწყებთ გამოკვლევას, პედიატრიული, ალერგიული, ანესთეზიოლოგიური, სისხლის ანალიზების კუთხით და ამის შემდეგ ვნიშნავთ შესაბამის მოსამზადებელ კურსს. თუმცა, კვების თვალსაზრისით, მაინც ვურჩევთ ხოლმე, რომ წინა დღეებში მოერიდნონ ალერგიული ტიპის საკვებს. მაგალითად: ციტრუსებს, მარწყვს, კვერცხს და ასე შემდეგ. თუ ცხარე, მჟავე, ნიგვზიანი პროდუქტები ყელს უღიზიანებთ, თავი უნდა შეიკავონ მიღებისგან.
- როგორია ოპერაციის შემდგომი რეჟიმი და მოვლის წესები?
- პოსტოპერაციული პერიოდი საკმაოდ რთული და საფრთხილოა იმიტომ, რომ სხვა ტიპის ჭრილობებისგან განსხვავებით, ეს არის ღია ჭრილობა პირის ღრუში, არ არის შეხვეული, არც ტამპონია გამოყენებული და ასე შემდეგ. ოპერაციის შემდეგ ნელ-ნელა ფიბრინით დაფარვას იწყებს. ჩნდება სპეციფიკური შრე, რაც ჭრილობას იცავს. პოსტოპერაციული პერიოდი დაახლოებით 21 დღე გრძელდება. პაციენტებს დეტალურად ვუხსნით, რა შეიძლება და რა - არა. ასე რომ ყველა მათგანი სრულადაა ინფორმირებული. პოსტროპერაციულ პერიოდში ფიზიკური დატვირთვა არ შეიძლება. მშობლებს ვაფრთხილებთ ხოლმე, რომ ბავშვები მარტო არ დატოვონ, კვებაზე განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილონ. როდესაც პაციენტს კლინიკიდან ვუშვებთ, პირველი კრიტიკული დღე მშვიდობიანად აქვს გადატანილი, დანარჩენი მოვლასა და რეკომენდაციების დაცვასთანაა დაკავშირებული და მშობელს დიდი პასუხისმგებლობა აქვს. როგორც აღვნიშნე, ყველა მათგანმა ზუსტად იცის, რომელი საკვების მიღებაა ნებადართული ან პირიქით. აღსანიშნავია, რომ საკვები უნდა იყოს რბილი ან თხევადი სახის, არ უნდა შეიცავდეს ალერგიულ, უხეშ, ცხარე, მჟავე, მარილიან და ძალიან ტკბილ ელემენტებს. საკმაოდ არასასიამოვნო კვებითი დიეტაა, გემოვნური თვალსაზრისით, თუმცა რაციონი მრავალფეროვანია. შეიცავს ყველა იმ საკვებ ნივთიერებას, რაც შემდეგში ორგანიზმის რეგენერაციას ხელს შეუწყობს. რაციონში შედის რძის პროდუქტები: რძე, იოგურტი, ხაჭო, არაჟანი, ოდნავ დამტკბარი მაწონი ან კეფირი, უმარილო ყველი. ასევე, ნებისმიერი სუპეული, იქნება ეს ბოსტნეულის თუ ხორცეულის, ფაფები. მოხარშული ხორცი გატარებული, დაბლენდერებული, გუფთის სახით შეიძლება. ხილიდან ბანანი, სეზონზე საზამთრო. მჟავე ხილი პოსტოპერაციულ პერიოდში აკრძალულია. 21 დღის შემდეგ პაციენტებს ვეუბნებით, რომ ნელ-ნელა გადავიდნენ ჩვეულებრივ კვებაზე. ამაში, რა თქმა უნდა, არ იგულისხმება, რომ ზუსტად 21-ე დღეს მიიღონ გაზიანი სასმელები, ჩურჩხელა, მზესუმზირა თუ სხვა.
