"ერთი წვეთი სისხლი თქვენს შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას იტევს..." - ჰემატოლოგის პასუხები გავრცელებულ შეკითხვებზე
"ერთი წვეთი სისხლი თქვენს შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას იტევს..." - ჰემატოლოგის პასუხები გავრცელებულ შეკითხვებზე
ჰემატოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ი.ჯავახიშვილის გენეტიკის კათედრის მოწვეული პროფესორი ინა მესტიაშვილი სისხლის გაღების შემდეგ ადამიანის ორგანიზმში მიმდინარე პროცესებზე გვესაუბრება.

- სისხლის უანგარო დონაცია მრავალმხრივ სასარგებლო აქციაა, როგორც დონორისთვის, ასევე იმ პაციენტებისათვის, რომელთაც სისხლის პროდუქტები ესაჭიროებათ. სისხლის გადასხმა უკიდურესად სასარგებლო განსაკუთრებით იმ ადამიანებისათვის გახლავთ, ვისაც სისხლმბად ორგანოთა პათოლოგიები აქვთ. ახალი, ჯანსაღი სისხლის გადასხმა ასტიმულირებს პაციენტის ორგანოთა ფუნქციონირებას და მთლიანად სისხლწარმომქმნელ სისტემას. ანემიების, ლეიკემიის, თრომბოციტოპენიის და უბედური შემთხვევების დროს სისხლი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.

- რამდენად სასარგებლოა სისხლის გაღება თავად დონორისათვის და ხომ არ
აყენებს გარკვეულ ზიანს სისხლის გაღება დონორის ორგანიზმს?

- სისხლის გაღების შემდეგ აქტიურდება სისხლმბადი ორგანოები და ძვლის ტვინი გამოიმუშავებს ახალ სისხლს, ორგანიზმში წარმოიქმნება ახალი სასიცოცხლო ძალა. სისხლის გაღება უკიდურესად სასარგებლოა დონორისთვის. უბრალოდ, დონაციის შემდეგ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, რომელიც გულისხმობს არა საკვების რაოდენობას, არამედ მის შემადგენლობას. დონაციის შემდგომ პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობის, ანუ PH-ის შენარჩუნება. იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ ორგანიზმის სიჯანსაღე და სისხლში მჟავა-ტუტოვანი წონასწორობა არ დაირღვეს, აუცილებელია რაციონიდან ამოვიღოთ შემწვარი საკვები. სასურველია მივირთვათ დიდი რაოდენობით ხილი და ბოსტნეული ცოცხალი ან ჩაშუშული სახით, ხოლო ხორცი მხოლოდ მოხარშული ან ჩაშუშული და არავითარ შემთხვევაში შემწვარი.

- მახსოვს, ადრე საუბრობდით სისხლის განსაკუთრებულ უნარებზე და მისტიურ საინფორმაციო შესაძლებლობებზე... რა კავშირი მყარდება
დონორსა და მიმღებს შორის სისხლის გადასხმის შედეგად?

- ერთი წვეთი სისხლი თქვენს შესახებ მაქსიმალურ ინფორმაციას იტევს. სისხლი არის მისტიური სითხე, სიცოცხლის საწყისი, ჩვენი მამოძრავებელი ძალა და საუკეთესო ინფორმატორი. როდესაც ადამიანი სისხლს აბარებს უარგაროდ, ის მისთვის სრულიად უცნობ ადამიანს გადასცემს უდიდეს ძალას, ენერგიას, სიყვარულს და თავგანწირვას. სისხლის ფუნქციების განხილვისას ყოველთვის უპირველეს ყოვლისა განიხილავ მის საინფორმაციო და მისტიურ ფუქნციას. როდესაც დონორი გასცემს სისხლს, მის ორაგანიზმში იწყება განახლების საოცარი პროცესები უჯრედულ და ფსიქიკურ დონეზე. სისხლის უჯრედებს მრავალფეროვანი და მნიშვნელოვანი ფუნქციები აკისრია, მაგრამ ისინი დროთა განმავლობაში ბერდებიან, იღუპებიან და მათ ნაცვლად ახლის წარმოქმნაა საჭირო. სისხლის უჯრედების წარმოქმნა ძვლის წითელ ტვინსა და ლიმფურ კვანძებში ხდება. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ერითროციტების წარმოქმნა, რადგან ერითროციტები ყველა სხვა ფორმიან ელემენტთან შედარებით დიდხანს ცოცხლობენ სისხლში. თუკი სხვა ელემენტები 3-4 დღეში იღუპებიან, ერითროციტები 100-120 დღე ცოცხლობენ. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი თანდათან ბერდებიან. როდესაც ხდება ახალი ერითროციტების გადმოსროლა პერიფერიულ სისხლში, ისინი განსაკურებით ხარისხიანად ასრულებენ თავიანთ ფუნქციას. ძვლის ტვინიდან გადმოსროლილი ახალი სისხლი მოივლის მთელ სხეულს, ღვიძლს, ელენთას, თითოეულ ორგანოსა და ქსოვილს. შესაბამისად, სისხლის გაღებით ვეხმარებით საკუთარ ორაგანიზმს გაახალგაზრდავებაში და ამავდროულად სულიერად ვძლიერდებით! როდესაც ადამიანი სისხლს იღებს თავისი ახლობლისათვის, ეს ძალიან დიდი კეთილი საქმეა, თუმცა სრულიად სხვა ფსიქიკის და მორალის მატარებელია ის ხალხი, ვინც უცნობი ადამიანიების გადასარჩენად იღებს. ისინი არიან გმირები!

- სისხლის გაღება მამაკაცებისთვის უფრო სასარგებლოა თუ ქალებისათვის?

- ძალიან საინტერესო შეკითხვაა. ზოგადად, სისხლის გამოშვება საუკუნეების განმავლობაში მკურნალობის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდი იყო. უამრავ დაავადებას სწორედ სისხლის გამოშვებით მკურნალობდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ადამიანის შეუძლოდ ყოფნის მიზეზი ზედმეტი სისხლი იყო. წურბელებით მკურნალობა ათასწლეულების განმავლობაში მიიჩნეოდა სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესების საუკეთესო საშუალებად. სხვათა შორის, სისხლის გაღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მამაკაცის ორგანიზმისათვის. ქალები დედათა წესის დროს გარკვეული რაოდენობით კარგავენ სისხლს. ეს დანაკარგი მათ ორგანიზმს მუდმივად აიძულებს ახალი სისხლი გამოიმუშავოს, რაც ქალის ორგანოთა სისტემებს განახლებაში ეხმარება. სისხლის მუდმივი განახლება ამცირებს ქალის ორგანიზმში გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს.

- როგორ შევინარჩუნოთ ჯანსაღი სისხლი, რომელიც ჩვენი თუ სხვა ადამიანთა სიცოცხლისათვის უმნიშვნელოვანესია?

- მოგეხსენებათ, გამოუსადეგარია სისხლი, რომელიც დაავადებულია სხვადასხვა ინფექციებით, შესაბამისად უმნიშვენლოვანესია თავდაცვა სისხლისმიერი გზით გადამდამდები ინფექციებისაგან. მათი უმრავლესობა კი დაუცველი სქესობრივი კონტაქტებით, ინტრავენური ნარკომანიით და კლინიკებში სტერილიზაციის ნორმების დაუცველობით არის გამოწვეული. გარდა ინფექციებისა, იმისათვის, რომ სისხლი ჯანსაღი იყოს უმნიშველოვანესია ფეხით სიარული სუფთა ჰაერზე და ბალანსირებული კვება, სადაც დიდი რაოდენობით არის რაციონში ხილი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და ხორცეული. დაიმახსოვრეთ, ჯანსაღი სისხლი, რომელიც გახლავთ მისტიური სასიცოცხლო ძალა, მუდმივად მოძრაობს ორგანიზმში, ყველა ორგანოსა თუ ქსოვილთან ჟანგბადი და საკვები ნივთიერებები მიაქვს, რაც ჩვენი ჯანმრთელობისა და დღეგრძელობის გარანტიას წამოადგენს!

ესაუბრა მეგი საჯაია

altეხმარება თუ არა კოვიდგადატანილთა სისხლი კორონავირუსის გართულებისას და ვისთვის არ შეიძლება სისხლის გაღება - გავრცელებული შეკითხვები და კომპეტენტური პასუხები


965
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი