ტკივილები და ჩივილები ბავშვებში, რომლებიც შეიძლება მხოლოდ სტრესით იყოს გამოწვეული - ნევროლოგის რჩევები
ტკივილები და ჩივილები ბავშვებში, რომლებიც შეიძლება მხოლოდ სტრესით იყოს გამოწვეული - ნევროლოგის რჩევები

კორონავირუსმა მსოფლიოში უამრავი პრობლემა შექმნა. გარდა იმისა, რომ გამოიწვია დიდი ადამიანური მსხვერპლი, მთლიანად შეცვალა ოჯახების დღის წესრიგი. იზოლაცია და სოციალური ურთიერთობების შეზღუდვა განსაკუთრებით მტკივნეული ბავშვებისთვის და მოზარდებისთვის აღმოჩნდა, რამაც, თავის მხრივ, უამრავი ნევროლოგიური გართულება გამოიწვია. ნევროლოგიისა და ნეიროფსიქოლოგიის ინსტიტუტის ბავშვთა ნევროლოგი, თამარ ედიბერიძე გვესაუბრება პანდემიის პირობებში, რამდენად გაზრდილია მშობელთა მხრიდან მომართვიანობა და ძირითადად, რა პრობლემები აწუხებთ ბავშვებს:

- მომართვიანობა გაზრდილია, თუმცა პანდემიასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა პაციენტების გარკვეული გადაჯგუფება განაპირობა. მშობლები, ერთი მხრივ, სრულიად ლოგიკურად ერიდებიან ბავშვების კლინიკაში მოყვანას და ვიზიტების მაქსიმალურად
გადავადება ხდება, თუ საქმე არ გვაქვს მწვავე და გადაუდებელ შემთხვევასთან. მეორე მხრივ, მოიმატა სპეციფიური ტიპის ჩივილებმა და პირველ რიგში, ესაა შფოთვა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა ტიპის ჩივილი, რაც დროულად და სწორად რეაგირებას საჭიროებს. არა მხოლოდ მიმდინარე, არამედ სხვა პანდემიების გამოცდილებამაც აჩვენა, რომ შფოთვა არის ერთ-ერთი ყველაზე ხშირი სიმპტომი, რომლის სიხშირეც რამდენჯერმე იზრდება პანდემიის მიმდინარეობის და შემდგომ პერიოდში. მოზრდილები უფრო ადვილად ვახერხებთ შფოთვის სიმპტომების იდენტიფიცირებას და სახელდებას, მაშინ როდესაც ბავშვებში და განსაკუთრებით ადრეულ ასაკში, როგორც წესი, არასპეციფიური და სომატური ნიშნებით ხდება მისი გამოვლენა. ასეთია მაგალითად: თავისა და მუცლის ტკივილი, ძილის დარღვევა (უძილობა, ან პირიქით ჭარბი ძილიანობა), კვებითი ჩვევების შეცვლა (უმადობა, ან პირიქით, გაძლიერებული მადა, ან კვებითი
პრიორიტეტების შეცვლა, შერჩევით, ერთფეროვან კვებაზე გადასვლა), ასევე, ქცევის მართვის სირთულეები, ყურადღების დეფიციტი და იმპულსურობა. ჩივილების უმეტესობა, საბედნიეროდ, არაორგანული ტიპისაა და ადრეულ ეტაპზე სრულიად შექცევადი, თუმცა ვხვდებით შედარებით საყურადღებო შემთხვევებსაც, როგორიცაა მაგ. დეპრესია. მისგან დაცული, სამწუხაროდ, არც ერთი ასაკობრივი ჯგუფი არ არის, თუმცა განსაკუთრებით საყურადღებო არიან თინეიჯერები. საგულისხმოა, რომ ბავშვების ჯანსაღი ფსიქიკის უზრუნველყოფისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია მშობლებისა და ოჯახის წევრების ემოციური სტაბილურობა და იმედიანი განწყობა, რაც მნიშვნელოვნად შეარყია პანდემიამ და მასთან დაკავშირებულმა რეგულაციებმა.

- რა პრობლემები შექმნა ონლაინსწავლებამ, სახლში დიდი დროის გატარებამ, ციფრული ტექნოლოგიების უფრო ხანგრძლივი დროით მოხმარებამ?

- ონლაინ გაკვეთილზე ბავშვიც და პედაგოგიც უფრო დაძაბულია, მონდომება და ყურადღების გამოჩენა ამ დროს გულისხმობს ეკრანზე ერთ კონკრეტულ ფანჯარაზე ხანგრძლივად ფოკუსირებას, რაც არ ხდება საკლასო ოთახში. იქ მეტი სივრცეა, თვალები, კუნთები უფრო დიდ დიაპაზონზე მოძრაობს, უფრო ბუნებრივი ხმებითაა დატვირთული გარემო, აკუსტიკაც სხვანაირია, რაც გაცილებით კომფორტულია ორგანიზმისთვის. ხშირად ამას ემატება პრობლემებიც ყურსასმენებთან ან ინტერნეტთან დაკავშირებით, სხვადასხვა ტიპის ტექნიკური ხმაური, რაც ყურადღებას უფანტავს მოსწავლესაც და პედაგოგსაც. მაღალი პასუხისმგებლობის მქონე მოსწავლეს ამ დროს ერთიორად ემატება შფოთვა და სტრესი. ნაკლებად პასუხისმგებლიანი მოსწავლე, პირიქით, ეჩვევა ყალთაბანდობას, დამატებით „ობიექტურ“ მიზეზებს პოულობს, რომ გაამართლოს არასრულად შესრულებული დავალება. როდესაც ამას სისტემატური სახე ეძლევა, ეს ყველაფერი გადადის ჩვევაში და შემდეგ რთულია მასთან ბრძოლა.

წმინდა სამედიცინო თვალსაზრისით, ექიმები ამ დროს ვშფოთავთ მხედველობასა და საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მდგომარეობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. დახურული სივრცეში ჭარბი დროის გატარება კიდევ უფრო ამცირებს მზის ექსპოზიციას, რაც აღრმავებს D ვიტამინის დეფიციტს. შეზღუდული ფიზიკური აქტივობა და გაჯეტების ლურჯი ნათება - ძილის დარღვევის მიზეზი ხდება. კვებითი ჩვევებისა და პრიორიტეტების ცვლილება წონაში მატებით და კუჭ-ნაწლავის ტრაქტის სხვადასხვა ტიპის პათოლოგიებით „გვაჯილდოვებს“.

ზოგადად შვილების ონლაინ სწავლებამ და მშობლების დისტანციურმა მუშაობამ დაგვაყენა ძალიან საინტერესო პარადოქსის წინაშე. ადამიანებს, ვინც დაძაბული და დატვირთული ცხოვრების წესის გამო მანამდე მუდმივად უჩიოდნენ ოჯახის წევრებთან გატარებული დროის სიმცირეს და მონატრებას, რეალურად გაუჭირდათ დიდი დროის ერთად და კომფორტულად გატარება. თუმცა ეს ლოგიკურიც იყო. ონლაინ სწავლებაც და დისტანციური მუშაობაც საჭიროებდა გარკვეულ სივრცეს, დროს, პარალელურ რეჟიმში ერთსა და იმავე გაჯეტის გამოყენებას, სახლის გარემოს სრულიად განსხვავებულად ორგანიზებას, რისთვისაც არავინ იყო მზად და არ არსებობდა ამის გამოცდილებაც. ამან შექმნა კონფლიქტური სიტუაციები და გააუარესა შესრულებული სამუშაოს ხარისხი. ბევრმა კვლევამ ოჯახური ძალადობის სიხშირის მატებაც დაადასტურა. ბავშვებს მოუწიათ შეგუება, რომ მშობელი სახლშია, მის გვერდით, მაგრამ მასთან კომუნიკაცია არ შეიძლება. უფრო მეტიც, ამის გამო მარტოც ვეღარ გაერთობა ძველებურად ხმაურიანად. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფზე ეს სხვადასხვაგვარად აისახა. სასკოლო ასაკის ბავშვებისთვის, ვისაც საკუთარი გაკვეთილების ცხრილი ჰქონდათ და შესაბამისად, ვალდებულებები, უფრო ადვილი იყო ახსნა, რომ მშობელიც, მიუხედავად იმისა, რომ სახლშია, მაინც „სამსახურშია და მუშაობს“ - შესაბამისად ვერ იქნება შვილისთვის წვდომადი ემოციურად ან ფიზიკურად. უმცროსი ასაკის ბავშვებისთვის, ვინც ვერ წავიდა ბაღში და სიხარულით შეხვდა იმას, რომ დედა და მამაც სახლშია, სრულიად გაუგებარი აღმოჩნდა, რატომ ვერ ეთამაშება მშობელი, რატომ გახდა ჩვეულებრივზე უფრო „ბრაზიანი“, როდესაც იხმაურა და რატომ უთხრა უარი თამაშზე, რასაც ადრე თავადვე ეხვეწებოდა.

