"დერეფანში 10 ბავშვიდან 7 პირბადის გარეშეა... ონლაინ სწავლებაზე გადამყავს ბავშვები" - რას ფიქრობენ მშობლები სასწავლო პროცესში პირბადის გამოყენებაზე
"დერეფანში 10 ბავშვიდან 7 პირბადის გარეშეა... ონლაინ სწავლებაზე გადამყავს ბავშვები" - რას ფიქრობენ მშობლები სასწავლო პროცესში პირბადის გამოყენებაზე


4 ოქტომბრიდან სკოლებში სასწავლო პროცესი დასწრებულ რეჟიმში განახლდა. არსებული რეგულაციების მიხედვით, ნებისმიერი კლასის მოსწავლეს, მასწავლებელსა და სკოლის სხვა თანამშრომელს პირბადე უნდა ეკეთოს. ზოგიერთი მშობელი აპროტესტებს და ამბობს, რომ მთელი დღის განმავლობაში პირბადის ტარება მათი შვილებისთვის საზიანოა. მშობელთა ნაწილი კი თვლის, რომ პანდემიის პირობებში, სხვა არჩევანი არ აქვთ. ვიკითხეთ, პირბადეები ბავშვებს ან მასწავლებლებს ყველა გაკვეთილის განმავლობაში უკეთიათ თუ არა, რა პერიოდულობით იცლიან და ამას თუ აკონტროლებს ვინმე. რამდენიმე კომენტარს გიზიარებთ.
  • ბავშვებს ჩამოეძინებათ და ეს ჭუჭყიანი პირბადეები პირში ექნებათ მთელი დღის განმავლობაში.
    უარესს დამართებთ ამ არასწორი მიდგომით. რაც საჭიროა, ის გააკეთეთ და ნუ გენანებათ გაიღოთ ხარჯები, ბავშვთა დაცვის უზრუნველსაყოფად . იპოვეს მარტივი გზა, 20 თეთრად დაიცვან ბავშვების ჯანმრთელობა...
  • ჩემს შვილს ვატან რამდენიმეს და ყოველ 1 საათში იცვლის, ერთჯერად "პარკში" დებს და მერე სახლში ვაგდებთ სანაგვე ყუთში
  • არა პირბადე, არა აცრა, აბა პანდემიას რით დავამარცხებთ, ხალხო? მშობლებს არც აცრა უნდათ, არც შვილებისთვის პირბადე და დატოვეთ მაშინ ონლაინზე. მხოლოდ მასწავლებლები ვერ გააკონტროლებს ყველაფერს! პანდემიააა.
  • შვედეთში ვცხოვრობ. ჩემი შვილები
    დან ერთი სკოლაში, მეორე ბაღში დადის და არავის არ უკეთია ეგ პირბადე. არც დიდს და არც პატარას. მეც ვმუშაობ, მაგრამ არავის მოუთხოვია.
  • არ ვიცი სხვაგან რა ხდება, მაგრამ საფრანგეთში უკეთიათ, საღამოს 5 საათამდე მიმდინარეობს სწავლა და 5 საათამდე უკეთიათ. ზუსტად ორშაბათიდან მივიღეთ ახალი ინფორმაცია, რომ აღარაა სავალდებულო და 3 დღეა პირბადეების გარეშე დადიან.
  • სკოლაში ორ-ორ პირბადეს ვატანთ. მასწავლებლებლებს უკეთიათ და ყველა აცრილია.
  • ცეკვის გაკვეთილზე რომ პირბადით იქნება ბავშვი, როგორ ფიქრობთ, დაღლის დროს რა დღეში ჩავარდება? ანდა ისე როგორ იქნება, ცოტა ხნით მაინც არ ჩამოიწიოს. თუ შეხვედრაა, იმ წამებშიც შეხვდება. ან ეზოებში რომ თამაშობდნენ, პირბადით იყვნენ ბავშვები? ეს ხომ აბსურდია, უაზრობაა, რაში სჭირდებათ?
  • დატოვეს ბავშვებიც და მასწავლებლებიც ჟანგბადის გარეშე! ნეტა ნიღაბი გვიცავდეს! წესით, ხშირად უნდა იცვლებოდეს . ფორმალური მხარე მისცეს ყველაფერს და უფრო აავადებენ ადამიანებს. პირბადეში დიდხანს სუნთქვა უფრო ასუსტებს ორგანიზს და აი მერე მართლა მოერევა კორონა ადამიანს! ნუ უკრძალავთ ჟანგბადს მოსახლეობას! ფილტვები და ტვინი როგორღა იმუშავებს წესიერად?
