"ინდური შტამი ძალიან ჰგავს უბრალო გაციებას და ხშირად მიმდინარეობს სურდოთი... გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია"- მაია ბუწაშვილი კორონავირუსის ახალ შტამსა და სიმპტომებზე
"ინდური შტამი  ძალიან ჰგავს უბრალო გაციებას და ხშირად მიმდინარეობს სურდოთი... გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია"- მაია ბუწაშვილი კორონავირუსის ახალ შტამსა და სიმპტომებზე
მსოფლიოში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი აქტიურად ვრცელდება. შემთხვევები საქართველოშიც იმატებს. რით განსხვავდება ეს შტამი აქამდე არსებულებისაგან და რა სიმპრომები ახასიათებს, თემაზე ექიმი-ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი "ევრონიუს ჯორჯიას" დილის ეთერში საუბრობს:

- ე.წ. ინდური შტამი სულ უფრო მეტად ვრცელდება მსოფლიოში და ეს გასაგებიცაა. როდესაც ახალი მუტაცია, შტამი ჩნდება, მას გააჩნია მიდრეკილება, რომ წინამორბედები გადაფაროს და თანდათან ჩაანაცვლოს ისინი. ე.წ. ინდურ შტამთან დაკავშირებით დღესდღეობით მწირი კვლევებია, მაგრამ რაც ვიცით, კლინიკურ მიმდინარეობაში გარკვეული განსხვავებებია. ზემო სასუნთქი გზების ინფექციის სიმპტომებით შეიძლება მიმდინარეობდეს, უფრო მეტად სურდოთი.
როგორც ვიცით, სტანდარტულად კორონავირუსს სურდო არ ახასიათებს. ასევე, განმასხვავებელია ისიც, რომ ე.წ. ინდური შტამით უფრო მეტად ახალგაზრდა ასაკის ადამიანები ინფიცირდებიან, რაც ასევე არაა დამახასიათებელი სხვა შტამებისთვის. ზოგჯერ თან ახლავს დიარეა და პირღებინება. რაც შეეხება დაავადების მიმდინარეობის სიმძიმეს, ცალსახა ინფორმაცია არ გვაქვს. არის ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ე.წ. ინდური შტამით გაზრდილია ჰოსპიტალიზაცია, თუმცა რაც ყველაზე უკეთ ვიცით არის ის, რომ ეს ტიპი უფრო სწრაფად ვრცელდება და უფრო ადვილად გადაეცემა. რაც შეეხება დაავადების სიმძიმეს და ლეტალური გამოსავლის შესახებ ინფორმაციას, ჯერჯერობით თითქოს არ არსებობს მტკიცებულებები, რომ უფრო მძიმედ მიმდინარეობს.

- რას უნდა მივაქციოთ ყურადღება იმისათვის, რომ კორონავირუსის სიმტომები არ აგვერიოს ე.წ. გაციების სიმპტომებში?

- სამწუხაროდ, დიფერენცირებას ვერ გავაკეთებთ არა თუ
პაციენტი, ექიმებსაც კი გაუჭირდებათ მხოლოდ სიმპტომების მიხედვით იმაზე მსჯელობა, ეს კორონავირუსია თუ სხვა ე.წ. გაცივებით მიმდინარე ინფექციები. გამოსავალია ტესტირება. როგორც ვიცით, სწრაფი ტესტი უფასოა, ხელმისაწვდომია ყველგან, ამიტომ სიმპტომებით დიფერენცირებას, ჯობს ტესტი გაკეთდეს.

- როგორია ბოლო მონაცემები, რამდენ ხანშია რეინფიცირება შესაძლებელი და თუ არის ცნობილი, რამდენად მძიმედ მიმდინარეობს ამ შემთხვევაში კორონავურუსი პაციენტებში?

- პანდემიის დაწყების დღიდან ბევრი ინფორმაცია დაგროვდა. სულ ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ინფექციის გადატანის შემდეგ იმუნიტეტი მინიმუმ ერთი წელი ნარჩუნდება და რეინფიცირების პროცენტიც ძალიან დაბალია. ახლახანს იტალიაში, ლომბარდიაში ძალიან დიდი კვლევა ჩატარდა. ეს იტალიის ყველაზე დაზარალებული რეგიონია. მათ შორის, ვისაც გადატანილი ჰქონდა, ძალიან დაბალი იყო რეინფიცირების მაჩვენებელი, სულ ერთეული შემთხვევები იყო და მათგანაც მხოლოდ ერთი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. ბევრად უფრო მსუბუქად წავიდა, ვიდრე თავდაპირველად ჰქონდათ. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, უკვე ვიცით, რომ დაახლოებით ერთი წელი გრძელდება იმუნიტეტი. რაც დრო გავა, უფრო მეტი ინფორმაცია დაგროვდება.

- როგორია თქვენი რეკომენდაცია ზაფხულისა და შვებულებების მოახლოებასთან დაკავშირებით?

- პირველ რიგში, ვაქცინირებულ ადამიანებს მინდა ვუთხრა, ბევრმა თავისუფლება იგრძნო იმ მხრივ, რომ ფიქრობენ, რეგულაციები აღარ უნდა დაიცვან. რეგულაციების დაცვა მაინც ყველასთვის საჭიროა. ოქროს სტანდარტები, რაზეც ვიცით, რომ ნამდვილად მუშაობს, ეს არის დისტანციის შენარჩუნება, ხალხმრავალი ადგილებისგან თავის არიდება და პირბადე. კურორტებთან დაკავშირებით არსებობს რისკი, რომ უცებ იფეთქოს ახალმა ტალღამ.

2007
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
სასარგებლო ინფორმაცია