ზაფხული შესანიშნავი დროა, მშობლებმა ბავშვები ქალაქიდან გაიყვანონ და მათი ორგანიზმის გაჯანსაღებაზე იზრუნონ. ხშირად ვერ წყვეტენ, რომელ კურორტსა თუ სოფელს მიანიჭონ უპირატესობა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, პროფესორი ყარამან ფაღავა Mshoblebi.ge-ს მკითხველს უყვება, რატომაა ბავშვისთვის ჰაერის გამოცვლა სასურველი, რამდენი ხნით შეგიძლიათ წაყვანა, რომ დადებითი ეფექტი მიიღოთ და რა უნდა გაითვალისწინოთ, როცა დასასვენებლად წახვალთ:
- ჰაერის გამოცვლისას ჯობს, მშობლებმა ბავშვები ქალაქიდან სოფელში, დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთ საქართველოში ან კიდევ პირიქით, აღმოსავლეთი საქართველოდან დასავლეთში წაიყვანონ. ჰაერის გამოცვლა ხელს უწყობს გაკაჟებას, გულ-სისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის გაუმჯობესებას, იმუნიტეტის გაძლიერებას. ასევე, თუ ბავშვები სოფელში მიგყავთ, სუფთა და ჯანსაღი საკვები დაგხვდებათ, რაც ასევე ძალზე მნიშვნელოვანია. სუფთა გარემოში ყოფნა, იქნება ეს რომელიმე სოფელი თუ კურორტი, ახლა განსაკუთრებით საჭიროა, რადგან პანდემიის გამო, ბავშვები ძირითადად სახლში იყვნენ, იზოლირებულნი. სოფელში ჯანმრთელობის გარდა, პატრიოტული თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია შვილების წაყვანა და საქართველოს ბუნების დათვალიერება, სოციალური ურთიერთობების ჩამოყალიბება. ბავშვის ჯანმრთელობისათვის ყველაზე კარგი აღმოსავლეთ საქართველოს მთაა. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ალერგიული დაავადებები აქვთ. რაც შეეხება ზღვას, ესეც ძალიან კარგია, დიდი სიამოვნების მომტანია, თუმცა, თუ დააპირებთ წასვლას, უნდა იცოდეთ, რომ 12-დან 6 საათამდე ზღვაზე არ უნდა გავიდეთ. გარდა ამისა, თუ ბავშვს ბევრი ხალი აქვს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მზეზე ყოფნას უნდა მოვარიდოთ. ასევე, ძუძუზე დასხივებაც არაა სასურველი, რადგან მასტოპათიის რისკი იზრდება (ცხადია, მომავალში, მაგრამ პროფილაქტიკა ბავშვობიდანვე იწყება). უნდა ეცადოთ, რომ რაც შეიძლება მეტი ახალი რამ აჩვენოთ, მოასმენინოთ თქვენს შვილს, რადგან ბავშვობის პერიოდში მათ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია ჩაებეჭდებათ ცნობიერებაში, ამას იმპრინტინგი ჰქვია და ეს პატრიოტიზმის ბიოლოგიური საფუძველია. ზაფხულში მეტი დროა ამისთვის.
- ჰაერის გამოცვლისთვის სოფელსაც იგივე ეფექტი აქვს, რაც პოპულარულ კურორტებს?
- თუ სოფელში სისუფთავე, სიგრილე, მცენარეულობა, ტყეა, რასაკვირველია, შესანიშნავი ადგილია დასასვენებლად. პანდემიიდან გამომდინარე და ზოგადადაც, ვეცადოთ, ბავშვები ხალხმრავალ ადგილებში არ წავიყვანოთ. მათ, რა თქმა უნდა, სოციალური კონტაქტი სჭირდებათ, მაგრამ, მაინც მინიმუმამდე უნდა დავიყვანოთ.
- რომელი ასაკიდან შეიძლება ბავშვისთვის ჰაერის გამოცვლა?
