დღევანდელი კოვიდპანდემიის სიტუაცია ძალიან მძიმეა და განსაკუთრებულ რისკებს მოსახლეობის ჯანმრთელობის თუ სხვა პროცესების განვითარების კუთხით რისკებს ხსნის, - ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ბოლო 2-3 დღის მანძილზე, დამატებით პედიატრიული საწოლების მობილიზება მოგვიხდა, რაც ბავშვებში ინფექციის გავრცელების მაღალ მაჩვენებელზე მიუთითებს.
„გუშინდელი შემთხვევების რაოდენობა აღემატება 1800 შემთხვევას და მიუთითებს ბოლო 2 კვირის განმავლობაში შემთხვევების განსაკუთრებულად გააქტიურებაზე. გასული 2-3 დღის მანძილზე ჩვენ მოგვიხდა პედიატრიული საწოლების დამატებით მობილიზება, რაც მიუთითებს ინფექციის ბავშვებში გავრცელების მაღალ მაჩვენებელს. თბილისში მობილიზებული 200-მდე პედიატრიული საწოლი, რომელიც იყო პრაქტიკულად დაუტვირთავი, უკვე გადატვირთულია და მოგივიწია დამატებით საწოლების მობილიზება პედიატრიული პაციენტებისთვის. ინფექციის გავრცელების კუთხით რისკები იზრდება და ამ შემთხვევაში მთავარი გადაწყვეტა ისევ არის ვაქცინაციის პროგრამა. ყველას ინტერესია, რომ ვაქცინაციის პროგრამა განხორციელდეს შეფერხების გარეშე“, - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, „დელტა“ შტამი განსაკუთრებით ბავშვებს უფრო ადვილად აზიანებს.
„ქვეყანაში „დელტა“ შტამის ცირკულაცია 20%-ზე მეტია. იცით, რომ ევროპაში პროგნოზია „დელტა“ შტამი ბრიტანულს თანდათან აგვისტოს შუა რიცხვებისთვის ჩაანაცვლებს. „დელტა“ შტამი უფრო ადვილად აზიანებს ჩვენს მომავალ თაობებს, განსაკუთრებით ბავშვებს. ესეც შეინიშნება, არის ზრდა გარკვეულად ბავშვების ინფიცირების და ბავშვებთა საავადმყოფოებში საწოლფონდის დატვირთვის. გეთანხმებით, აუცილებელია გარკვეული შეზღუდვები. თუ არ გვინდა მკაცრ შეზღუდვებზე წავიდეს ქვეყანა, აუცილებელია დავიცვათ ის, რაც დადგენილია -დისტანცია, ხელების ხშირი დაბანა, აუცილებელია ღია სივრცეში პირბადის ტარება თუ რამდენიმე ადამიანია ერთად და აცრა და აცრა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.