მსოფლიოში კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს. არის ქვეყნები, სადაც ბავშვებსა და ორსულებსაც ცრიან. რა გავლენას ახდენს ვაქცინაცია რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე, ორსულსა და ნაყოფზე, საკმაოდ დიდი ინფორმაცია დაგროვდა, თუმცა, კვლევები კვლავ მიმდინარეობს. "ვაქცინა გავიკეთე და აღმოჩნდა, რომ ფეხმძიმედ ვარ" - ამ შეკითხვით უკვე ჩვენსს საიტსაც რამდენიმე ორსულმა მიმართა. ჩაჩავას კლინიკის დიაგნოსტიკური ცენტრის ხელმძღვანელი, კლინიკური მენეჯერი, ასოცირებული პროფესორი, მედიცინის აკადემიური დოქტორი ლიკა ნადარეიშვილი გვიყვება, არის თუ არა საშიში ვაქცინაცია ფეხმძიმეთათვის და ვაქცინის გაკეთებიდან რა ვადაშია ორსულობის დაგეგმვა რეკომენდებული:
- ჯერჯერობით, ამ თემასთან დაკავშირებით, საქართველოში ინფორმაცია არ გვაქვს. ჩვენს ქვეყანაში ორსულ ქალებს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია არ უტარდებათ. ამიტომ, ვიდრე სახელმწიფო არ მიიღებს გადაწყვეტილებას, გამორიცხულია ორსულთა ვაქცინაციაზე საუბარი. იქიდან გამომდინარე, რომ ორსულობის პერიოდში იმუნური სისტემა ქვეითდება და მიმდინარე ჰორმონულ ცვლილებებთან ერთად, თრომბოზების წარმოქნის რისკი იზრდება, რნკ შემცვლელ ვაქცინას (ფაიზერი, მოდერნა) მინიმუმამდე დაჰყავს ვენოზურ სინუსებში თრომბოზების წარმოქმნის პროცესი. ორსულები მაღალ რისკს მიეკუთვნებიან. კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გაკეთება ძირითადად, 22-ე კვირიდანაა რეკომენდებული. კვლევები ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საკითხი სამომავლოდ ძალიან აქტუალური იქნება. როგორც უცხოური წყაროებიდან ვიგებთ, ვაქცინაცია ორსულებში არანაირ რისკს არ შეიცავს და არც ნაყოფის ჯანმრთელობას უქმნის საფრთხეს, ამიტომ, იმედი მაქვს, ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოშიც იმსჯელებენ. ვფიქრობ, ამ წლის ბოლოს ან მომავალი წლის დასაწყისში უფრო მეტი ინფორმაცია გვექნება.
- ვაქცინაციის დროს, არის რისკები, რაც ორსულებმა უნდა გაითვალისწინონ?
- რა თქმა უნდა, ყველა ის თანმხლები დაავადება, რაც კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინაციისას რისკს წარმოადგენს, ორსულებშიც უნდა იყოს გათვალისწინებული და სწორად შეფასებული. ანამნეზის კარგად შესწავლა და შემდეგ აცრაა რეკომენდებული.
- თუ ქალმა არ იცის, რომ ორსულადაა და გაიკეთა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, გართულების თვალსაზრისით, რა რისკები არსებობს, მით უმეტეს, როცა ახლა საქართველოში "მოდერნასა" და "ფაიზერის" ვაქცინა არ არის ხელმისაწვდომი?
- ასეთი რამდენიმე დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. პაციენტს დაგეგმილი არ ჰქონდა ორსულობა, გაიკეთა ჩინური წარმოების ვაქცინის ორივე დოზა და მას შემდეგ აღმოაჩინა, რომ ორსულადაა. დღეს 17-18 კვირისაა, ორსულობა გართულებების გარეშე მიმდინარეობს, ნაყოფი ნორმალურად ვითარდება. ჩვენთვისაც ძალიან საინტერესოა და ვაკვირდებით, ჯერჯერობით პაციენტს ჩივილი არ აღენიშნება ამიტომ, როცა ბევრი მსგავსი დაკვირვება დაგროვდება, უფრო თამამად შევძლებთ ვთქვათ, რომ კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინა ორსულებისათვის უსაფრთხოა.
- განსაზღვრულია ვადა, ვაქცინაციიდან რამდენი ხნის შემდეგ არ არის დაორსულება რეკომენდებული?
- კონკრეტული რეკომენდაცია ჯერ არ არის დამტკიცებული, მაგრამ ლოგიკურად თუ ვიმსჯელებთ და პაციენტიც რომ მშვიდად იყოს, სასურველია, ორსულობა ბოლო ვაქცინაციის გაკეთებიდან 4 კვირის შემდეგ დაიგეგმოს.
- თქვენი მთავარი რეკომენდაცია ორსულებისთვის ზაფხულის სეზონზე - რა უნდა გაითვალისწინონ, როგორი უნდა იყოს მათი კვება?
- ბუნებრივია, ჯანსაღი პროდუქტები უნდა მიირთვან. ხილი, ბოსტნეული, ცილა აუცილებლად უნდა იყოს მათ რაციონში. ფეხით სეირნობა, მსუბუქი ვარჯიში, ცურვა, ზღვის წყალი ძალიან სასარგებლოა, თუმცა, სასურვლია, დილით 11 საათამდე და საღამოს 6 საათის შემდეგ.
- პანდემიის ფონზე, რა უნდა გაითვალისწინონ ორსულებმა დასასვენებელი ადგილების არჩევისას?
- უპირატესობა მიანიჭონ ადგილებს, სადაც ნაკლები ხალხი იქნება. ორსულმა ქალებმა ინფიცირების თავის ასარიდებლად უნდა მიმართონ ისეთივე ღონისძიებებს, როგორც მოსახლეობის დანარჩენმა ნაწილმა, კერძოდ;
ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით ან დაიმუშავეთ სპირტის შემცველი ხსნარით. დაიცავით 2 მეტრიანი დისტანცია ირგვლივ მყოფ ადამიანებთან, მოერიდეთ ხელის შეხებას ცხვირთან და პირის არესთან, დაიცავით რესპირატორული ჰიგიენის წესები, გამოიყენეთ ერთჯერადი ხელსახოცი ცემინების დროს, თუ გაქვთ ცხელება ან სუნთქვის გაძნელება, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
- ზაფხულის სეზონზე ორსულებში, გართულების თვალსაზრისით, რა არის ხოლმე ყველაზე აქტუალური?
- სხვადასხვა პროდუქტით ინტოქსიკაცია ძალიან აქტუალურია, რის შემდეგაც ეწყებათ ღებინება, ფაღარათი, სისუსტე და ბუნებრივია, ეს ამ პერიოდში მიზანშეწონილი არ არის არ არის. გისურვებთ წარმატებებს!
თამარ იაკობაშვილი