ეხმარება თუ არა კოვიდგადატანილთა სისხლი კორონავირუსის გართულებისას და ვისთვის არ შეიძლება სისხლის გაღება - გავრცელებული შეკითხვები და კომპეტენტური პასუხები
ეხმარება თუ არა კოვიდგადატანილთა სისხლი კორონავირუსის გართულებისას და ვისთვის არ შეიძლება სისხლის გაღება - გავრცელებული შეკითხვები და კომპეტენტური პასუხები
სისხლის გადასხმა მთელი რიგი დაავადების დროს, ერთადერთი გამოსავალია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად! სისხლი უნიკალური პროდუქტია, რადგან არ არსებობს სისხლის შემცვლელი ხელოვნური ხსნარები! შესაბამისად, საზოგადოებისთვის სისხლის უანგარო დონაციის მნიშვნელოვობისა და საჭიროების ახსნა, უმნიშვნელოვანესი საკითხია!
რას ნიშნავს სისხლის უანგარო დონაცია, როდის არის სისხლი უსაფრთხო, რა დროს შეგვიძლია ვიყოთ დონორები და რას ნიშნავს უანგარო დონორი, ან რით განსხვადება ის მატერიალურად დაინტერესებული დონორებისაგან, როგორ უნდა გაუმკლავდეს ქვეყანა სისხლის დეფიციტს, რომელიც განსაკუთრებულად პანდემიის პერიოდში შეიქმნა - ამ და სხვა საკითხებზე ჰემატოლოგ-ტრანსფუზიოლოგი, ევროსაბჭოს უსაფრთხო სისხლის
ექსპერტი ლევან ავალიშვილი გვესაუბრება.

- რას ნიშნავს სისხლის უანგარო დონაცია და რამდენად უსაფრთხოა?

- მარტივად და მოკლედ რომ ვთქვათ, დონაცია ნიშნავს ერთჯერადად, ერთი ადამიანის მიერ გაღებულ სისხლს - პლუს სამ გადარჩენილ სიცოცხლეს. რაც შეეხება უანგარო დონაციის უსაფრთხოებას, როდესაც ადამიანი უსასყიდლოდ გასცემს სისხლს, ის არის აუცილებლად გახსნილი მთელი რიგი ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ, ვიდრე ის ადამიანი, რომლისთვისაც დონაცია ხდება შემოსავლის წყარო. მატერიალური დაინტერესების თვალსაზრისით, მან შეიძლება დამალოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის შესახებ ან მავნე ჩვევები. მაგალითისთვის რომ ავიღოთ, თუ დონორი დამალავს, რომ მას გადატანილი აქვს c ჰეპატიტი, ან ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა დაუცველი სქესობრივი კავშირი, ან ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიკეთა პირსინგი, ტატუაჟი, ასეთი ადამიანი დიდი რისკფაქტორია
იყოს დაინფიცრირებული, შესაბამისად მისი სისხლი არ არის უსაფრთხო.

- დავუშვათ ადამიანს პირობითად აქვს გაკეთებული ტატუაჟი ან ჰქონდა უსაფრთხო სექსი, მაგრამ არ თქვა. სისხლი ხომ ყველა ვარიანტში გადის შემოწმდებას?

- ყველა ინფექციას აქვს ე.წ. ფანჯრის პერიოდი, როდესაც დედამიწის ზურგზე არავის, არანირი მეთოდით არ შეუძლია დაადგინოს ინფიცირება, ამიტომაც ასეთ დროს თავის შეკავება დონორობაზე ერთადერთი გამოსავალია.

- რა ეტაპებს გადის დონორი სისხლის ჩაბარებამდე?

- პირველი ეს არის ინტერვიუ დონორთან, მას ეძლევა სპეციალური კითხვარი, დაახლოებით ორმოცამდე შეკითხვით. პასუხები უნდა იყოს გულწრფელი და ეს აბსოლუტურად მის სინდისზეა. ამის შემდეგ სპეციალისტი იღებს გადაწყვეტილებას, რამდენად გამოდგება ეს ადამიანი დონორობისთვის. კიდევ ერთხელ განვმეორდები და დამეთანხმებით გულწრფელობის დიდი მაჩვენებელი სწორედ უანგარო დონორზე მოდის, როცა არ არსებობს მატერიალური დაინტერესება, დამალვის შანსი მკვეთრად მცირდება.

- თუ დონორმა დამალა მთელი რიგი ჯანმრთელობის პრობლემები და მისი სისხლი გამოყენებული იქნა დონაციაში, რა შეიძლება მოყვეს მას?

- რა თქმა უნდა, დაინფიცირდება ყველა ის ადამიანი, ვისაც გადაესხმება მისი სისხლი.

- თუ არსებობს გარკვეული ასაკობრივი ზღვარი, როდესაც ადამიანს შეუძლია გახდეს დონორი?

- დიახ, არსებობს. ამერიკაში 16 წლიდან იწყება და ზედა ზღვარი არ არსებობს. ევროპაში ძირითადად 18 წლიდან ხდება დონაცია და აქაც ზედა ზღვარი არ არსებობს. რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას,  18 წლიდან 65 წლამდე ყველა ჯანმრთელ ადამიანს შეუძლია გაიღოს სისხლი.

- რამდენ ხანში ერთხელ შეუძლია ერთი და იგივე ადამინს გახდეს დონორი?

- საშუალოდ ორ თვეში ერთხელ საკმარისია, წელიწადში ხუთჯერაც. სტანდარტული ოდენობა კი მთელს მსოფილოში არის 450-500 მლ-მდე, თუ ადამიანი იწონის 50 კილოგრამზე მეტს. 

- სისხლის ჩაბარებას შეიძლება თუ არა მოყვეს უკუჩვენება? და რა რეკომენდაცას მისცემთ ადამიანებს სისხლის გაცემის შემდგომ?

პირველ რიგში დონორის უსაფრთხოება არის მნიშვნელოვანი, სწორედ ამისთვის ივსება ის კითხვარი, რაც თავში ვახსენე. შეიძლება იყოს მაქსიმალური უსაფრთხობა, მაგრამ იშვიათი გამონაკლისის სახით, გამოვლინდეს პროცესის დროს ან შემდგომ გართულება, რაც მსუბუქი, უმნიშვნელო საშუალო და მძიმე გართულებით შემოიფარგლება. თუმცა ის ყოველთვის არის მეთვალყურეობის ქვეშ და ოდნავი დისკომფორტის შემთხვევაში უნდა შეატყობინოს სამედიცინო პერსონალს. ისინი იმოქმედებენ შესაბამისად და შეწყვეტენ გადასხმას. უფრო ხშირად ემოციურ განწყობას მოჰყვება მსგავსი სიტუაციები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გულისრევა, გულის წასვლაც კი. რაც შეეხება რეკომენდაციებს, დონორი აუცილებლად უნდა იყოს ნაჭამი და საკმარისი რაოდენობის სითხე ჰქონდეს მიღებული, როგორც დონაციამდე, ისე მის შემდგომ, მოერიდოს სიმძიმის აწევას. სასურველია, ორი საათი არ მიიღოს ალკოჰოლი და არ მოწიოს სიგარეტი.

- რაც შეეხება პაციენტის უსაფრთხოებას, ჩაბარებული სისხლი რა ეტაპებს გადის, ვიდრე მივა პაციენტამდე?

- დონორის სისხლი გადის გადამუშავების და შემოწმების ეტაპებს. გადამუშავების პროცესი ნიშნავს იმას, რომ დონორის სისხლი უნდა დაიყოს კომპონენტებად. სტანდარტულად იყოფა სამ კომპონენტად: თრომბოციტულ, ერტითროციტულ მასად და პლაზმად. ყველა პაციენტს სჭირდება ინდივიდუალურად რომელიმე, ან კომბინაციაში. შენახვაც სხვადასხვანირად ხდება ამ კომპონენტების, ვადებიც სხვადასხვაა. პლაზმის შენახვა წლობითაა შესაძლებელი, თრომბომასა - ხუთი დღე, ხოლო ერითრომასა ოცდათხუთმეტი დღემდე ინახება.
რაც შეეხება შემოწმებას, ის მოიცავს ორ ეტაპს - სისხლის ტიპირება (ჯგუფი, რეზუსი), რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და მისი დადგენის გარეშე არ ხდება არანირი გადასხმა და ტესტირება. ტესტირება ნიშნავს შემოწმებას ოთხ ინფექციაზე - B, С, აივ ინფექცია (შიდსი) და სიფლისი. რეგულარული დონორის სისხლიც კი ყველა პროცედურას აუცილებლად თავიდან გადის. დგინდება ჯგუფი და რეზუსი. გადაუმოწმებლობის ან შეცდომის შემთხვევაში, ინფექციის გაპარვის დროს ადამიანი შეიძლება დავაინფიციროთ, ხოლო ჯგუფის და რეზუსის შეცდომის გამო დგება ლეტალობა.

- ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, უფრო პროტესტს დავარქმევდი, საზოგადოების მხრიდან არის ის, რომ “ რატომ უნდა ჩავაბარო უანგაროდ სისხლი, როცა მასში პაციენტი იხდის ფულს?“

- ძალიან ხშირი შეკითხვაა ეს. სისხლის ბანკები არ ყიდიან სისხლს, ისინი ყიდიან მომსახურებას. დონორი სისხლის ბანკში აბარებს სისხლს და მას არ შეუძლია პირდაპირ მივიდეს კლინიკაში და გადაუსხას. სისხლმა აუცილებლად უნდა გაიაროს შემოწმების ეტაპები, როგორც უკვე აღვნიშნე. ამ ეტაპებს სჭირდება მასალა დაწყებული აღებიდან დამთავრებული გადამოწმებამდე, რომლის ხარჯიც დაახლოებით 40 ლარადეა და ადამიანები, ვინც ემსახურებიან და აკვირდებიან პროცესს, ვერ იმუშავებენ უხელფასოდ. თუ მოხდება სისხლის ბანკებითვის ამ ყველაფრის ანაზღაურება, ისინი სიხარულით გაცემენ კლინიკებზე უსასყიდლოდ სისხლს.

