საქართველოში ბავშვებში კორონავირუსით ინფიცირების მაღალი მაჩვენებელია, რის გამოც ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ დღეს განაცხადა, რომ დამატებითი პედიატრიული საწოლების მობილიზება აუცილებელი გახდება. ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორს მაია ჩხაიძეს ვკითხეთ, როგორია მათთან მიმართვიანობა, რა სიმტომები ახასიათებს ბავშვებში ე.წ. "ინდურ შტამს" და სხვა შტამებისგან განსხვავებით, უფრო მძიმედ ხომ არ მიმდინარეობს:
- მკურნალობის თვალსაზრისით, ბავშვი რომელი შტამითაა დაავადებული, არაფერი იცვლება. მოსახლეობა შეშინებულია და თითქმის ყველა პაციენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, ჰოსპიტალიზაციას ითხოვს. ე.წ. "ინდური შტამი" ბევრად უფრო გადამდებია. კლინიკური ნიშნების მიხედვით, რინიტია დამახასიათებელი - ცხვირიდან გამონადენი, ყელის ტკივილი, ზოგადი სისუსტე, თავის ტკივილი. თუმცა, დღეს კონკრეტული კვლევა, რომელიც ზუსტად დაადასტურებს განმასხვავებელ ნიშნებს, არ გვაქვს. "დელტა" შტამის დროს ყნოსვისა და გემოვნების დაქვეითების ჩივილი, რასაც მოზრდილები აღნიშნავენ ხოლმე, ხშირად არ არის გამოხატული. ე.წ. "ინდური შტამის" დადასტურებული შემთხვევით ჩვენს კლინიკაში ახლა ერთი პაციენტი მკურნალობს და მისი მდგომარეობა მძიმეა.
- "დელტა" შტამის დროს სუნთქვის უკმარისობა რამდენად ხშირადაა გამოხატული?
- კორონავირუსი ფილტვის ქსოვილს აზიანებს და სუნთქვის უკმარისობა შესაძლებელია როგორც "დელტა" ასევე, სხვა შტამების დროსაც გამოიხატოს, თუმცა, ბავშვებში იშვიათია.
- ე.წ. "ინდური შტამი" სხვა შტამებისგან ფილტვის დაზიანების ხარისხით ხომ არ არის განსხვავებული?
- როგორც დიდებში, ასევე ბავშვებში კორონავირუსს სხვადასხვა ორგანოს დაზიანება შეუძლია. ზოგადად, კოვიდინფექციის დროს ფილტვი ყველაზე მეტად ზიანდება, ამიტომ, არც ამ თვალსაზრისითაა შტამებს შორის განსხვავება.
- გართულების თვალსაზრისით, რომელ ასაკში უფრო მძიმედ მიმდინარეობს?
- ამ ეტაპზე, ჩვენი კლინიკის გამოცდილებით, ვირუსი წლამდე ასაკში უფრო მძიმედ მიმდინარეობს. მაგრამ, ბუნებრივია, ყველა შემთხვევაში არა. 3 უმძიმესი პაციენტი გვყავს, მართვით სუნთქვაზე. ვირუსი ძირითადად, მშობლებისგან ედებათ.
- თქვენს კლინიკაში მომართვიანობა გაზრდილია?
- მომართვიანობა ძალიან გაზრდილია. პირველადი ჯანდაცვის რგოლი უფრო ყოჩაღად უნდა მუშაობდეს. ყველა პაციენტი ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, ამიტომ, ამ თვალსაზრისით, უფრო მეტი სამუშაო ჩასატარებელი. ჰოსპიტალური სექტორი ძალიან გადატვირთულია.
- თქვენთან თავისუფალი ადგილი დარჩა?
- ახლა კლინიკაში არც ერთი თავისუფალი ადგილი არ გვაქვს.
- სიმძიმის თვალსაზრისით რა მდგომარეობაა, გაზრდილი მომართვიანობის ფონზე, სიმძიმეც ხომ არ შეიცვალა?
- ზოგადად, კორონავირუსი ბავშვებში აქამდე მძიმედ არ მიმდინარეობდა. ჩვენს კლინიკაში მართვითი სუნთქვაც კი არ დასჭირვებია არავის. მთელ მსოფლიოში ბავშვთა ასაკში კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობა ძალიან დაბალია. ამჟამად ჩვენთან განსაკუთრებით მძიმე პაციენტები არ მკურნალობენ, თუმცა, როგორც აღვნიშნე, 3 მძიმე პაციენტი გვყავს და ისინი მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
თამარ იაკობაშვილი