  • ვატან შვილს შემცვლელ პირბადეებს და იცვლის. იცით, რა გამკვირვებია ზოგიერთი მშობლის ? აპროტესტებთ ონლაინ სწავლებას, აპროტესტებთ პირბადის კეთებას, ყველა და ყველაფრის პროტესტი არ შეიძლება, ხალხო. პანდემიაა და უპირბადეოდ ბავშვების ერთ დახურულ სივრცეში ყოფნა ყველა სხვა დანარჩენ ბავშვს შეუქმნის რისკს. არჩევანი არავის წაურთმევია თქვენთვის. გინდათ უპირბადეოდ თქვენი შვილის ყოფნა? დარჩით ონლაინ სწავლებაზე .
  • პატარები, დარწმუნებული ვარ, ვერ იცავენ ჰიგიენას. ვერც პირბადეებს გააკონტროლებენ. არც სკოლას არ აქვს რესურსი შეასრულოს ყველა მითითება. 2 დამლაგებელი ჯადოქარი ვერ იქნება.
  • ჩემი შვილი მეორე კლასშია, მთელი საგაკვეთილო პროცესი უკეთია, სამ საათში უმთავრდება და იხსნის. წესით, დამრიგებელი აკონტროლებს, მაგრამ ისიც ადამიანია და რამდენი უნდა გააკეთოს? ამიტომ ყოველდღე ვახსენებ, როგორ ეკეთოს და არ მოიხსნას.
  • ეს მხოლოდ მშობელზე, ბავშვზე ან მასწავლებელზე არ არის დამოკიდებული. ყველამ თანაბრად უნდა შეძლოს სიტუაციის მობილიზება და მართვა. ჩვენი მასწავლებელი დიდ პასუხისმგებლობას გრძნობს და მკაცრად აკონტროლებს ყველაფერს, რითიც ძალიან კმაყოფილი ვარ, არც პირბადეებს იხნიან, არც ერთმანეთში არიან გადაზელილები, ყველას თავისი ნივთი აქვს, რვეულით დაწყებული ცარცით დამთავრებული.
  • დღეს ვიყავი სკოლაში განცხადების დასაწერად, ონლაინ სწავლებაზე გადამყავს ბავშვები. არანაირი დისტანცია არაა დაცული დერეფანში მოთამაშე ბავშვებს შორის. შესასვლელში მყოფი 3 ქალბატონიდან არც ერთს არ ეკეთა პირბადე,10 ერთად მყოფი ბავშვიდან 7 პირბადის გარეშე თამაშობდა. 2 მანდატური 4 სართულს ფიზიკურად ვერ გააკონტროლებს.
  • ვინც ეგ რეგულაცია დააწესაა, პირველი კლასელი ბავშვისთვის უნდა დაესწროს სასწავლო პროცესს და დააკვირდეს, ბავშვი რამდენჯერ ისწორებს პირბადეს იხსნის და მერე იკეთებს ჭუჭყიანი ხელებით ,უფრო მეტი საშიშროებაა დაინფიცირების. ამას არავინ ამბობს და არავის უნდა, რომ დაინახოს და დააკვირდეს.
რამდენიმე დღის წინ აშშ-ში მცხოვრებმა ქართველმა პროდიუსერმა ნანა საჯაიამ თავისი შვილის გამოცდილება გაუზიარა მკითხველს, სადაც ამბობდა:
"პირბადე სავალდებულოა როგორც აცრილი მასწავლებლებისთვის, ასევე სკოლის ასაკის ყველა ბავშვისთვის. ანდრო სკოლის ავტობუსში დილის 8:30 ჯდება და 16:00-საათზე ბრუნდება. პირბადესაც დილის 8:30-დან 16:00-საათამდე ატარებს. ჩანთაში ყოველთვის აქვს გამოსაცვლელი პირბადე. ერთხელ დაგვავიწყდა და სკოლაშივე მისცეს, 2 (ცალ-ცალკე შეფუთული) პირბადე."

პროფესორმა, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ბავშვთა და მოზარდთა მედიცინის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა ყარამან ფაღავამ ჩვენთან საუბრისას განაცხადა:

"პანდემიის პირობებში, ერთ-ერთი ძირითადი და ეფექტური დაცვის საშუალება პირბადეა და ამ მოცემულობაში, სხვა გამოსავალი არ გვაქვს. მაგრამ, ზოგადად, პირბადის გამოყენება გადაჭარბებული დროით არც ისე კარგია. ბავშვს ინფექციისგან იცავს, მაგრამ იმუნიტეტზე ცუდად მოქმედებს. იმუნიტეტმა კარგად რომ იმუშაოს, ბევრ ინფექციას უნდა შეეჭიდოს. ასე ხდება მისი გავარჯიშება და ტონუსში ყოფნა. გარდა ამისა, ვინმემ შეამოწმა, როგორი იყო, პირობითად, იმ ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც პირბადე 10 საათი ეკეთა და როგორი იმის, რომელიც 4 საათი ატარებდა? მსგავსი კვლევა არ არსებობს, მეცნიერული მტკიცებულება არ გვაქვს, ამიტომაც, ყველა სიტყვა მაინც ვარაუდია. შესაბამისად, არავინ იცის, რა გავლენას ახდენს მთელი დღე პირბადის ტარება ბავშვებში. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ პანდემიის პირობებში სხვა გამოსავალი არ გვაქვს. ეს არის თავდაცვის ეფექტური საშუალება და უნდა გამოვიყენოთ. ზოგადად კი მშობლებს მინდა ვუთხრა, მიეცით ბავშვებს შესაძლებლობა, იცხოვრონ აქტიურად, კარგად იკვებონ, გაკაჟდნენ და არ დააკლოთ თბილი სიტყვები და მოფერება. მაშინ, თქვენი შვილები ჯანმრთელები იქნებიან."

რამდენიმე თვის წინ ამავე თემაზე ვესაუბრეთ იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორს, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორს, პედიატრ ივანე ჩხაიძეს და ვკითხეთ, რამდენ ხანს შეიძლება ეკეთოს ბავშვს პირბადე:

" ჩვეულებრივი ქირურგიული პირბადის გამოყენების შემთხვევაში, დროის მკაფიო ლიმიტი არ არსებობს. ყველაზე კარგია ყოველ ორ საათში გამოიცვალოს, თუმცა დასაშვებია მისი ტარების უფრო გახანგრძლივებული, 6 საათიანი პერიოდითაც, საშუალოდ, ოპტიმალურია მისი გამოცვლა ყოველ 4 საათში. თუმცა, არსებობს გარკვეული შეზღუდვებიც, მაგალითად, თუ ამ პერიოდში საკვების მიღება დაგჭირდათ და ნიღაბი მოიხსენით, მაშინ ის აუცილებლად უნდა გამოცვალოთ. 6 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის პირბადის გაკეთება არ არის რეკომენდებული. 6-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის სიტუაციის, გარემოსა და რისკის მიხედვით განისაზღვრება, ხოლო 12 წლის ზემოთ ბავშვები იყენებენ პირბადეს ისე, როგორც უფროსები." - განაცხადა მან.

თამარ იაკობაშვილი

1802
ბეჭდვა
მოგვწერეთ თქვენი შეკითხვები და მოსაზრებები
კომენტარები (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
მსგავსი სიახლეები