ექიმი ნუტრიციოლოგი, კვების ეროვნული ცენტრის დირექტორი მარი მალაზონია გადაცემაში "პირადი ექიმი" მოსწავლეთა კვებასა და პანდემიის პირობებში უსაფრთხოების ზომებზე საუბრობს, ასევე აღნიშნავს, რომელი პროდუქტების ნაკლებობას განიცდიან ყველაზე ხშირად ბავშვები:
- ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბავშვმა სკოლაში იკვებოს. დადასტურებულია, რომ 5-6 საათი ბავშვის შიმშილობა უფრო საშიშია, ვიდრე რამდენიმე რიტუალი, რომელიც შეიძლება სკოლაში გაკონტროლდეს. მიეხმარეთ შვილებს სახლში, რომ დაისწავლონ წესები. სკოლებში პედაგოგებს ვთხოვ, რომ სასურველია, კვება იმ საკლასო ოთახში მოხდეს, რომელიც განიავებულია და მოსწავლეები თქვენი მეთვალყურეობის ქვეშ იქნებიან. ორი გაკვეთილის შემდეგ ბავშვებს აუცილებლად სჭირდებათ კვება. თუ თქვენ ბავშვს 5-6 საათი მშიერს დატოვებთ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის რისკები უფრო მაღალია. მშიერი ორგნიზმი შეიძლება კიდევ უფრო დაინფიცირდეს, ვიდრე კარგად გამოკვებილი და უზრუნველყოფილი ორგანიზმი. არ არის საჭირო ყოველდღიურად ერთჯერადი კონტეინერები შეიძინოთ და ამ კონტეინერის ყველა უჯრა შეავსოთ. შეიძლება სულ ერთი პროდუქტი გაატანოთ, რომ წაიხემსოს. ასეთ შემთხვევაში გამოიყენოთ ყველასათვის ხელმისაწვდომი პოლიეთილენის პარკი. პანდემიის პირობებში უნდა გამოვიყენოთ ის საშუალებები, რაც ერთჯერია. იაფია და მოსახმარადაც პრაქტიკულია. გამოიყენეთ ჩვეულებრივი ქაღალდის პარკები, რომელშიც პროდუქტს ჩადებთ და ბავშვი ქაღალდის პარკიანად გადააგდებს. ასევე, გაგახსენებთ ხელთათმანთან დაკავშირებულ საკითხს. ხელთათმანი ჩვენი მეორე კანია. ამიტომ, თუ ისევე არ მოვექცევით, როგორც საკუთარ კანს, მაშინ ხელთათმანი დამატებითი რისკია ინფიცირებისათვის. აღარაფერს ვამბობ მისი გახდისა და გადაგდების დროს დაშვებულ შეცდომებზე. ამიტომ, შესაძლოა გამშვიდებთ, პირბადესთან ერთად ხელთათმანი რომ უკეთია თქვენს შვილს, მაგრამ ეს ასე არ არის. ნუ შევუქმნით დამატებით სტრესს, ისიც ეყოფათ, რომ პირბადე უკეთიათ.
კვლევების მიხედვით დადასტურებულია, რომ სასკოლო ასაკის ბავშვებში, ეს ეხება 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს, 9 ძირითადი პროდუქტის ნაკლებობა. გაგიკვირდებათ ამ პროდუქტების დასახელება, მაგრამ, თავს უფლებას მივცემ და კიდევ ერთხელ ჩამოვთვლი. ესენია: ცილის ნაკლებობა. მშობლებს უნდა გვახსოდეს, რომ ცილის ნაკლებობა საშიშია იმუნიტეტის თვალსაზრისით, ბავშვის ზრდა-განვითარებისთვის, აზროვნების, შემეცნების თვალსაზრისით, ჰორმონული სტატუსის ჩამოსაყალიბებლად და ასე შემდეგ. ასევე, ნახშირწყლები. დადგენილია, რომ ბავშვებს სწორი და კარგი ნახშირწყლების ნაკლებობა აქვთ. შეიძლება ბევრ ნახშირწყალს ფუნთუშის, სხვადასხვა სახის ტკბილეულისა და ნუგბარის სახით იღებდეს, მაგრამ, ძალიან ცოტაა ნედლი ბისტნეულიდან და ხილიდან შეთვისებული ნახშირწყალი. უხეშად დაფქვილი ხორბლისგან დამზადებულ პროდუქტებზე, მარცვლეულსა და ბურღულეულზეა საუბარი. ასევე, აკლით მცენარეული ბოჭკო, რომელიც ნახშირწყლის ერთ-ერთი სახეობაა. აღმოჩნდა, რომ ბავშვები ძალიან ცოტა სასარგებლო ცხიმს იღებენ. სამწუხაროდ, ამაში უფროსებიც ხელს უწყობენ. ყველაზე მეტად, კვლევების მიხედვით, 6-დან 18 წლამდე ასაკის ბავშვებს აკლიათ კალციუმი და რკინა. ეს არის საყოველთაი დეფიციტი და ამის თავიდან ასაცილებლად, რა თქმა უნდა, შეიძლება გამოვიყენოთ რძის ნაწარმი, რკინის შევსება საჭიროა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებით, წითელი ხორცით, პარკოსნებთ, თხილეულითა და ნებისმიერი სხვა პროდუქტით, რომელიც გარკვეული რაოდენობით რკინას შეიცავს.
ყველაზე მეტად ბავშვებს A და C ვიტამინი აკლიათ. ბავშვები, რომლებიც ნაკლებად იღებენ კვერცხს, თევზს, ასევე უნდა ვივარაუდოთ, რომ აქვთ A ვიტამინის, D ვიტამინის ნაკლებობა და კომბინირებული დეფიციტი ცხიმისაც და იმ ვიტამინებისა და მინერალების, რომლებიც დავასახელე.
თუ ბავშვი ხშირად გთხოვთ ტკივილის გასაყუჩებლად წამალს, კრიტიკულად შეაფასეთ და პირდაპირ არ მისცეთ. არის რეკომენდაცია, რომ ბავშვებს სკოლაში ტკივილგამაყუჩებლები არ გაატანოთ. ეს სახიფათოა თქვენი შვილებისთვის და მათი მეგობრებისთვის.