- ყველაზე ხშირად რისი შესრულება უჭირთ ბავშვებს?
- ბავშვებთან უფრო ხშირად კვების კომპონენტია ხოლმე რთულად შესასრულებელი. მაინცდამაინც მაშინ უნდებათ ის კონკრეტული საკვები, რომლის მიღებაც პოსტოპერაციულ პერიოდში არ შეიძლება. ასევე, ფიზიკური აქტივობის შეზღუდვაც უჭირთ ხოლმე.
- რა რისკები ახლავს მოვლის წესების დარღვევას და სისხლდენა რა დროს შეიძლება განვითარდეს?
- სისხლდენა პოსტოპერაციული მოვლენაა. კონკრეტული პაციენტის შემთხვევაში, თუ რამე რთულდება, ან საოპერაციოშია გამოხატული, ან კიდევ ოპერაციის შემდგომ 2 საათში. სისხლდენა კი ყველაზე გვიანი გართულებაა და არ არის დამოკიდებული მხოლოდ ცუდ ყოფა-ქცევაზე ან არასწორ კვებაზე. შეიძლება ბავშვი ამ პერიოდში ფიზიკურადაც დაიტვირთოს, არც დიეტა დაიცვას, მაგრამ არაფერი მოუვიდეს. შესაძლებელია, ყველაფერს იდეალურად ასრულებდეს, მაგრამ სისხლდენა მაინც დაემართოს. ერთი კონკრეტული მიზეზი, რის გამოც შეიძლება სისხლდენა განვითარდეს, არ არსებობს. ყველაფერი ინდივიდუალურია და ორგანიზმზეა დამოკიდებული. ბუნებრივია, მშობელმაც და შვილმაც უნდა დაიცვას ყველა ის წესი, რაზეც ვისაუბრეთ და რასაც დეტალურად ვუხსნით კლინიკაში. ის, რომ წესები სრულად დაიცვეს და მაინც განვითარდა სისხლდენა, იმას ნიშნავს, რომ ქსოვილებს რეგენერაციის უნარი შედარებით გაძნელებული აქვთ.
- თუ სისხლდენა განვითარდა, რა უნდა გააკეთონ პირველ რიგში სახლის პირობებში?
- სისხლდენის შემთხვევაში ყბისქვეშა მიდამოში ვიდებთ ყინულებს, ორივე მხარეს, ვსხდებით ტრანსპორტში და კლინიკაში მივდივართ. ყველა პაციენტს ვუხსნით, რომ ქალაქიდან 20 კილომეტრის რადიუსში არ უნდა გავიდნენ, პირველი ორი კვირა განსაკუთრებით. როგორი ძლიერი სისხლდენაც არ უნდა იყოს, თუ პაციენტი დროულად მოვა, შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდება და მდგომარეობაც არ გართულდება. ადამიანი თუ თბილისში გაიკეთებს ოპერაციას და მესტიაში წავა, იქიდან დროის თვალსაზრისით ძალიან გართულდება გადმოყვანა. იშვიათად, მაგრამ ლეტალური შემთხვევაც ყოფილა. თუმცა, ჩვენს კლინიკაში 24 საათის განმავლობაშია მორიგე პერსონალი, რომლებიც პაციენტებს შესაბამის დახმარებას გაუწევენ.
- რა ზიანი შეიძლება მოუტანოს ბავშვს გლანდებმა, როცა საოპერაციოა და დროულად არ კეთდება?
- თუ დაავადებული ტონზილების ოპერაცია დროულად არ გაკეთდება, მომავალში შესაძლოა სხვადასხვა პოლიორგანული პათოლოგია განვითარდეს. ეს შეეხება გულ-სისხლძარღვთა სისტემას, ძვალ-სახსროვან სისტემას, ნერვულ სისტემას. ასევე, სანაღვლე გზებისა და შარდ-სასქესო სისტემის პათოლოგიების გამოწვევაც შეუძლია.
თამარ იაკობაშვილი