- მშობლებმა რა უნდა გააკეთონ, რომ ეს ზიანი შეამცირონ? - რამდენიმე რჩევა მიეცით.

- ნებისმიერი სამუშაოსგან მიღებულ სტრესს ამცირებს ორგანიზებულობა და თანმიმდევრულობა. ვინაიდან ონლაინ სწავლება ჯერ კიდევ არ არის სრულად მოხსნილი დღის წესრიგიდან, მოდი გავითვალისწინოთ უკვე დაშვებული შეცდომებიც და წარმატებული მაგალითებიც, რათა შევამციროთ სტრესი და ზიანი:

  1. ჩამოწერეთ ოჯახის ყველა წევრის ვალდებულებები საათების მიხედვით და გაწერეთ, მაგალითად, ვინ როდის და რომელ მაგიდასთან, თუ გაჯეტთან იმუშავებს. იგულისხმება ბავშვების ცხრილიც და მშობლების სამუშაო შეხვედრებიც. წინასწარ გაწერა ეხება იმასაც, თუ ვინ ან რითი გავართობთ ამ დროს ოჯახის ძალიან პატარა წევრებს, რომლებსაც განსაკუთრებული სურვილი უჩნდებათ ხოლმე, რომ სწორედ ამ დროს შემოიჭრან ჩვენს სამუშაო სივრცეში. ოჯახის პატარა წევრებისთვის და არა მარტო მათთვის, სასარგებლოა ხოლმე გარკვეული მინიშნებების სისტემის შემუშავება, რომელიც უთქმელად მიუთითებს რომ გაკვეთილი, ან ონლაინ ჩართვა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და ხმაური არ შეიძლება. ეს შეიძლება იყოს მაგალითად წითელი ფერის ლენტი კარებზე, კონკრეტული სუფრა მაგიდაზე, რაც მიანიშნებს პატარას, რომ ამ დროს მშობელი, ან უფროსი დაიკო, ძამიკო მუშაობს და მაგიდაზე ნივთების ხელის ხლება არ შეიძლება. თუ სუფრა ავიღეთ, ან ნაჭერი მოვხსენით, უკვე შეგვიძლია თავისუფლად ვიგრძნოთ თავი და გავთამამდეთ.
  2. ბავშვის სამუშაო გარემო უნდა იყოს მაქსიმალურად კომფორტული მისი საყრდენ-მამოძრავებელი სისტემისა და თვალებისათვის. პირველ რიგში იგულისხმება სკამისა და მაგიდის შესაბამისობა მის ფიზიკურ პარამეტრებთან. ეკრანი მყარად უნდა იყოს ფიქსირებული და ასევე არ ირეკლავდეს დამატებით სინათლეს. შეძლებისამებრ, ეს უნდა იყოს კომპიუტერის ფართო მონიტორი და არა პლანშეტი ან ტელეფონი. სამუშაო მაგიდა სასურველია იყოს არა კედელთან ყრუდ მიდგმული, არამედ მაგალითად ფანჯრის მოპირდაპირედ, რომ ბავშვს შეეძლოს პერიოდულად მოარიდოს ეკრანს თვალი და გაიხედოს სივრცეში. ცნობილი და მარტივად დასამახსოვრებელი რეკომენდაციაა - ვეცადოთ, რომ ყოველ 20 წუთში 20 წამით მოვარიდოთ მზერა ეკრანს. გახსოვდეთ, თვალი ისვენებს, როდესაც ვუყურებთ შორს სივრცეს, ან დახუჭული გვაქვს. ასევე, ბავშვის სამუშაო გარემოში, მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი დამატებითი ხმაური ან მოძრაობა, რამაც შეიძლება ყურადღება გაუფანტოს და ხელი შეუშალოს მოსმენაში.
  3. ყველა შესაძლო, თუნდაც რამდენიმეწუთიანი პაუზა ამ ვალდებულებების შესრულებისას, ეს იქნება შესვენება გაკვეთილებს, თუ სამუშაო შეხვედრებს შორის, გამოიყენეთ, რომ ადგეთ და გაიაროთ ოთახში, გაიხედეთ ფანჯრიდან, გადით აივანზე, სამზარეულოში და იქ დალიეთ წყალი, წვენი, წაიხემსეთ ხილით ან ბოსტნეულით. მიეცით მაგალითი შვილებს და ისინიც ბუნებრივად მიეჩვევიან იგივე ტიპით შესვენებებს. კარგი არჩევანია ხანმოკლე აერობიკის ტიპის აქტივობები. ჩართეთ ენერგიული მუსიკა და იცეკვეთ შვილებთან ერთად. ცუდი არჩევანია ასეთი შესვენების სოციალურ ქსელში გატარება, ან წახემსება ადგილზევე ცომეულით ან ტკბილეულით.
  4. გადათვალეთ ბავშვის გაჯეტებთან გატარებული დრო დღის მანძილზე და ეცადეთ, გადაფაროთ და გაანეიტრალოთ ფიზიკური აქტივობებით და ღია სივრცეში გატარებული დროით. ყველაზე მკაცრი შეზღუდვების შემთხვევაშიც შესაძლებელია, თუნდაც მცირე ხნით, უსაფრთხოდ გასეირნება. ეფექტს აძლიერებს ფიზიკური თამაშები ეზოში - ბურთი, ბადმინტონი, ველოსიპედი, გორგოლაჭებით გასეირნება და ა.შ.

