"ყველა ბავშვს ჰოსპიტალიზაცია ნამდვილად არ სჭირდება... ეს სიმპტომები უნდა გახდეს დედისთვის საგანგაშო" - როდის ესაჭიროება ბავშვს საავადმყოფოში დაწოლა
"მკურნალის" სტუმარი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, პედიატრი ივანე ჩხაიძე იყო, რომელმაც "დელტა" შტამზე დეტალურად ისაუბრა. მისი თქმით, კორონავირუსის დელტა ვარიანტს უფრო ხშირად ახასიათებს თავის ძლიერი ტკივილი, ძლიერი ყელის ტკივილი.

"თუმცა მხოლოდ კლინიკურ ნიშნებზე დაყრდნობით შტამების გარჩევა თითქმის შეუძლებელია. მშობლებმა აუცილებლად უნდა იცოდნენ, რომ დღეს საქართველოში ნებისმიერი სახის ცხელების, ხველის, ყელის ტკივილის, ნაწლავთა მოქმედების გახშირების გამომწვევი არის კორონავირუსი. ვერ დავაბრალებთ ვერც გრიპს და ვერც სხვა რესპირაციულ ვირუსებს, რადგან ისინი ქვეყანაში
პრაქტიკულად არ არის" - განაცხადა ივანე ჩხაიძემ, თუმცა აღნიშნა, რომ ყველა ბავშვს ჰოსპიტალიზაცია ნამდვილად არ სჭირდება. "ასიდან შეიძლება ორი-სამი ბავშვი იყოს ისეთი მძიმე, რომ სჭირდებოდეს საავადმყოფოში წაყვანა. თუმცა თუ დავთვლით, რამდენი ბავშვია ქვეყანაში კოვიდინფიცირებული, ჰოსპიტალიზებული ბავშვების საერთო ციფრი არ არის ცოტა" - განაცხადა ბატონმა ივანემ და ჩამოთვალა სიმპტომები, რომლებიც დედამ საგანგაშოდ უნდა მიიჩნიოს და ბავშვი კლინიკაში წაიყვანოს. "ესაა პირველ რიგში ასაკი - წლამდე ასაკის ბავშვები, თუ ეჭვი კორონავირიუსზეა, აუცილებლად უნდა იყვნენ სტაციონარში. სხვა შემთხვევაში აქცენტს ვაკეთებთ ტემპერატურაზე: სამ დღეზე მეტი ხნის განმავლობაში 38 გრადუსი ტემპერატურა საკმარისი მიზეზია, რომ ბავშვი აუცილებლად ექიმმა შეაფასოს. არ გამოგვრჩეს ისეთი ნიშნები, როგორიცაა ღებინება, ნაწლავთა გაXირებული მოქმედება სითხის დიდი შემცველობის განავალით.
თუ ესეც სამი დღის განმავლობაში გრძელდება, ამის უკანაც შეიძლება კორონავირუსი იდგეს. სიმპტომების ჩამონათვალი უფრო ვრცელია, მაგრამ ესენი ყველაზე მეტადაა გავრცელებული და აუცილებელი მიზეზია დედისთვის, რომ ბავშვი კლინიკაში მიიყვანოს" - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
6567
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
xxx
1
ყოველ ზაფხულს ძალიან ბევრი შემთხვევები იყო ენტეროვირუსის, განსაკუთრებით ბავშვებში . სავსე იყო ბათუმის და ქობულეთის საავადმყოფოები . ახლა სხვა ვირუსი აღარ არისო და ყველა ვირუსს თუ კორონას დაარქმევთ რა თქმა უნდა დიდი რიცხვები მიიღება.
00:24 / 24-07-2021
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი