"წარმოიდგინეთ, რაღაც მიზეზით მიგყავთ შვილი კლინიკაში და ექიმი გეუბნებათ, რომ არ არის ადგილი და არ სცალია თქვენთვის... ეს იქნება ქაოსის დასაწყისი" - მშობლები

"წარმოიდგინეთ, რაღაც მიზეზით მიგყავთ შვილი კლინიკაში და ექიმი გეუბნებათ, რომ არ არის ადგილი და არ სცალია თქვენთვის... ეს იქნება ქაოსის დასაწყისი"

2021-08-22 07:00:58+04:00

საქართველოში ბოლო დროს ხშირად საუბრობენ ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვაზე. სისტემის კოლაფსი - ასე მოიხსენიებენ მოვლენას, რომლის დროსაც ჯანდაცვის სისტემა ვეღარ უმკლავდება პაციენტების ნაკადს და ადამიანები იღუპებიან მხოლოდ იმის გამო, რომ ექიმამდე ვერ მივიდნენ. ჩვენთან, საბედნიეროდ, ეს არ მომხდარა, თუმცა საფრთხე არსებობს, რადგან 8 ათასსაწოლიანი მარაგიდან 7 ათასზე მეტი უკვე დაკავებულია. 60 ათასამდე აქტიური შემთხვევა გვაქვს და მათგან ბევრს შესაძლოა, ჰოსპიტალიზაცია დასჭირდეს. პირველი პაციენტები უკვე საველე ჰოსპიტალმაც მიიღო. ქვეყანაში შეჩერებულია გეგმიური ოპერაციებიც. უფრო დეტალურად, რას ნიშნავს ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა და რით აზარალებს ის რიგით ადამიანებს - ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე ექიმი ანესთეზიოლოგ-რეანიმატოლოგი არჩილ მარშანია გვესაუბრება.

- ჯანდაცვის სექტორის გადატვირთვა არის უკიდურესად საშიში მოვლენა არამარტო პაციენტისთვის, ზოგადად სახელმწიფოსთვის, რადგან ეს გადატვირთვა შეიძლება უბრალოდ, ჯანდაცვის სექტორის კოლაფსში გადაიზარდოს, რა დროსაც კლინიკაში ელემენტარულად ადგილი არ იქნება და მეპერსონალი არ იქნება საკმარისი.

მარტივად გეტყვით, ერთ დღეს რომ გავიღვიძოთ ქვეყანაში, სადაც საავადმყოფოში ადგილი არ არის, ეს იქნება ქაოსის დასაწყისი. წარმოიდგინეთ, რაღაც სხვა მიზეზით მიგყავთ თქვენი შვილი კლინიკაში და იქ ექიმი გეუბნებათ, რომ არ არის ადგილი და არ სცალია თქვენთვის, რა რეაქცია გექნებათ? ახლა, წარმოიდგინეთ, ათასობით ადამიანი, რომელიც ყოველ დღე მივა კლინიკაში და ადგილი არ დახვდება, ეს იქნება ქაოსის და არეულობის დასაწყისი.

- ამის მაგალითები არსებობს ?

- ამის უამრავი მაგალითი არსებობს. ჩვენ ახლა ამ გადატვირთვის საშიშროების წინაშე ვდგავართ. თავად ხედავთ, რომ მზადდება საველე ჰოსპიტლები და მძიმე პაციენტებისთვის ადამიანები ფეისბუქზე ან პირადი კონტაქტებით ეძებენ ადგილებს.

შეგვიძლია გავიხსენოთ აშშ-ის მდგომარეობა 2020 წლის ნოემბერ/დეკემბერში, როდესაც კოვიდ-19-ის ჰოსპიტალიზაციის გამო კლინიკების 90% დაიტვირთა და ძალიან მძიმე სიტუაცია იყო. ახლაც დელტა შტამის გავრცელების გამო სხვადასხვა შტატში, არავაქცინირებული ადამიანების ხარჯზე, გადატვირთულია ორგეონის ჰოსპიტლების 93% და 90% რეანიმაციის საწოლებიც გადავსებულია. ვაქცინაციის სწრაფი ტემპით კი ამ ყველაფრის თავიდან აცილება შესაძლებელი იყო.

ამის ნათელი მაგალითი გახლდათ იტალია კოვიდპანდემიის დასაწყისში, ასევე სომხეთი, სადაც ერთი პერიოდი მძიმე პაციენტებიც კი რიგში იდგნენ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ კლინიკაში ადგილი არ იყო.

- სისტემის გადატვირთვის გამო არაკოვიდპაციენტებიც ზარალდებინ? თქვენ თუ გაქვთ ამის შესახებ ინფორმაცია და რამდენად შეესაბამება ეს რეალობას?

- ცხადია, როდესაც კოვიდპაციენტებით გაივსება კლინიკა, რომლის 98% აუცრელია, ეს მოქმედებს კლინიკის მუშაობაზე, ხდება გეგმიური ოპერაციების გადადება. შეიძლება მოხდეს დეპარტამენტების ცვლილება და სხვადასხვა კლინიკების კოვიდკლინიკებად გადაკეთება. ეს არაკოვიდპაციენტს, რომელიც სხვა პრობლემით მიდის კლინიკაში, უქმნის საფრთხეს, რომ ან საერთოდ ვერ მიიღოს დახმარება, ან გადატვირთული და "გადამწვარი" მედპერსნალის გამო, ეს დახმარება იყოს დაბალი ხარისხის.

- როგორც აღნიშნეთ, შეჩერდა გეგმიური ოპერაციები. რა შეიძლება მოჰყვეს ამას?

- გეგმიური ოპერაციების გადადება ხდება საგანგებო მდგომარეობის გამო, სხვა შემთხვევაში ეს ადამიანები მიიღებდნენ დახმარებას, თუმცა ახლა უწევთ ლოდინი და ესეც ცხადია, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვის ბრალია. მიუხედავად იმისა, რომ გეგმიური ოპერაციები დაბალი რისკის არის, მაინც შეიძლება გარკვეული გართულებები მოჰყვეს მათ გადადებას. ვიმეორებ, ამ ადამიანებს სჭირდებათ დახმარება და არასაგანგებო მდგომარეობაში ამ ოპერაციებს ჩაიტარებდნენ, ახლა კი უწევთ ლოდინი.

- სად ხედავთ გამოსავალს? როგორ ფიქრობთ, რა გამოგვიყვანს ამ მძიმე სიტუაციიდან?

- ამ ეტაპზე ერთადერთი გამოსავალი სწრაფი და ეფექტურად ჩატარებული ვაქცინაციაა, სხვა გზა არ არსებობს. ამიტომ აიცერით და 90%-ით მეტად იქნებით დაცული მძიმე გართულებებისგან არავაქცინირებული პირისგან განსხვავებით. ეს იქნება როგორც საკუთარი ჯანმრთელობის გაფრთხილება, ისე საზოგადოებრივ ჯანდაცვაზე ზრუნვა. გახსოვდეთ, რომ დამძიმებული და გარდაცვლილი ადამიანების აბსოლუტური უმრავლესობა არის აუცრელი. აქ თქვენი და თქვენი საყვარელი ადამიანების სიცოცხლეზეა საუბარი, საზოგადოებრივ ჯანდაცვაზეა საუბარი, საგანგებო მდგომარეობაა, ეს არ არის თამაში.

მერი ბლიაძე