ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი კორონავირუსით ინფიცირებულთა არასაჭირო ჰოსპიტალიზაციასა და მკურნალობაზე წერს. მისი თქმით, ამდენი ხალხის სტაციონარში მოთავსება სიკვდილიანობის რისკს სულაც არ ამცირებს, რაც გარდაცვალების სტატისტიკასაც ეტყობა.
"აქტიური შემთხვევების 1/3 კვლავ ჰოსპიტალიზებულია (2700-მდე ჰოსპიტალიზებული 8990 აქტიურ შემთხვევაზე). არავითარი განმარტება არ ისმის შემდეგ საკითხებზე: რატომ არის ასეთი მაღალი ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი? რატომ ჭირდება ამდენ ადამიანს სტაციონარი? რატომ იხარჯება ამდენი რესურსი? (თითოეული საწოლ-დღე საკმაოდ დიდ თანხებთან არის დაკავშირებული).
რა უკეთდება სტაციონარში მყოფ პაციენტებს? თუ კოვიდინფიცირებულების 1/3-ს მედიკამენტური მკურნალობა უტარდება, ეს, ცხადია, არასწორია, რადგან მედიკამენტური ჩარევა ფაქტიურად მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებულ პაციენტებს ჭირდებათ, ხოლო 1/3 ვერაფრით ვერ იქნება ჟანგბადდამოკიდებული. თუ არაფერი უტარდებათ, მაშინ რატომ არიან სტაციონარში?
თუმცა სტაციონარში მყოფ ან გამოწერილ უამრავ პაციენტთან მაქვს კონტაქტი და ფაქტიურად ყველას აქვს რაღაც დანიშნულება. სტანდარტულად, დანიშნული აქვთ ანტიბიოტიკი, ანტიკოაგულანტი და ჰორმონი (აღარაფერს ვამბობ სხვა, რაღაც „დამატებით“ წამლებზე). ასევე რაღაც გაუგებარი „გადასხმები“, რომელთა მიზანი საერთოდ გაურკვეველია ხოლმე. ბევრ მათგანს ამ მედიკამენტების არავითარი საჭიროება არ აღენიშნება. ბევრს გამოწერის შემდეგაც უგრძელდება თერაპია, განსაკუთრებით ხშირია ანტიკოაგულანტების ბინაზე მიღება.
ეს ქმნის ილუზიას, რომ კოვიდინფიცირებულ პაციენტს აუცილებლად რაღაც წამალი ჭირდება და ბინაზე დარჩენილებიც ხშირად სრულიად არასაჭირო მკურნალობას იღებენ, რადგან გაგონილი აქვთ, რომ ვიღაცას ეს წამლები ქონდა დანიშნული, თუმცა მასაც მსუბუქად მიმდინარე დაავადება ქონდა.
ოდესმე თუ ვნახავთ დეტალურ ანალიზს ჰოსპიტალიზებულ პაციენტებზე, მათ შორის მკურნალობის მეთოდების პროცენტულ გადანაწილებას, ამ მკურნალობის შედეგს/გამოსავალს, დარწმუნებული ვარ, რომ ზემოაღნიშნულის სისწორეში დავრწმუნდებით.
ასევე ძალიან საინტერესოა მართვით სუნთქვაზე გადაყვანის და ამ პაციენტების გამოსავლის სტატისტიკა.
ადრეც, როცა ამ თემაზე ყურადღებას ვამახვილებდი, მთავარი საპირისპირო არგუმენტი იყო ის, რომ ზედმეტი ჰოსპიტალიზაციით არაფერი დაშავდება და ამით მეტ ადამიანს გადავარჩენთ. რა თქმა უნდა, ასე არ არის. ჰოსპიტალში ყოფნა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, საერთოდ არ არის უკეთესი გამოსავლის გარანტია და ეს სიკვდილობის მაჩვენებელსაც ეტყობა, ისევ განუხრელად იზრდება.
ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს საავადმყოფოსშიდა, ე.წ. „ჰოსპიტალური ინფექციების“ რისკი და ასევე უამრავი, არამიზნობრივი ფინანსური ხარჯი, რომელიც სხვა, უფრო მნიშვნელოვანი მიზნით შეიძლება გამოვიყენოთ" - წერს მაია ბუწაშვილი.