რომელ ასაკამდე გრძელდება სიმაღლეში ზრდა გოგონებსა და ვაჟებში და რა შედეგი აქვს ჭარხლისა თუ სხვა ვიტამინების მიღებას
რომელ ასაკამდე გრძელდება სიმაღლეში ზრდა გოგონებსა და ვაჟებში და რა შედეგი აქვს ჭარხლისა თუ სხვა ვიტამინების მიღებას


ბავშვებში სქესობრივი მომწიფება ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენაა. საკითხის ირგვლივ მშობლებს უამრავი შეკითხვა აქვთ. როდის ითვლება სქესობრივი მომწიფება ნაადრევად ან დაგვიანებულად როგორც გოგონებისთვის, ასევე ვაჟებისთვის, რა ასაკია ოპტიმალური, რა იწვევს ზრდაში ჩამორჩენას და შესაძლებელია თუ არა ჭარბთმიანობის საბოლოოდ განკურნება - აქტუალურ თემაზე რეპროდუქციული მედიცინის ცენტრის "უნივერსი" დირექტორის მოადგილე სამეცნიერო და სასწავლო დარგში, საქართველოს რეპროდუქციული ჯანმრთელობის ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი, ადამიანის რეპროდუქციის საერთაშორისო აკადემიის ასოცირებული წევრი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მედიცინის ფაკულტეტის, მეანობა-გინეკოლოგიისა და რეპროდუქტოლოგიის კათედრის პროფესორი ჯენარო ქრისტესაშვილი გვესაუბრება:

- ყველაზე მთავარია, გვახსოვდეს, რომ სქესობრივი
მომწიფების ასაკი ინდივიდუალურია. თუმცა, არსებობს განსაზღვრებები: ნაადრევი ან დაგვიანებული სქესობრივი განვითარება. გოგონებში სქესობრივ მომწიფებას ორ ეტაპად, პრეპუბერტატად და პუბერტატად ყოფენ. პრეპუბერტატის დროს მეორადი სასქესო ნიშნები ჩნდება და ეს ეტაპი პირველ მენსტრუაციამდე, მენარხემდე გრძელდება. მეორადი სასქესო ნიშნების გაჩენიდან პირველ მენსტრუაციამდე საშუალოდ 2,5 წელია საჭირო. რაც შეეხება ნიშნებს, ამ დროისათვის გოგონას სარძევე ჯირკვლები ეზრდება, ჩნდება სასქესო თმიანობა, ორგანიზმში სხვადასხვა ცვლილება მიმდინარეობს, ტანწყობა, ცხიმისა და კუნთოვანი ქსოვილის გადანაწილება იცვლება. სქესობრივ მომწიფებას ემთხვევა ნახტომი ზრდაში. მენსტრუაციის
დაწყებიდან, 2 წლის შემდეგ, ზრდის ზონები იხურება და გოგონამ სიმაღლეში შეიძლება მხოლოდ 1-2 სანტიმეტრით მოიმატოს და მეტი აღარ. ბიჭების შემთხვევაში სქესობრივი მომწიფება იწყება მაშინ, როდესაც გამოხატულია: სათესლე ჯირკვლებისა და სასქესო ასოს ზრდა, ბოქვენზე და ეტაპობრივად მთელ სხეულზე თმიანობის გაჩენა. ყველაზე გვიან თმა მკერდის ძვალსა და სახეზე ჩნდება. მხრის სარტყელი უფრო დიდია, ვიდრე თეძოს სარტყელი, გოგონებში კი - პირიქით. ამავე პერიოდში ბიჭებშიცაა ნახტომი ზრდაში. გოგონებისაგან განსხვავებით, ვაჟებში ზრდის პროცესი შესაძლოა 17-18 წლამდე გაგრძელდეს. საქართველოში კვლევა ჩატარდა, რომლის მიხედვითაც, მენარხეს საშუალო ასაკი, რა დროსაც გოგონებს მენსტრუალური ციკლი ეწყებათ, 12,5 წლით განისაზღვრება. ნაადრევ სქესობრივ მომწიფებად ითვლება, თუ სქესობრივი მომწიფების ნიშნები 8 წლამდე გამოვლინდება. ხოლო, ჩამორჩენაა, თუ 14 წლის ასაკისთვის მეორადი სასქესო ნიშნები გამოხატული არ არის. ასევე, 16 წლამდე თუ მენსტრუაცია არ დაიწყება, ითვლება, რომ სქესობრივ მომწიფებაში ჩამორჩენაა. რაც შეეხება ვაჟებს, ჩამორჩენად ითვლება, თუ 15 წლის ასაკამდე მეორადი სასქესო ნიშნები გამოხატული არ არის. ხოლო, ნაადრევია, თუ 10 წლამდე გამოჩნდება აღნიშნული ნიშნები.

- რა იწვევს ნაადრევ სქესობრივ მომწიფებას და თუ შეიძლება ამ პროცესის შეჩერება?

- ნაადრევ სქესობრივ მომწიფებაში ყველაზე სახიფათო არის პროცესი, რომელიც მას იწვევს. თუ ნაადრევი სქესობრივი განვითარება დაიწყო და მშობელმა ამას ყურადღება არ მიაქცია, ექიმს არ მიაკითხა, როგორც კი დაიწყება სასქესო ჰორმონების გამოყოფა, ზრდის ზონები დახურვას იწყებს, რაც შეუქცევადი პროცესია და მერე უკვე ზრდაში ჩამორჩენას ვეღარაფერს ვუშველით. ამიტომ, დროულ ჩარევას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ნაადრევი სქესობრივი მომწიფება შეიძლება გამოიწვიოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაში რაიმე პათოლოგიამ. ეს შემთხვევები განიხილება, როგორც ჭეშმარიტი ნაადრევი განვითარება, რომელიც ჰგავს ფიზიოლოგიურ პროცესს, მხოლოდ ვითარდება ადრეულ ასაკში. ეს ფორმა შეიძლება გამოიწვიოს სიმსივნემ, ტრავმამ და ასე შემდეგ. არსებობს იდიოპათური ფორმებიც, როდესაც ვერ ვადგენთ, რამ გამოიწია პროცესი და თავისი მიმდინარეობით ჭეშმარიტ ფორმებს ჰგავს. არსებობს ცრუ ფორმებიც, რომლებიც გამოწვეულია გონადებისა და თირკმელზედა ჯირკვლის სიმსივნეების მიერ სასქესო ჰორმონთა ჭარბი რაოდენობის გამოყოფით. ასევე, არსებობს თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის თანდაყოლილი ჰიპერპლაზია, რა დროსაც არასასქესო ქრომოსომებში არსებული გენები არღვევენ თირკმელზედა ჯირკვალში სტეროიდოგენეზს და საბოლოო პროდუქტი, კორტიზოლი, აკლიათ. მკურნალობაც შესაბამისია: თუ სიმსივნეა, ქირურგიული ჩარევითაა შესაძლებელი პრობლემის მოგვარება. რაც შეეხება ჭეშმარიტ და იდიოპათიურ ფორმებს, აქაც არის საშველი. არსებობს სპეციალური პრეპარატები, რომლებიც თავის ტვინში იმ ჰორმონების გამოყოფას აჩერებს, რომლებიც სასქესო ჯირკვლებში ჰორმონების გამოყოფას ასტიმულირებენ. როგორც კი ბავშვი სქესობრივი მომწიფებისთვის ბუნებრივ ასაკს მიაღწევს, სპეციალური პრეპარატებიც მოიხსნება, ყველაფერი აღდგება და ფუნქციონირებას ჩვეულებრივ გააგრძელებს. თუმცა, როგორც აღვნიშნე, აუცილებელია ექიმთან დროული ვიზიტი და არა თვითნებურად მკურნალობა, რომ შეუქცევადი პროცესები არ განვითარდეს.

- ნაადრევი სქესობრივი მომწიფების შემაჩერებელ პრეპარატებს რაიმე რისკი ახლავს თან?

- არავითარი რისკი არ ახლავს. როგორც კი ბავშვი მიაღწევს შესაბამის ასაკს, როცა ბუნებრივად იწყება სქესობრივი მომწიფება, პრეპარატებიც მოიხსნება, არანაირი უარყოფითი გავლენა მას არ ექნება.

- რამდენად დაიწია სქესობრივი მომწიფების ასაკმა? ახლა 9-10 წლის გოგონებში მენსტრუალური ციკლის დაწყება თითქოს უკვე ნორმად მიიჩნევა.

- იმისათვის, რომ ვილაპარაკოთ, რამდენად მოიმატა ამა თუ იმ მოვლენამ, საჭიროა, ჩატარდეს კვლევა და იმავე მეთოდებით, გარკვეულ პერიოდში კვლავ შეაფასონ მდგომარეობა. ასეთი მონაცემი არ გვაქვს. შეიძლება მომართვიანობა გაიზარდა, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ზოგადი სურათია შეცვლილი. 9-10 წლის ასაკში თუ მენსტრუაცია იწყება, არ არის ნაადრევი, მაგრამ ადრეულია და, რასაკვირველია, ამას თავის შედეგები ექნება. როგორც კი, ცოტა ადრე დაიწყება მენსტრუაცია, ის ზრდის შეჩერების წინაპირობა გახდება.

- რაზეა ბავშვის სიმაღლე დამოკიდებული და როდის უნდა მიხვდეს მშობელი, რომ ამ მიმართულებით პრობლემა აქვთ?

- გენეტიკური ფაქტორი ბავშვის სიმაღლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი განმსაზღვრელი ნიშანია. შვილის მოსალოდნელი სიმაღლე მშობლების სიმაღლის საშუალოს უტოლდება. არსებობს სპეციალური ცხრილები, რომლის მიხედვითაც, ექიმს შეუძლია, შეაფასოს კონკრეტული ასაკისთვის, რა სიმაღლის უნდა იყოს ბავშვი. თუმცა, არსებობს სხვა მიზეზიც, რის გამოც შეიძლება ზრდაში შეფერხება განვითარდეს. მაგალითად, ზრდაში ჩამორჩენა შესაძლოა ფარისებრი ჯირკვლის პათოლოგიამ გამოიწვიოს. ასევე, შესაძლოა კვებითი ფაქტორი იყოს. ამიტომ, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, პედიატრის ან თერაპევტის რეკომენდაციებია საჭირო. პირველ რიგში, აუცილებელია, გაირკვეს, ბავშვი რატომ ჩამორჩება ზრდაში და შემდეგ მოვაგვაროთ პრობლემა. მშობელს თავად, დამოუკიდებლად, ძალიან გაუჭირდება შეფასება. ძირითადად, მომართვიანობის მიზეზი არის ის, რომ თანაკლასელებთან შედარებით, სხვაობას ამჩნევენ. მთავარია, ექიმთან ვიზიტი არ დაგვიანდეს. რადგან, თუ ზრდის ზონების გაძვალება დაიწყება, ეს უკვე შეუქცევადი პროცესია და ვერაფერს ვუშველით. გარდა ამისა, გენეტიკური ქრომოსომული პათოლოგია, ტერნერის სინდრომიც არსებობს. ეს სქესობრივი განვითარების თანდაყოლილი დარღვევაა, რა დროსაც ზრდის ჰორმონით შეიძლება ჩატარდეს მკურნალობა და ძალიან კარგი შედეგი მივიღოთ.

- რამდენად უწყობს ხელს სიმაღლეში ზრდას ჭარხალი, ვიტამინები, სხვადასხვა ბოსტნეულის მიღება, ხერხები, რომლებიც საზოგადოებაშია გავრცელებული?

- ბავშვს სრულფასოვანი კვება სჭირდება, რომელშიც ყველა კომპონენტი იქნება გათვალისწინებული, მათ შორის, ბოსტნეულიც. ამიტომ, მსგავსმა ხერხებმა შეიძლება 2-3 სანტიმეტრი მოამატებინოს, თუმცა, როგორც გითხარით, თუ მიზეზი არ დადგინდება, რაც ზრდაში ხელს უშლის და შესაბამისი მკურნალობა არ ჩატარდება, შედეგს ვერ მივიღებთ.

- მშობლებს, რომლებსაც გენეტიკაში აქვთ სიდაბლე, შეუძლიათ რამე გააკეთონ ბავშვისთვის სიმაღლეში ზრდის ხელსშესაწყობად?

- ამ შემთხვევაში, მოსალოდნელია, რომ ბავშვიც დაბალი იქნება და ნაკლებად სავარაუდოა, რაიმე ფორმით ამის შეცვლა. საკმაოდ ძვირადღირებულ პრეპარატებს სთავაზობდნენ მოსახლეობას. ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე, ჰპირდებოდნენ, რომ ბავშვი სიმაღლეში მოიმატებდა, რაც არასწორია. პირველ რიგში, ძვლოვანი ასაკი უნდა განისაზღვროს. თუ ზრდის ზონები დახურულია, იმას აღარაფერი უშველის.

- არსებობს სპორტის სახეობები, რომლებიც სიმაღლეში ზრდას ხელს უწყობს ან პირიქით?

- ბუნებრივია, არსებობს. მაგალითად, კალათბურთი, რომელიც გაწელვას უწყობს ხელს. ფეხბურთი ცნობილია, რომ ზრდისთვის ნაკლებხელშემწყობია. ცურვა, წყალბურთი ძალიან კარგია, რომ ბავშვმა მოსალოდნელი სიმაღლის მაქსიმუმს მიაღწიოს. იმის იქით, რასაკვირველია, ვეღარ გაიზრდება.

- რამდენად უშლის ხელს სიმაღლეში ზრდას ზედმეტი ან ნაკლები წონა?

- ზედმეტი წონა ყველაფერს ხელს უშლის. როცა ჭარბი წონა ან სიმსუქნეა, უმჯობესია მაშინვე მიექცეს ყურადღება და მშობლებმა სპეციალისტს მიმართონ. წონის დეფიციტი არანაკლები პრობლემაა. არსებობს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-გონადის ღერძი, რომლის ფუნქციონირებასაც წონის დეფიციტი ნამდვილად ხელს უშლის.

- როდის ითვლება მენსტრუალური დარღვევები გოგონებში პათოლოგიად?

- მშობლებმა იციან, რომ გოგონებში მენარხეს შემდეგ პირველი-ორი წელი მენსტრუალური ციკლი შეიძლება დარღვეული იყოს და ეს ფიზიოლოგიაა. მაგრამ, ყოველთვის ვამბობ, რომ უნდა გავითვალისწინოთ, რა თანმხლები მოვლენები ახლავს ამ დარღვევას. თუ მენსტრუალური ციკლის დარღვევასთან ახლავს წონის დეფიციტი ან ჭარბი წონა, ეს უკვე საყურადღებოა და ბავშვთა და მოზარდთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს უნდა მიმართონ. საყურადღებოა, როცა ამ შემთხვევაში ვლინდება ჭარბთმიანობა, გამონაყარი სახეზე. ეს შეიძლება საკვერცხეების პოლიკისტოზის დასაწყისი იყოს. ნიშნების უგულებელყოფა და მხოლოდ იმიტომ დალოდება, რომ 2 წელი დარღვეული ციკლი ზოგადი მოცემულებაა, არ შეიძლება. განსაკუთრებით საყურადღებოა, თუ ამ პერიოდში სისხლდენები ვითრდება. სიცოცხლისთვის საშიში ანემიაც შეიძლება განვითარდეს.

- ჭარბთმიანობა თუ იკურნება, რა იწვევს ყველაზე ხშირად და არსებობს თუ არა მედიკამენტოზური მკურნალობა?

- თუ მიზეზი არ დავადგინეთ, ისე არაფერი გამოვა. როდესაც საკვერცხეების პოლიკისტოზი, თირკმლის ჯირკვლის ფუნქციის დაღვევა გვაქვს, ამან შეიძლება ჭარბთმიანობა გამოიწვიოს. პრობლემა სიმსუქნესა და წონის დეფიციტსაც უკავშირდება. გოგონას ორგანიზმშიც გამოიყოფა მამაკაცური ჰორმონები, ამიტომ, ეს თუ არ გაანეიტრალა ქალის ჰორმონმა, ესტროგენმა, და მისი დეფიციტი გვაქვს, ბუნებრივია, ჭარბთმიანობა განვითარდება. არის ფორმები, როდესაც სისხლში მამაკაცური ჰორმონების დონე ნორმალურია, მაგრამ კანში არსებული ჰორმონების აღმქმელი რეცეპტორების აქტივობაა მომატებული. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია ანტიანდროგენები გამოვიყენოთ. ასევე, კოსმეტიკური საშუალებებიც. მაგრამ, ჯერ ზუსტი მიზეზი უნდა დადგინდეს და შემდეგ დაინიშნოს მკურნალობა.
როგორც კი ჩნდება მსგავსი პრობლემები, არც ზედმეტად შეშფოთდეთ და ნურც ზედმეტად დამშვიდდებით. მთავარია, არ დააგვიანოთ და დროულად მიმართოთ გამოცდილ ბავშვთა გინეკოლოგ-ენდოკრინოლოგს ან რეპროდუქტოლოგს და გაითვალისწინოთ მხოლოდ კვალიფიციური ექიმის რჩევები.

თამარ იაკობაშვილი

34677
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი