რა შემთხვევაში მძიმდება დელტა ვარიანტი ახალგაზრდებში და რა ხდება მათი გარდაცვალების მთავარი მიზეზი
რა შემთხვევაში მძიმდება დელტა ვარიანტი ახალგაზრდებში და რა ხდება მათი გარდაცვალების მთავარი მიზეზი
საქართველოში კორონავირუსის მზარდი სტატისტიკაა. სამწუხაროდ, ყოველდღიურად ვირუსს უამრავი ადამიანის სიცოცხლე ეწირება. ჩვენს ქვეყანაში, ისევე, როგორც მსოფლიოში, ძირითადად ე.წ. დელტა შტამი ცირკულირებს, რაც, როგორც სპეციალისტები ამბობენ, უფრო რთულად მიმდინარეობს და ბევრად მარტივად გადაედება ერთი ადამიანიდან მეორეს.  რა სიმპტომები ახასიათებს ამ შტამს, რით განხვავდება მისი მიმდინარეობა წინა შტამებისგან და რა დროს უნდა გადავიდეს პაციენტი კლინიკაში, შეკითხვებზე ინფექციონისტები რევაზ მეჭურჭლიშვილი და ალექსანდრე გოგინავა გვპასუხობენ:

- პაციენტებს, ძველი შტამებისაგან განსხვავებით, უფრო ხშირად აღენიშნებათ ცხელება, სურდო, ცხვირიდან გამონადენი, ხველა. ე.წ. დელტა შტამს გაციების მსგავსი სიმპტომები ახასიათებს,
ამიტომ ადამიანებს არ უნდა შეეშალოთ და ყურადღებით იყვნენ.

- რატომ ხდება ხოლმე, რომ ხშირად კლინიკაში მიმართვა დაგვიანებულია?

- პირველ რიგში, მიზეზი არის ის, რომ, როგორც აღვნიშნე, ადამიანებს გაციება ჰგონიათ, ფიქრობენ, რომ 2-3 დღეში გაივლის და სათანადო ყურადღებას არ აქცევენ. გარდა ამისა, ხალხმა იცის, რომ ჰოსპიტლები გადატვირთულია და ცდილობენ, ნაკლებად მოხვდნენ იქ. ვირუსს მოულოდნელი დამძიმება იშვიათად ახასიათებს, ძირითადად, პაციენტის მდგომარეობა ნელ-ნელა მძიმდება.

- რა შემთხვევაში უნდა მიხვდეს ადამიანი, რომ კლინიკაში გადაყვანა სჭირდება?

- პირველ რიგში, ადამიანები ოჯახის ექიმს უნდა დაუკავშირდნენ და შესაბამისი რეკომენდაციები მიიღონ. პაციენტი კლინიკაში უნდა გადავიყვანოთ, თუ მას აქვს მაღალი ცხელება, რომელიც არ ემორჩილება
სიცხის დამწევ საშუალებებს. ასევე, საყურადღებოა ცხელებებს შორის ინტერვალის შემცირება, რა დროსაც ტემპერატურა სიცხის დამწევ საშუალებებს ემორჩილება, მაგრამ შემდეგი ცხელება ძალიან მალე აღენიშნება. სუნთქვის გაძნელებაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნიშანია. თუ ადამიანს სატურაციის გაზომვა შეუძლია და მშვიდი სუნთქვის დროს გაზომილზე მაჩვენებელი 93-ზე დაბალია, ესეც საყურადღებოა. გარდა ამისა, ყურადღება უნდა მივაქციოთ გულ-მკერდის არეში უეცრად განვითარებულ ტკივილსა და დისკომფორტს.

- ახალგაზრდებში ყველაზე ხშირად რა შემთხვევაში რთულდება დაავადება?

- ძირითადად, დაავადება უფრო ხშირად ისეთ ახალგაზრდებში რთულდება, რომლებსაც გარკვეული თანმხლები დაავადებები, ჭარბი წონა აქვთ. მნიშვნელოვანი ფაქტორია ისიც, რომ მთელ მსოფლიოში ახალგაზრდა მოსახლეობა შედარებით ნაკლებადაა ვაქცინირებული იმიტომ, რომ როდესაც ვაქცინაცია დაიწყო, სამიზნე ჯგუფები განისაზღვრა. პირველი კი ამ ჯგუფებში ასაკოვანი და მძიმე თანმხლები დაავადებების მქონე ადამიანები იყვნენ.

- მკურნალობის თვალსაზრისით ამ შტამის დროს რაიმე შეიცვალა?

- მკურნალობა ძირითადად სიმპტომურად მიმდინარეობს. წელიწად-ნახევრის განმავლობაში შეძენილი ცოდნით, სტანდარტულ თერაპიაში არის სხვა დამხმარე მედიკამენტებიც, როგორებიცაა ანტიკოაგულანტები, ჰორმონოთერაპია და სხვა.

- ერთი ან ორი დოზით ვაქცინირებული პაციენტები როდესაც კლინიკაში ხვდებიან, როგორ მიმდინარეობს მათში დაავადება?

- ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკულ ცენტრში გავაკეთეთ კვლევა, რომლის შედეგებსაც ვამუშავებთ და ჯერჯერობით არ გამოგვიქვეყნებია. გამოვიკვლიეთ, რამდენ ხანში გამომუშავდებოდა ანტისხეულები კოვიდგადატანილ პაციენტებში ან მათში, ვისაც ვირუსი არ გადაუტანიათ, მაგრამ იყვნენ ვაქცინირებულნი. ჩვენი დაკვირვებით და წინასწარი შედეგებით, პირველი აცრიდან თვეზე მეტი დროის განმავლობაში ანტისხეულების ძალიან დაბალი ტიტრი იყო. ადამიანი მეორე ვაქცინიდან ორი კვირის შემდეგ ითვლება სრულად ვაქცინირებულად იმიტომ, რომ, საშუალოდ, ეს დრო სჭირდება იმუნურ სისტემას, რომ ანტისხეულები გამოიმუშაოს. შესაბამისად, პირველი ვაქცინის შემდეგ ბევრი პაციენტი ინფიცირდება და ორჯერ ვაქცინირებულებში მაჩვენებელი შედარებით ნაკლებია. ეს სიმძიმეზეც აისახება და შესამჩნევად მარტივად მიდის მათთან დაავადება.

- სრულად ვაქცინირებულ ადამიანებში რა შემთხვევაში მიმდინარეობს დაავადება მძიმედ?

- ვიცით, რომ არსებობს სხვა დაავადებები, რომლებიც იმუნოსუპრესიულ მდგომარეობაში ამყოფებს ადამიანებს. ორჯერ ვაქცინირებული პირებიც შეიძლება იყვნენ არაიმუნური ვირუსის მიმართ იმიტომ, რომ მათი იმუნური სისტემა ანტისხეულების საწარმოებლად არ არის ისე მზად, როგორც ჯანმრთელი ადამიანის შემთხვევაში.

- დელტა შტამის გადატანის შემთხვევაშიც რჩება პოსტკოვიდური სიმდრომი?

- ძირითადად, პაციენტს რჩება სისუსტე და ადვილად დაღლა. არის ნევროლოგიური გართულებები, დეპრესიისკენ მიდრეკილება, შფოთვითი აშლილობები და სხვა. ამ მიმართულებითაც ვაწარმოებთ კვლევას და შედეგები, სავარაუდოდ, წლის ბოლოსთვის გვექნება.

- ბავშვებშიც ბევრი შემთხვევაა, რა უნდა გაითვალისწინონ მშობლებმა?

- ზოგადად, ქვეყნის მასშტაბით ძალიან ბევრი შემთხვევაა და არ არის გასაკვირი, რომ ბავშვებშიც მოიმატა ინფიცირების მაჩვენებელმა. შედარებით უფრო მსუბუქად მიმდინარეობს, მაგრამ, რა თქმა უნდა, დიდი რაოდენობის პაციენტებში მძიმე მიმდინარეობაც გამოჩნდა. სამწუხაროდ, ვირუსის ეს ვარიანტი უფრო აგრესიული მიმდინარეობით ხასიათდება. დელტა შტამი ბევრად უფრო გადამდებია, სხვა შტამებთან შედარებით და ერთი ადამიანისგან ბევრად უფრო მეტი ინფიცირდება ახლა, ვიდრე ეს შარშან ამ დროს ხდებოდა. გარდა ამისა, როცა ამდენი პაციენტია, გადატვირთულია სისტემები და მათი მოვლა-პატრონობაც რთულდება. ამიტომ, ყველას მინდა ვთხოვო, რომ დაიცვან ყველა ის წესი, რაც მოწოდებულია და გაუფრთხილდნენ საკუთარ და სხვების ჯანმრთელობას.

