ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" უმნიშვნელოვანეს სიახლეზე საუბრობს და განიხილავს კვლევას, რომლის თანახმადაც კორონავირუსის საწინააღმდეგოდ ეფექტური პრეპარატი შეიქმნა, რომელიც ასევე შედეგიანია დელტა შტამის მიმართაც:
- დაავადების მართვისას ყველაზე დიდი მოლოდინი პრეპარატს უკავშირდებოდა. სწორედ ჩვენი გადაცემიდან შეიტყო მაყურებელმა, რომ მოლნუპირავირი ვირუსის დასამარცხებლად ერთ-ერთი საშუალება შეიძლება გამხდარიყო. პირველი ოქტომბრიდან ეს ინფორმაცია ყველასათვის ხელმისაწვდომია და თქვენც შეგიძლიათ, ადვილად ნახოთ. MERCK ანუ მწარმოებელი კომპანია ადასტურებს თავის ოფიციალურ გვერდზე მონაცემებს, რომელიც სტატისტიკურად კვლევების მეშვეობითაა გამყარებული. 29 დღის შედეგის მიხედვით, დადასტურებულია, რომ თუ პაციენტები იღებდნენ მოლნუპირავირს, გართულების მაჩვენებელი 7,4% მაშინ, როდესაც იმ პირებში, რომლებიც არ იღებდნენ ამ მედიკამენტს, 14,1% გახლდათ გართულებებისა და სიკვდილის მაჩვენებელი. ეს იმას ნიშნავს, რომ რისკი ორჯერ ნაკლებია. უახლოესი დღეების განმავლობაში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყველა საინფორმაციო საშუალება ამაზე ლაპარაკობდა. კიდევ ერთი სასიამოვნო ინფორმაცია მინდა გაგიზიაროთ: მოლნუპირავირის ეფექტურობა დელტა ვირუსის წინააღმდეგ კვლევებით დადასტურდა.
მოლნუპირავირი არ იქნება ერთადერთი პრეპარატი, თუმცა პროგნოზის მიხედვით, სავარაუდოდ, ის იქნება პირველი პრეპარატი, რომელიც მიიღეს უფლებას, აღმოჩნდეს აფთიაქების დახლებზე. მაგრამ, ასევე მუშავდება და თითქმის დასრულების ფაზაშია ის კვლევები, რომელიც მიმდინარე წელს თავის შედეგს გამოიღებს. ეს ეხება Pfizer-ის და Roche-ს პრეპარატებს. მათ ჯერჯერობით სავაჭრო სახელი არ ჰქვიათ და აბრევიატურა აქვთ მინიჭებული. როგორ შეიცვლება მონაცემები, აუცილებლად გაგიზიარებთ.