პანდემიის სამი ტალღა ბავშვებისადმი აშკარა ლოიალობით გამოირჩეოდა. თუმცა მიმდინარე, მეოთხე ტალღამ იერიში მათზეც მიიტანა. კორონავირუსის დელტა შტამი, რომელიც, ფაქტობრივად, დომინანატად იქცა, აგრესიული აღმოჩნდა ბავშვების მიმართაც. პედიატრები შექმნილ ვითარებას საგანგაშოს უწოდებენ. მათი ინფორმაციით, სულ უფრო იმატებს კორონავირუსით ინფიცირებული, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების მქონე ბავშვთა რიცხვი. როგორია კორონავისრუსით ინფიცირების მაჩვენებელი ბავშვებში და რა მიმდინარეობა ახასიათებს ვირუსის დელტა შტამს? - Ambebi.ge ამ საკითხებზე ესაუბრა "ავერსის" მარნეულის მულტიპროფილური კლინიკის პედიატრული დეპარტამენტის უფროსს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს ილონა ხიზანეიშვილს.
- პანდემიის დაწყებისთანავე გამოიკვეთა, რომ კორონავირუსი ბავშვებში იოლი ფორმებით მიმდინარეობდა. თუმცა, ბოლო პერიოდში ვითარება საპირისპიროდ შეიცვალა. რამ განაპირობა ეს?
- პანდემიის დასაწყისში იმ ქვეყნებიდან, სადაც დაავადება ადრე გავრცელდა, ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ ე.წ ჩინური ვირუსი ბავშვებს "ნაკლებად ერჩის", რაც ერთგვარი მცირე შვება იყო პანდემიის პირობებში, ეს ჩვენი ბავშვთა მოსახლეობის მაგალითზეც დადასტურდა: კორონავირუსით დაავადდნენ ბავშვები, მათ შორის იყო პნევმონიის, ანუ ქვედა სასუნთქი გზების დაავდებებიც, თუმცა განსაკუთრებული სიმძიმით, ისეთი როგორი მიმდინარეობაც ჰქონდა მოზრდილებში, არ გამოირჩეოდა. აღნიშნულის მიზეზები ბევრჯერ იქნა განხილული და საჯაროდ გაზიარებული მოსახლეობისთვის.
რაც შეეხება ახლანდელ მდგომარეობას, უკვე ფაქტობრივად მეოთხე ტალღაში ვიმყოფებით, პრევალირება დაიწყო მუტანტმა ვირუსებმა, მათ შორის დომინირების ეტაპზეა ე.წ. დელტა ვარიანტი (ინდური შტამი) აქ საქმე ბევრად შემაშფოთებლად გამოიყურება, უკვე სახეზეა ბავშვთა დაინფიცირების მაღალი მაჩვენებელი, პედიატრიულ კლინიკებში, მათ შორის ჩვენთანაც მაღალია კოვიდინფიცირებული ბავშვების ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი. გამოიკვეთა, რომ ინტენსიური თერაპიის საჭიროება მეტია, ვიდრე წინა 3 ტალღის დროს.
- რა ვიცით ამ დროისთვის ბავშვებში დელტა შტამის მიმდინარეობის შესახებ?
- დელტა შტამთან მიმართებაში ცნობილია ის, რომ მაღალი გადამდებლობით გამოირჩევა, დაახლოებით 2-3 ჯერ უფრო მეტი ადამიანი ავადდება ერთი დაავადებულისგან, ანუ სწრაფი გავრცელებით ხასიათდება, ასევე ის, რომ ბავშვებთან არ "მეგობრობს" და შეიძლება გამოიწვიოს ფილტვის ქსოვილის დაზიანება, სუნთქვის უკმარისობით გართულება...
- რა სიმპტომები ახასიათებს კორონავირუსის თავდაპირველ ვარიანტსა და დელტა შტამს ბავშვებში და რა განსხვავებაა მათ შორის? რომელია დელტა შტამის ყველაზე გავრცელებული და მძიმე გართულებები ბავშვებში, თქვენს პრაქტიკაზე დაყრდნობით?
- ამ ეტაპზე პრევალირებას იწყებს დელტა შტამი, მოსალოდნელია, რომ ის დომინანტური გახდება აგვისტოში, რაც შეეხება სიმპტომებს, მას ისეთივე დასაწყისი აქვს, როგორც ჩვეულებრივ, სხვა ზედა სასუნთქი გზების ინფექციებს: ყელის ტკივილი, ცხვირიდან გამონადენი, თავის ტკივილი, ცხელება, ზოგჯერ ფაღარათი... არ გამოირჩევა განსაკუთრებული კლინიკური ნიშნით, მაგალითად ყნოსვის და გემოს დაკარგვა. ასე რომ, თუ ეს სიმპტომები გამოჩნდება, ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ, ტესტირება და მეთვალყურეობა საჭიროა. ყველაზე ძლიერი გართულება შეიძლება იყოს სუნთქვის უკმარისობა, რაც ფილტვის ქსოვილის დაზიანებას ახლავს, ის გამოიხატება სუნთქვის გახშირებით, გაძნელებით, ეს სიმპტომი საყურადღებოა და დროულ ჩარევს საჭიროებს.
იხილეთ სრულად