ექიმი-ინფექციონისტი ალექსანდრე გოგინავა გვიყვება, როგორ შეიცვალა ე.წ. დელტა შტამის დროს ავადობის მიმდინარეობა:

- ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროპაში ჩატარდა კვლევები, რომლის მიხედვითაც, ე.წ. დელტა ვარიანტის დროს მინიმუმ 2-ჯერაა ჰოსპიტალიზაცია გაზრდილი. რაც იმას ნიშნავს, რომ თუ აქამდე არსებული შტამებით გამოწვეული კოვიდინფექციის დროს ადამიანების გარკვეული რაოდენობა ხვდებოდა ჰოსპიტალში, ახლა ორჯერ მეტია მაჩვენებელი. ეს უკვე იმის მანიშნებელია, რომ დაავადების მიმდინარეობა და სიმძიმე შეცვლილია და უფრო აგრესიულია. ჩვენი ქვეყნის მაგალითზე ზუსტი მონაცემის თქმა გამიჭირდება, თუმცა, ჩემი, როგორც ექიმის გამოცდილებით, რომელსაც ფართო შეხება აქვს ჰოსპიტალურ სექტორთან და ექიმებთან, შემიძლია გითხრათ, რომ დელტა ვარიანტის დროს მიმდინარეობის სიმძიმე მეტადაა გამოხატული, ვიდრე წინა შტამების დროს იყო. თუმცა, ეს არ არის საგანგაშოდ მომატებული. რაც შეეხება სიმპტომებს, ყველაზე მეტად განმასხვავებელი სიმპტომი, რაც აქვს ვირუსის ამ ვარიანტს, ეს არის ცხვირიდან გამონადენი, რესპირაციული ვირუსისთვის დამახასიათებელი უეცარი დასაწყისი. თუ სხვა ვარიანტების დროს შეიძლებოდა ვირუსი დუნედ დაწყებულიყო, არ ყოფილიყო გამოხატული ძლიერი ყელის ტკივილი, ხველა, ცხვირიდან გამონადენი, წვა ცხვირის არეში და სხვა, დელტა ვარიანტი თავიდან ასე იწყება და რამდენიმე დღის შემდეგ შეიძლება წამოვიდეს მაღალი ცხელება. გვყავს პაციენტები, რომლებსაც 2 კვირაზე მეტი დროით გაუხანგრძლივდათ მაღალი ტემპერატურა. ბავშვებში შესაძლოა ვირუსი ნაწლავების დისფუნქციით დაიწყოს, გამოხატული იყოს დიარეა, ამიტომ ეს სიმპტომები არ უნდა გამოგვეპაროს.

- კლინიკაში რა შემთხვევაში უნდა მოხვდეს ადამიანი?

- ძალიან აქტუალური თემაა და მინდა, კიდევ ერთხელ, თქვენთანაც დავაფიქსირო ჩემი აზრი: დღეს, როცა ამდენი შემთხვევა ფიქსირდება, მნიშვნელოვანია, რომ საავადმყოფოებში მიზნობრივად მოხვდნენ პაციენტები. ეს ადამიანები არიან ისინი, ვისაც აქვს სუნთქვის გაძნელება, ქოშინი, უჭირთ ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა, დისკომფორტი აღენიშნებათ გულ-მკერდის არეში. თუ შეგვიძლია სატურაციის გაზომვა და მონაცემი არის დაბალი ან კლების ტენდენციაა, ასევე, თუ ადამიანს აქვს ცხელება, რომელიც არ ემორჩილება სიცხის დამწევ საშუალებებს, თუ პაციენტს აქვს ძლიერი სისუსტე, უჭირს გადაადგილება, ვერ იღებს საკვებს ან გამოხატულია ძილიანობა, რაც განსაკუთრებით საყურადღებო ბავშვებში, მნიშვნელოვანია სპეციალისტთან გავიაროთ კონსულტაცია. ასევე, თუ ადამიანს აქვს რაიმე ქრონიკული ან ფონური დაავადება, რომლის მართვა ბინაზე შეუძლებელია - ასეთი სიმპტომების მქონე პაციენტები აუცილებლად უნდა გადავიდნენ სტაციონარში.

- ნებისმიერი ადამიანის სიცოცხლე არის ძალიან ღირებული, მაგრამ საზოგადოება განსაკუთრებით მტკივნეულად აღიქვამს ფაქტებს, როდესაც კორონავირუსით ახალგაზრდები იღუპებიან. ძირითადად, რა ხდება ხოლმე ახალგაზრდებში ვირუსის გართულების ან გარდაცვალების წინაპირობა?

- პირველ რიგში, ვიტყვი, რომ ძალიან ცუდია, როდესაც ვირუსს ადამიანების სიცოცხლე ეწირება, განსაკუთრებით დამთრგუნველია, როცა ეს ახალგაზრდებში ხდება. ზუსტი ციფრის დასახელება არ შემიძლია, მაგრამ, მინდა გითხრათ, რომ წინა ტალღებთან შედარებით, მონაცემი გაზრდილია და სამწუხაროდ, ვკარგავთ ახალგაზრდებს. რა განაპირობებს ამ ყველაფერს, ბოლომდე პასუხის გაცემა რთულია, წინა შტამებისგან განსხვავებით, დელტა ვარიანტის დროს ახალგაზრდებშიც შეიძლება წავიდეს დაავადება აგრესიულად. ყველაზე მეტად რთულდება ფილტვების ანთება. დაზიანების ხარისხი ხანდახან ძალიან მაღალია. იმდენად მაღალი, რომ ადამიანები ჟანგბადის მიწოდებას საჭიროებენ. პირველ რიგში, სასუნთქი სისტემისა და ფილტვების დაზიანებაა გამოხატული. შემდეგ შეიძლება იყოს სისხლძარღვოვანი დაზიანებები. ფილტვების მაღალი ხარისხის დაზიანების შემდეგ ვითარდება სხვადასხვა ორგანოსა და ორგანოთა სისტემის დისფუნქცია, რასაც სიკვდილამდე მივყავართ. ამიტომ, სიკვდილის განმაპირობებელი ძირითადი ნიშანი ახალგაზრდებშიც ფილტვების მაღალი ხარისხის დაზიანებაა, რომელსაც შემდეგ ბევრი სხვა პრობლემა მოჰყვება. სამწუხაროდ, ე.წ. დელტა ვარიანტის დროს ბევრ ჯანმრთელ ახალგაზრდასთან წავიდა დაავადება მძიმედ, მაგრამ პროცენტული განსხვავება ჩანს. მაინც უფრო იმ ახალგაზრდებში მიდის აგრესიულად, ვისაც რაიმე ფონური დაავადება აქვს. სიმსუქნე ერთ-ერთი რისკფაქტორია, ასევე თუ აქვთ ასთმა, დიაბეტი ან სხვა ქრონიკული დაავადება. თუმცა, როგორც აღვნიშნე, სამწუხაროდ, გვყოლია ახალგაზრდა, ჯანმრთელი ადამიანები, რომლებსაც ფონური დაავადება არ ჰქონიათ და მაინც მძიმედ წავიდა კორონავირუსული ინფექცია.

- ერთი ან ორი დოზით აცრილი ადამიანები როდესაც მოდიან თქვენთან, როგორ მიმდინარეობს მათში დაავადება და სრულად აცრილ ადამიანებში რა შემთხვევაში შეიძლება გართულდეს მდგომარეობა?

