ცნობილმა ინფექციონისტმა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეეთერში კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამის თვისებებზე ისაუბრა და ვაქცინაცინირებული ადამიანების საკმაოდ დაბალი პროცენტის ფონზე შეზღუდვების მოხსნის ტენდენციაც გააკრიტიკა.
„რეგულაციების მოხსნა მეც გამიხარდა, როგორც ადამიანს, მაგრამ ეს ხომ არ არის საკმარისი სიხარულისთვის? ამის უკან გონივრული გადაწყვეტილება უნდა ყოფილიყო. ჯობდა ამ შემსუბუქებების ნაწილი გამოგვეყენებინა ვაქცინირებული მოსახლეობის მიმართ, როგორც წახალისება და არ გაგვეხადა საყოველთაო. ხელიდან გამოვიცალეთ ის შეზღუდვები, რითაც იმართება ეპიდემიოლოგიური სიტუაცია.
რაც შეეხება პირბადეს გარე სივრცეში, რა თქმა უნდა, თუ მარტო სეირნობთ, ვირუსი არავისგან გადაგედებათ, მაგრამ თუ ადამიანს მეგობარი შეხვდა ან გაჩერებაზე სიმჭიდროვეში აღმოჩნდა, ვინმე იკეთებს ამ დროს პირბადეს? რასაც ვაკვირდები, არავინ არ იღებს პირბადეს და არ იკეთებს, როცა დისტანციის დაცვა შეუძლებელია. ამ რეგულაციის მოხსნამ გამოიწვია შეჯგუფულ ადამიანებში პირბადის სრული არგამოყენება“, - განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ ეთერში.
ხოლო „იმედის“ ეთრში კი აღნიშნა, რომ თუ ვირუსის ეს ვარიანტი ოჯახში შეაღწევს, ოჯახის ვერც ერთი წევრი მას თავს ვერ დააღწევს.
„ვირუსის დელტა ვარიანტი იმ ქვეყნებშიც შეშფოთების საგანია, სადაც ვაქცინაციის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია. რატომ გახდა ეს შტამი ასეთი შემაშფოთებელი ყველასთვის? პირველ რიგში დაინფიცირების უფრო მაღალი პროცენტულობის გამო. ის ბრიტანულ შტამზე 60%-65%-ით უფრო მარტივად აინფიცირებს ადამიანს. თქვენს ირგვლივ ალბათ ხშირად გსმენიათ, რომ ოჯახის ერთი წევრი დაავადდა და მისგან ოჯახის სხვა წევრებს არ გადაედოთ. დელტა ვარიანტი კი, თუ ოჯახი შეაღწევს, ვერც ერთი წევრი ინტაქტური ვეღარ დარჩება. ვირუსის მინიმალური კონცენტრაციაც საკმარისია, რომ ადამიანი ავად გახდეს. სამწუხაროდ, დელტა ვარიანტით დაინფიცირებულები 2-ჯერ უფრო ხშირად ხვდებიან საავადმყოფოებში.
დელტა ვირუსით ინფიცირებულ ადამიანს 5-დან 8 ადამიანის ინფიცირება შეუძლია. რადგან ჩვენ 18 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს ინდური შტამის, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მათ საშუალოდ 100 ადამიანი დააინფიცირეს. ამ შტამს იმდენად მაღალი აქვს დომინირებისკენ მიდრეკილება, საქართველოში ალბათ ერთი თვე ან თვე-ნახევარი დასჭირდება, რომ ინფიცირებულთა უმრავლესობა ამ ვარიანტით იყოს.
რამდენად შესწევთ ძალა საქართველოში დღეისათვის ხელმისაწვდომ ვაქცინებს, ამ ვარიანტს გაუმკლავდნენ? რა თქმა უნდა, ეს ვაქცინები მოქმედებს, თუმცა მათი ძალა შემცირებულია. ორი დოზა აუცილებელია, რომ დაცულობის მაქსიმალურ ხარისხს მივაღწიოთ. ამიტომ, უკიდურესი აუცილებლობის გარეშე ვაქცინაციას ნუ გადაავადებთ“, - განაცხადა კულუმბეგოვმა იმედის ეთერში.