ხშირად ადამიანებს ალერგია აქვთ, მაგრამ ამის შესახებ არ იციან, გარკვეულ სიმპტომებს კი სხვა პრობლემას უკავშირებენ და შესაბამისადაც მკურნალობენ. ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის ექიმი ალერგოლოგი, მედიცინის დოქტორი, ნინო ლომიძე გვესაუბრება, ყველაზე ხშირად რომელ ალერგიულ სიმპტომებს უგულებელყოფენ ხოლმე პაციენტები, რამდენად მნიშვნელოვანია დროული მკურნალობა და ზოგადად, რა ტიპის გართულებებია აქტუალური ზაფხულის სეზონზე:
- ალერგიისთვის ხშირი დამახასიათებელი სიმპტომებია: ცემინება, სურდო, ცხვირის გაჭედვა და სპაზმური ხველა, რომელსაც თავდაპირველად ხშირად გაციებას უკავშირებენ. მოდიან პაციენტები, რომლებიც თვეების მანძილზე გარკვეული პერიოდულობით მკურნალობენ გაციების საწინააღმდეგო პრეპარატებით, რადგან თვლიან, რომ ხშირად ემართებათ სასუნთქი გზების ვირუსული ინეფქცია, მიზეზი კი ალერგიაა საინჰალაციო ალერგენებზე, ოთახისა და მცენარეულ მტვერზე, ობის სოკოებზე, შინაურ ცხოველებზე და ა.შ
- თუ ადამიანი კონკრეტულ სიმპტომს ალერგიას არ დაუკავშირებს და არც სათანადო ყურადღებას დაუთმობს, ან კიდევ არასწორად იმკურნალებს, რა გართულება შეიძლება განვითარდეს?
- სხვადასხვა სიმპტომის შემთხვევაში, თუ პაციენტი არ არის დარწმუნებული, მისი გამოვლინებები არის თუ არა კავშირში ალერგიასთან, პირველ რიგში, რეკომენდებულია დროულად მიაკითხოს ოჯახის ექიმს და არ დაელოდოს მდგომარეობის გაუარესებას. ოჯახის ექიმი შეაფასებს მის სიმპტომებს და საჭიროების მიხედვით გადაამისამართებს ალერგოლოგთან გართულების თავიდან ასაცილებლად.
- რამდენად მნიშვნელოვანია ალერგიის დროული მკურნალობა, თვითნებური მკურნალობა რა საფრთხეებს შეიცავს?
- რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ალერგიის დროული მკურნალობა. თვითმკურნალობა ან მკურნალობა ახლობლის რჩევით მხოლოდ დაავადების გართულებას უწყობს ხელს, რამაც შესაძლოა მომავალში კიდევ უფრო მეტი სირთულე შექმნას.
- ზაფხულის სეზონზე ყველაზე ხშირად რა პრობლემებით მოგმართავენ პაციენტები?
- ზაფხულის სეზონზე ხშირია სეზონური ალერგიის მქონე პაციენტები, რომელთაც აღენიშნებათ ალერგია მცენარეული მტვრის მიმართ, რაც ვლინდება ცხვირის გაჭედვის, მრავალჯერადი ცემინების, თვალების, ყელის ქავილის და ხველის სახით, თუმცა ასევე ხშირია მწერის ნაკბენზე განვითარებული ალერგიული რეაქციების მქონე პაციენტები, აქტუალურია მზის ალერგიაც.
- რა შემთხვევაშია მწერის ნაკბენი საშიში და რა უნდა გააკეთონ ადამიანებმა, გართულება რომ თავიდან აირიდონ?
- პირველ რიგში, ავხსნათ, თუ რატომ ვითარდება მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია. კბენის დროს ფუტკარი თუ კრაზანა გადასცემს თავის შხამს ადამიანის ორგანიზს, რის შემდეგაც ვითარდება იმუნური სისტემის პასუხი ორგანიზმში მოხვედრილ უცხო ნივთიერებაზე, რაც კლინიკურად შეწითლების, ქავილის თუ შეშუპების სახით გამოიხატება. რისკ ჯგუფში შედიან პატარა ბავშვები, ორსულები და დიდი წონის მქონე ადამიანები, რომელიც უფრო მიმზიდველნი არიან მწერებისთვის. მწერის ნაკბენზე ალერგიული რეაქცია შესაძლებელია იყოს როგორც მსუბუქი ლოკალური, ისე გენერალიზებული, ანუ როდესაც კბენის შემდეგ გამონაყარი ვითარდება არა მხოლოდ ნაკბენის ადგილას, არამედ სხეულის სხვა უბნებზეც, რაც დროულად ითხოვს ექიმის კონსულტაციას.
