აცრის მოწინააღმდეგეები ყველაზე ხმამაღალი არგუმენტი ის არის, რომ თითქოს აცრა არ გვიცავს დაინფიცირებისგან. ეს არგუმენტი ბოლო დროს ძალიან ბევრი ადამიანის ყოყმანის მიზეზი ხდება. "რა აზრი აქვს აცრას, თუ მაინც უნდა გადავიტანო და სხვებსაც უნდა გადავდო?" - ასეთი მსჯელობა რომ არასწორია, ამას არაერთი ექიმი ადასტურებს. ამჯერად ამ თემას ცნობილი ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი და გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტებით ეხმაურებიან.
თამარ ჟამურაშვილს კონკრეტული კვლევის ციფრები მოჰყავს, რომელიც ადასტურებს, რომ სინამდვილეში აცრილი ადამიანი სულაც არ ინფიცირდება ისე, როგორც აუცრელი ადამიანი.
„ინფიცირების რისკი სრულყოფილად აცრილებში 8-ჯერ მცირდება.
ჰოსპიტალიზაციის რისკი სრულყოფილად აცრილებში 25-ჯერ მცირდება
გარდაცვალების რისკი სრულყოფილად აცრილებში 25-ჯერ მცირდება
რეალური ფაქტების იგნორირება და კიდევ ვაქცინის უეფექტობაზე საუბარი მართლა აღარ ვიცი, რა მიზანს ისახავს. ჩვენ ხომ ყველა ერთ ნავში ვსხედვართ...“ - წერს თამარ ჟამურაშვილი.
ინფექციონისტი ბიძინა კულუმბეგოვი კი ბრიტანეთისა და საქართველოს მდგომარეობას ადარებს ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით.
„ამ მომენტში საქარველოში ჰოსპიტალიზირებულია 6082 პაციენტი, კოვიდის აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 30 943 ანუ ჰოსპიტალიზაციის პროცენტი 19.6% -ია.
შედარებისთვის, დიდი ბრიტანეთში ჰოსპიტალიზირებულია 5 943 პაციენტი (უფრო ნაკლები ვიდრე საქართველოში) , აქტიური შემთხვევების რაოდენობაა 1 236 459 პაციენტი ანუ პოსპიტალიზაციის პროცენტი 0.48%-ია.
ამ დრამატული სხვაობის ერთადერთი მიზეზია ვაქცინაციის მაჩვენებელი ბრიტანეთში 63.8%, საქართველოში 6.7%.
#ვაქცინაციამუშაობს და მას შეუძლია ადამიანები დაიცვას კლინიკაში მოხვედრისგან და სიკვდილისგან!“ - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.