- ვაქცინა საკმაოდ დიდ პროცენტში იცავს ადამიანებს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. პრაქტიკული გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ საავადმყოფოებში, განსაკუთრებით, რეანიმაციებში, ინტენსიური თერაპიის განყოფილებებში იშვიათად ხვდება ორჯერადად ვაქცინირებული ადამიანი. სამწუხაროდ, პირიქითაცაა ხოლმე, მაგრამ ეს არის ერთეული შემთხვევები. ხშირად აღმინიშნავს, თუ არავავაქცინირებულთან ფილტვის 15-20-ქულიანი დაზიანებაა, ვაქცინირებულთან ბევრად ნაკლებია. ვაქცინა გვიცავს დაავადების მძიმე მიმდინარეობისგან. რა თქმა უნდა, ერთჯერადად ვაქცინირებულ ადამიანებში არის ხოლმე ვირუსის აგრესიულად მიმდინარეობა, მაგრამ პროცენტულად მათთანაც ბევრად შემცირებულია. ორჯერადად ვაქცინირებულებში რეანიმაციაში მოხვედრის ერთეული შემთხვევაა და მათაც ფონური დაავადებები ან კიდევ სხვა რისკფაქტორი აქვთ. თუ მოვახერხებთ და მოსახლეობის დიდ ნაწილს ვაქცინაციას ჩავუტარებთ, ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილიანობის მაჩვენებელს საგრძნობლად შევამცირებთ.

- პოსტკოვიდური სინდრომი დელტა ვარიანტის დროს განსხვავებული სიმპტომებით ხასიათდება?

- არა. რადგან დელტა ვარიანტის დროს უფრო მეტი მძიმე შემთხვევაა, შედარებით ხშირად გვხვდება ხოლმე კოვიდის შემდგომი გართულებები. მიმდინარეობით მსგავსია იმის, რაც წინა შტამების დროს იყო.

- ორსულებსა და ბავშვებზეც მინდა გკითხოთ, რა უნდა გაითვალისწინონ მათ?

- თითქმის მთელმა ცივილიზებულმა სამყარომ აღიარა, რომ კორონავირუსისგან დაცვის ყველაზე მნიშვნელოვანი საშუალება ორსულებში ვაქცინაციაა. ამიტომ, მინდა ვთხოვო ორსულებს, მათი ოჯახის წევრებს, რომ, ექიმის კონსულტაციის შემდეგ, ვაქცინაცია ჩაიტარონ. ჩვენთანაც ბევრი ტრაგიკული ფაქტი მოხდა და ზოგადად, მსოფლიოშიც აღმოჩნდა, რომ დელტა ვარიანტი ორსულებში ხშირ შემთხვევაში მძიმედ და საყურადღებოდ მიმდინარეობს. მკურნალობის დროსაც შეზღუდულები ვართ, იმიტომ, რომ ორსულების შემთხვევაში ყველა მედიკამენტს ვერ გამოვიყენებთ, ამიტომ იმისთვის, რომ თავიდან ავირიდოთ ეს ყველაფერი, ვაქცინაცია უნდა ჩაიტარონ. რაც შეეხება ბავშვებს, მოგეხსენებათ, საქართველოს კანონმდებლობით, 16 წლის ზემოთაა ვაქცინაცია შესაძლებელი. მიმდინარეობს განხილვა, რომ ეს ასაკი 12 წლამდე შემცირდეს. მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ბავშვების ვაქცინაცია აქტიურად მიმდინარეობს და ვთვლი, რომ საქართველოშიც უნდა განვიხილოთ. ახლოვდება სასწავლო წელი, პირველ ეტაპზე ონლაინ იქნება, მაგრამ დისტანციურად სწავლება მუდმივად ვერ გაგრძელდება. თუ ბავშვები არავაქცინირებულები იქნებიან, რისკები გვექნება, რომ სკოლიდან წამოვიდეს ეპიდაფეთქება. ამიტომ, მნიშვნელოვანია, 12 წლიდან დაიწყოს ვაქცინაცია. გარდა ამისა, მშობლები უნდა იყვნენ ვაქცინირებულები, რათა ბავშვები დავიცვათ. ვასწავლოთ პატარებს ჰიგიენური ნორმების დაცვა და ჩვენც შევასრულოთ ყველა რეკომენდაცია.

თამარ იაკობაშვილი

2832
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (1)
zaza
1
მოაშორეთ დაინფიცირებული პცრ ჩხირები და აღარ იქნება გარდაცვალებები!!!
19:38 / 02-09-2021
მსგავსი სიახლეები