თუ ფუტკრის ნაკბენია, პირველი დახმარება ნესტრის მოცილებაა, ასევე საპნიანი წყლით ნაკბენის ჩამობანა, რომ არ ინფიცირდეს, ცივი საფენის დადება სიწითლისა და ქავილის შესამცირებლად. ასევე, ანტიალერგიული პრეპარატებისა და ადგილობრივი ალერგიის საწინააღმდეგო გელების გამოყენება, ხოლო რთულ შემთხვევაში ადგილობრივი სტეროიდული კრემების გამოყენება ექიმთან შეთანხმებით.
- ყველაზე ხშირად რა კვლევები და ანალიზები სჭირდებათ ადამიანებს, როცა ალერგიასთან დაკავშირებული ჩივილები აქვთ?
- გამოკვლევის გეგმა დგება ინდივიდუალურად, პაციენტის ალერგიული ჩივილებიდან გამომდინარე. ხშირ შემთხვევაში კეთდება კანის სინჯები მცენარისა და ოთახის მტვრის, შინაური ცხოველების, ნესტის სოკოს, საკვებისა თუ სხვა ალერგენების მიმართ, სასუნთქი გზების პრობლემების დროს რეკომენდებულია სუნთქვითი ტესტის-სპირომეტრიის ჩატარება, ასევე იღება ვენური სისხლიც.
- რამდენად ექვემდებარება ალერგია ბოლომდე განკურნებას?
- ალერგია ხშირ შემთხვევაში ხანგრძლივ მკურნალობას მოითხოვს. თანამედროვე მედიცინა გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ალერგიული დაავადებები კარგად და ეფექტურად იმართოს, გარკვეულ შემთხვევებში კი სრულად დაძლეულ იქნეს.
- თქვენთან ბევრი ბავშვი მოჰყავთ და სხვადასხვა სინჯს უკეთებენ. საინტერესოა, ყველაზე ხშირი რა ტიპის ალერგიაა, ერთგვარი ხუთეული რომ შემოგვთავაზოთ...
- წელიწადის სხვადასხვა დროს სხვადასხვა ალერგიული დაავადება დომინირებს. ამჟამად, ზაფხულია, ამიტომ ძირითადად სეზონური ალერგიის, მზის ალერგიის, ინსექტური ალერგიისა და ჭინჭრის ციების მქონე პაციენტები მოგვმართავენ.
- მშობლები ხშირად აღმოაჩენენ ხოლმე, რომ ბავშვს ცხოველის ბეწვზე აქვს ალერგია და იძულებულნი ხდებიან, ცხოველი გააჩუქონ. თუ ურჩევთ მათ, ვიდრე იყოლიებენ ძაღლს, კატას და ა.შ., მანამდე ჩაუტარონ ბავშვს სინჯი?
- შინაური ცხოველების შეძენის დროს ყველასთვის კანის სინჯის წინასწარი ჩატარება არ არის რეკომენდებული, თუმცა თუ პაციენტი არის ზოგადად ძალიან ალერგიული სხვა ალერგენების მიმართ, როგორებიცაა მცენარეული და ოთახის მტვერი, ობის სოკოები, ასეთ შემთხვევაში სინჯი სასურველია, თუმცა ამას ინდივიდუალურად წყვეტს ალერგოლოგი, პაციენტის სამედიცინო ისტორიიდან გამომდინარე.
- ხშირია ალერგიული სპაზმი ბრონქებში ან ფილტვებში, რომელიც ფილტვების ანთებაში ან გრიპის გართულებაში ერევათ. რა იწვევს აღნიშნულ სპაზმს და როგორ უნდა მიხვდნენ, რომ ალერგიით არის ეს გამოწვეული?
- თუ პაციენტს აქვს ხშირად გამეორებადი სპაზმური ხველა, სუნთქვის გაძნელება, სტვენითი სუნთქვა, რომელიც არ უკავშირდება ყოველთვის გაციებას, ასეთ დროს ეჭვი უნდა იქნას მიტანილი ალერგიაზე და დროულად უნდა მოხდეს ალერგოლოგთან ვიზიტი. მიზეზი კი შეიძლება იყოს ალერგია გარემოს ალერგენებზე.
თამარ იაკობაშვილი