- დღეს კორონა ვირუსის პანდემიის ფონზე ისმის კითხვა, ინფექციის გადატანიდან რამდენ ხანში შეიძლება გახდეს ადამიანი დონორი?

- ჩვენი ქვეყნის რეგულაციები ამ მიმართულებით როგორც ვიცი, არ არის ცნობილი. არსებობს ამერიკული და ვეროპული რეკომენდაციები.
ამერიკული რეკომენდაციით, დონორს შეუძლია ჩააბაროს სისხლი, ბოლო სიმბტომების გაქრობიდან თოთხმეტი დღის შემდეგ, ხოლო უსიმპტომო პაციენტებს - ტესტიდან თოთხმეტი დღის შემდეგ.
ევროპული რეკომენდაციები, იგივენაირად, მხოლოდ ოცდარვა დღის შემდეგ. დავამატებ იმას, რომ შემთხვევით ანტისხეულების აღმოჩენის შემთხვევაში მოცდა არ არის საჭირო არც ერთის რეგულაციით.

- ვაქცინირებულ ადამიანს რამდენ ხანში შეუძლია გახდეს დონორი?

ყველა ვაქცინას აქვს განსხვავებული სქემა. ამერიკაში არის ასეთი სქემა, სრულად ვაქცინირებულ ადამიანს მაშინვე შეუძლია გაიღოს სისხლი. ეს ეხება მოდერნას, ფაიზერს და ჯონსონს. ხოლო დანარჩენი სხვა ვაქცინის შემთხვევაში ორი კვირა უნდა იყოს გასული დონორობამდე.
ევროპაში სრული ვაქცინაციიდან რვა დღის შემდეგ ხდება დონაცია, თუ არ აქვთ არანირი სიმპტომები, რექაციების შემთხვევაში - სიმპტომების ალაგებიდან ოცდარვა დღის შემდგეგ. საქართველოში ჯერჯერობით არ შემუშავებულა ეს რეგულაციები.

- ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს მინდა შევეხო - იყო ვარაუდი, რომ ადამიანებს, რომლებსაც ურთულდებოდათ კორონავირუსი, დაეხმარებოდათ კოვიდ გადატანილების სისხლი. რამდენად შეიძლება და გამართლებულია ამ თეორიის გამოყენება პრაქტიკაში?

- ეს მთლიანად კლინიცისტების საქმე. ამ დროს პაციენტს ესხმება სისხლისგან დამზადებული პლაზმა. ამერიკა-ევროპაში ფართოდ გამოიყენება ეს მეთოდი. ჩვენს ქვეყანაში, როგორც ვიცი, არ გამოიყენება.

- წლებია მიმდინარეობს დონაციის პოპულარიზაცია და საზოგადოების ინფორმირება იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უანგარო დონაცია, თუმცა ყოველთვის ქვეყანაში დგას პრობლემა და არის სისხლის დეფიციტი, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში. როგორ ფიქრობთ, რა უნდა გაკეთდეს ამის გამოსასწორებლად?

- რა თქმა უნდა, პანდემიის პირობებში შეიქმნა თვალშისაცემი პრობლემა და ეს არ იყო მოულოდნელი, როგორც სხვა დანარჩენ ბევრ საკითხში. იყო მთელი რიგი კითხვები, შიში დაინფიცირების გამო. რაც შეეხება გამოსავალს, სახელმწიფო დონეზე უნდა იყოს რეგულარული კამპანია. სოციალური რეკლამა, როგორც ვიცი, უფასოა კანონით და კარგი იქნება უწყვეტ რეჟიმში, სახელმწიფოს დავალებით დონაციის რეკლამირება ხდებოდეს არა მარტო ტელევიზიებში, არამედ ყველა საინფორმაციო საშუალებაში, ქუჩაში დაყენებულ ბანერებზე და სოციალურ მედიაში. საზოგადობა მუდმივად უნდა იქნას ინფორმირებული იმის შესახებ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სისხლის უანგარო დონაცია, რომ სხვა ალტერნატივა არ არსებობს საჭიროების შემთხვევაში სისხლის მიღების და ა.შ.
სისხლის ბანკი ყველაფერს აკეთებს ამისათვის, თუმცა დეფიციტის აღმოფხვრაში ყველაზე დიდი წვლილის შეტანა მაინც საეხლმწიფოს შეუძლია.
ჩვენს ქვეყანას საშუალოდ სჭირდება ოთხმოცი ათასამდე დონაცია, რაც თექვსმეტი ათას აქტიურ დონორს შეუძლია შეასრულოს. ამისთვის საჭიროა დონორების წახალისება. საზოგადოებას სჭირდება იმის კარგად გააზრება და ახსნა-განმარტების მუდმივ რეჟიმში მიცემა, თუ რა სასწაულის მოხდენა შეუძლია ადამიანს, თითო წვეთი სისხლის გაღებით. ვიტყვი იმას, რომ დონორი არის უბრალოდ კარგი ადამიანი, რომელსაც ქვეყანაზე შეუძლია აკეთოს უამრავი სიკეთე სრულიად უცნობი ადამიანებისთვისაც კი!


507
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი