დადგა ზაფხულის არდადეგები. არავისთვის არის საიდუმლო, რომ ქალაქის დაბინძურებული ჰაერი, დახურულ ოთახებში ხანგრძლივი ყოფნა, ცხოვრების უმოძრაო წესი, კომპიუტერი და ტელევიზორი ბავშვის სხეულის დამცავი ძალების დაქვეითებას იწვევს. ამიტომ, ბავშვისთვის ძალიან მნიშვნელოვანია კარგი დასვენება და რაც შეიძლება მეტი დროს გატარება სუფთა ჰაერზე. თუმცა დასვენებასა და კურორტების შერჩევასთან დაკავშირებით, ბევრი ნიუანსია გასათვალისწინებელი. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე Mshoblebi.ge-ს მკითხველს ძალიან საინტერესო რჩევებს უზიარებს ზაფხულში დასვენებასა და უსაფრთხოების წესებზე:
- დასვენების ხანგრძლივობა საკმარისი უნდა იყოს ბავშვის ადაპტაციისა და გამოჯანსაღებისთვის. ბავშვის სხეულის ადაპტაცია კლიმატის ცვლილებასთან შეიძლება გაგრძელდეს 3 – დან 10 დღემდე, ამიტომ დასვენება ზღვის სანაპიროზე უნდა გაგრძელდეს მინიმუმ სამი კვირა. შემდეგ ბავშვს ექნება დრო ადაპტაციისა და ჯანმრთელობის გაუმჯობესებისათვის.
ლამაზი სიტყვა "თალასოთერაპია", რომელიც შეიძლება ითარგმნოს როგორც "ზღვით მკურნალობა", ყველასთვის ცნობილი არ არის. მაგრამ, ამის გარეშეც ყველა მშობელი დარწმუნებულია, რომ ზაფხულში ნამდვილად ღირს ბავშვთან ზღვაზე გასვლა - დასვენება და ჯანმრთელობის გაკაჟება: ზღვის წყლის სასარგებლო თვისებები უკვე დიდი ხანია დამტკიცებულია. ბავშვისთვის ზღვის პირველი სარგებელი გაკაჟებაა. ზღვის წყლის ტემპერატურა ყოველთვის დაბალია სხეულის ტემპერატურაზე. როგორც კი ზღვაში ჩავალთ, ზედაპირული სისხლძარღვები შევიწროვდება და სისხლი შინაგანი ორგანოებისკენ მიემართება. შემდეგ პირველ სიცივეს სითბოს შეგრძნება ცვლის, სუნთქვა ღრმავდება, გულისცემა ხშირდება. სისხლძარღვების ამგვარი "ვარჯიში" ჯანმრთელობის გაუმჯობესების კარგი პროცედურაა. ამას ემატება ზღვის ჰიდრომასაჟის მოქმედება, რომელიც კუნთების ტონუსს უწყობს ხელს.
იმის გასარკვევად, თუ რამდენ ხანს შეგიძლიათ ბანაობა ზღვაში, უნდა გავითვალისწინოთ წყლისა და ჰაერის ტემპერატურა და ასევე ბავშვის ასაკი. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ზღვის წყლის მინიმალური ტემპერატურა უნდა იყოს +22°C (2-3 წლის ბავშვებისთვის - + 24°C). ბანაობის ხანგრძლივობა 2-3-დან 10 წუთამდეა. სასკოლო ასაკის ბავშვებს შეუძლიათ უფრო ცივ წყალში ბანაობა, მაგალითად, 18-20 გრადუსი. წყალში შეუძლიათ დარჩეთ 15-20 წუთი.
მშობლები ხშირად აფიქსირებენ ბავშვების სწრაფ განვითარებას დასვენების შემდეგ. აქ სამი ფაქტორი ერწყმის ერთმანეთს: პირველ რიგში, ზღვის წყალი და ჰაერი იოდის წყაროა - მიკროელემენტის, რომლის ნაკლებობა ასუსტებს მეხსიერებასა და ინტელექტუალურ შესაძლებლობებს. მეორეც, დასვენება ახალი შთაბეჭდილებების წყაროა. მესამე, ქვიშაზე და კენჭებზე სიარული კარგი ტრენინგია წვრილი მოტორიკისთვის. ყველაფერი ეს მეტყველებისა და აზროვნების განვითარებას უწყობს ხელს.
გაითვალისწინეთ, რომ იოდის ყველაზე მაღალი კონცენტრაცია ჰაერში აღინიშნება დილაადრიან და საღამოს საათებში. ამიტომ, ეცადეთ, ბავშვი ადრე გაიღვიძოთ, საღამოები კი ზღვის პირას გასეირნებას დაუთმოთ. ზღვის წყალში ცურვის სარგებელი არ არის ზღვაზე დასვენების ერთადერთი პლუსი. სუფთა ჰაერზე სიარული, მზის აბაზანები, თბილი ქვიშა, კენჭებზე სიარული ყველაფერ ამას თავისი ეფექტი აქვს.