დაიმახსოვრეთ, ჯანსაღი ცხოვრების წესი, სწორად მუშაობა და დასვენება უფრო ეფექტურად ისწავლება მშობლების მაგალითით, ვიდრე სიტყვიერი დარიგებებით.

- ძილისა და კვების დარღვევები ახლა რამდენად გააქტიურდა?

- რეალურად, რამდენჯერმე მოიმატა ჩივილებმა ძილის დადგომისა თუ შენარჩუნების გაძნელებაზე. უფრო იშვიათია ჭარბძილიანობაზე ჩივილი. მიზეზები ლოგიკურია. ფიზიკური აქტივობის შემცირება და გაჯეტებთან გატარებული დროის ზრდა თავისთავად იძლევა ასეთ შედეგს.

რაც შეეხება კვების დარღვევას, ჩვეულებრივ ვხვდებით ხოლმე კვებითი ჩვევების შეცვლას. შფოთვის ფონზე ადამიანები მიდრეკილი არიან უმადობის, ან პირიქით მადის გაძლიერებისკენ - ამ დროს საკვებთან ერთად თითქოს დარდსაც „ვჭამთ“. იცვლება კვებითი პრიორიტეტებიც - ადამიანები მეტად ეტანებიან ტკბილეულს. საგულისხმოა, რომ ამ ჩივილით უფრო იშვიათად მიდიან ექიმთან. მოგვიანებით სამედიცინო დაწესებულებაში მიმართვა უკავშირდება მაგალითად წონის მატებას, ან არასწორი კვების ფონზე კუჭ-ნაწლავის პათოლოგიების აღმოცენებას თუ გამწვავებას.

- სწავლა ჯერჯერობით კვლავ ონლაინ რეჟიმით ახლდება, რა იქნება თქვენი მთავარი რეკომენდაცია მშობლებისთვის?

- უკვე ვისაუბრეთ, როგორ შევამციროთ ონლაინ და სახლში მუშაობის პოტენციური ზიანი და როგორ გავზარდოთ ეფექტურობა. დამატებით ვიტყოდი, რომ მნიშვნელოვანია კიდევ უფრო მჭიდრო კონტაქტი და კომუნიკაცია ბავშვის პედაგოგებთან, ჩართულობა ბავშვის სასწავლო პროცესში, თუმცა ეს არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, უშუალოდ გაკვეთილის პროცესში ჩართვას, „კარნახს“, ან მის ნაცვლად დავალების შესრულებას. კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ გავითვალისწინოთ ჩვენი შვილის ინდივიდუალური სუსტი მხარეები და ვეცადოთ ნაკლებად გაეფანტოს გონება გაკვეთილის მსვლელობისას.

ყველანი ვაცნობიერებთ, რომ ონლაინ სწავლება მხოლოდ დროებითი გამოსავალია. ის ვერ იქნება ერთადერთი ფორმა სწავლებისთვის, განსაკუთრებით, როდესაც საბაზისო ტიპის განათლებას ეხება საქმე. ამიტომ, ყველა ჩვენგანის ვალდებულებაა, რომ გამოვიჩინოთ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობა და ზედმიწევნით შევასრულოთ ყველა სამედიცინო რეკომენდაცია, რაც შეამცირებს ვირუსის გავრცელებას და დაასრულებს პანდემიას. ამის შემდეგ ჩვენი შვილებიც უსაფრთხოდ დაუბრუნდებიან საკლასო ოთახებს.

- დღეს საზოგადოებაში ძლიერი შიშია გამეფებული. უფროსების შიში ბავშსაც გადაედება ხოლმე. საერთოდ, რა ზიანის გამოწვევა შეუძლია შიშს, იწვევს თუ არა ის რაიმე დარღვევებს და კონკრეტულად, რას?

- პანდემიას, ზოგადად, ახასიათებს პოსტტრავმული სტრესული აშლილობის კლინიკური სურათის განვითარება. ასეთი გამოცდილება არსებობს უკვე გადავლილი პანდემიებიდან გამომდინარე და მიმდინარე პროცესებიც ამის გარეშე ვერ ჩაივლის. უფრო ადვილად აღსაქმელი რომ იყოს, ეს არის მდგომარეობა, რომელიც ვლინდება, მაგალითად, ომის დროს და ომგამოვლილ საზოგადოებაში, როდესაც ადამიანების ან მათი ოჯახის წევრების სიცოცხლეს რეალური საფრთხე ემუქრება. ასეთ დროს რამდენჯერმე იმატებს შფოთვისა და დეპრესიული მდგომარეობების სიხშირე და ეს მატება ჩვეულებრივ პანდემიის დასრულებიდან კიდევ რამდენიმე წლის მანძილზე შენარჩუნდება ხოლმე. სათანადოდ განწყობილ პირებში რეალურია ფსიქიკური აშლილობების განვითარება ან გამწვავება.

სწორად აღნიშნეთ, რომ ბავშვების ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის, პირველ რიგში, მათი ოჯახის წევრების ფსიქიკური ჯანმრთელობაა მთავარი. სწორედ ამიტომ ბავშვებზე ზრუნვა ვერ იქნება იზოლირებული და რეალურად მშობლებზე ზრუნვით უნდა დავიწყოთ. სტრესისადმი ჩვენს მდგრადობას მნიშვნელოვნად განსაზღვრავს ხვალინდელი დღის იმედი და რთული სიტუაციიდან გამოსავლის ცოდნა, ან გვერდით ისეთი ადამიანი, ვინც სარწმუნოდ დაგეხმარება, გაგამხნევებს, არ მიგატოვებს, ანუ განცდა, რომ მარტო არ ხარ. ხვალინდელი დღის იმედია ფინანსური მდგრადობა, რისთვისაც სტაბილური სამსახურია საჭირო და ასევე პირველადი საჭიროებების ხელმისაწვდომობა. თუ დავაკვირდებით, მიმდინარე პანდემიამ ყველაზე კრიტიკული ბერკეტები შეარყია საზოგადოებაში - სამსახური, შემოსავალი, სერვისების და ადამიანური კონტაქტების ხელმისაწვდომობა.

იმედია, სოციალური პასუხისმგებლობისა და სამედიცინო რეკომენდაციების დაცვით, მალე შევძლებთ ამ რთული პერიოდის გადალახვას. პანდემიამ, პირველ რიგში, ძალიან დიდი ადამიანური ზარალი მოგვაყენა. მშრალი ციფრების მიღმა რეალური ოჯახების სამუდამოდ შეცვლილი ცხოვრებაა. კარგი იქნება თუ ამას გავითვალისწინებთ და არ დავივიწყებთ.

თამარ იაკობაშვილი



1744
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები
ყველაზე კითხვადი