- პირველი 2-3 თვე შედარებით რთულია. მაგრამ, თუ მშობელს სხვა გამოსავალი არ აქვს და იქ, სადაც მიდის, კარგი პირობებია, რატომაც არა, ახალშობილიც შეუძლიათ წაიყვანონ. თუმცა, ჩემი რჩევა იქნება, პირველი ორი თვე ერთბაშად ნუ მოახდენთ რევოლუციას. დღეს საქართველოში ბევრი აფთიაქია და ადამიანებს ექიმიც უწევს დახმარებას, მაგრამ თან გქონდეთ მედიკამენტები, რაც შეიძლება პირველადად დაგჭირდეთ: მაგალითად, სიცხის დამწევები, შეიძლება ერთი დოზა ანტიბიოტიკი, დექსამეტაზონი, ანტიჰისტამინური პრეპარატი, გამოშრობის საწინააღმდეგო ხსნარები.
- ბავშვისთვის ჰაერის გამოცვლა რომ სასარგებლო აღმოჩნდეს, მინიმუმ, რამდენ ხანს უნდა წაიყვანონ მშობლებმა?
- მახსოვს, კურორტოლოგები ამბობდნენ, რომ პირველი-ორი კვირა შეგუების პერიოდიაო. ასეცაა, მაგრამ თუ მშობელს ამის შესაძლებლობა არ აქვს, ერთი კვირაც კარგია. ხოლო, თუ საშუალება აქვს, არდადეგებიდან ერთი-ორი თვეც შეიძლება გამოიყენონ.
- ხშირად მშობლები კურორტზე ვიზიტს ე.წ. დამტვერვის სეზონს ამთხვევენ, ეს რამდენად სასარგებლოა ბავშვებისთვის?
- ამასთან დაკავშირებით არანაირი სამეცნიერო მტკიცებულება არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში მე არ ვიცი; არავის შეუსწავლია, რეალურად აქვს თუ არა ამას რაიმე ეფექტი. ამიტომ, ვერც დადებით პასუხს გაგცემთ და ვერც უარყოფითს.
- ზაფხულში რომელ კურორტზე ჯობს დასასვენებლად წასვლა?
- დასავლეთ საქართველო მაინც ნესტიანია, ამ მხრივ, აღმოსავლეთ საქართველოში (ბორჯომი, ბაკურიანი) უკეთესია. თუ ბავშვი ალერგიულია, მწვანე კურორტს ნუ შეარჩევთ. შეიძლება ერთი კონკრეტული მცენარე ყვაოდეს და ამან პროცესი გაამწვავოს. მთა ძალიან კარგია. იგივე შემიძლია ვურჩიო ასთმიან პაციენტებსაც. კარგია სურამი, სიონი. კურორტების მთავარი ფუნქცია ხომ ბავშვის გაკაჟება და იმუნიტეტის გაძლიერებაა. თუმცა, ხშირად პიარიც მოქმედებს და მშობლები პოპულარულ კურორტებს ანიჭებენ უპირატესობას. სადაც სუფთა ჰაერი, სიგრილე, სუფთა წყალი, მწვანე საფარი და ჯანსაღი პროდუქტებია, ყველგან შეგიძლიათ წაიყვანოთ შვილები. სამედიცინო თვალსაზრისით, ვერ გეტყვით, რომ მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ კურორტზე ვიზიტი დადებითი ეფექტის იქნება. მთავარია, პანდემიის პირობებში, დიდი თავშეყრის ადგილებს თავი აარიდოთ. ნიღაბზე რეკომენდაცია არარეალურია. პატარა ბავშვი სხვებთან თამაშისას ნიღაბს არ გაიკეთებს. აქტიურად გამოიყენეთ ეს დრო და ხელი შეუწყვეთ თქვენი შვილების გაჯანსაღებას, მიანიჭეთ მათ სიხარული და ბედნიერება.
თამარ იაკობაშვილი